[ოთხშაბათის საკითხავი] სად ვითამაშოთ ფეხბურთი?

AutoSharing Option
ფეხბურთის მასობრიობის სიკეთეზე ბევრი თქმულა და დაწერილა. საქართველოში ფეხბურთი ყოველთვის, უფრო სწორად - ამ ბოლო დრომდე, იყო ეროვნული მონაპოვარი. ჩვენთან ფეხბურთი მასობრივზე მასობრივი იყო და ბურთი ყველა ეზოში გორავდა. დღეს კი საქართველოში, ჩვენს ეზოებსა და სტადიონებზე ფეხბურთს თითქმის აღარ თამაშობენ. რა მოხდა რეალურად? ფეხბურთი აღარ გვიყვარს თუ სუბიექტურ-ობიექტური ფაქტორების ერთობლიობამ გვათქმევინა მასზე უარი?..

რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ წერილში პრობლემის მთელი სპექტრის განხილვა წარმოუდგენელია, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ ნაწილობრივ მაინც შევეხოთ იმ დიდ სატკივარს, რომელიც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვნად განაპირობებს
დღევანდელ საქართველოში ფეხბურთის დონეს...

ჩვენ შეგნებულად არ მოვიყვანთ სტატისტიკურ მაჩვენებელს იმის თაობაზე, თუ რამდენი სტადიონი გაპარტახდა, დაინგრა თუ დაანგრიეს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში. ამ "საქმეს" ჩვენ ისეთი მონდომებით ვაკეთებდით, რომ მეტი, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ის კი არა, ასეთი მონდომებით მართლა საქმეები რომ გვეკეთებინა, "გონივრული ეჭვი" მაქვს, დღეს საქართველო ასეთ დღეში არ იქნებოდა...

რა თქმა უნდა, ჩვენი ბავშვები ძველებურად რომ აღარ ეტანებიან ბურთს, ამაში თავისი წვლილი დრო-ჟამის თავისებურებასაც მიუძღვის, მაგრამ კომპიუტერული პროგრესი ჩვენზე ადრე სხვა ქვეყნებმა განიცადეს. შესაბამისად, მხოლოდ ამას ვერ დავაბრალებთ, რომ ჩვენში ფეხბურთისადმი ინტერესმა იკლო.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართულ ფეხბურთში აღარ არის წარმატება და, შესაბამისად, აღარც ცოცხალი მაგალითები არიან ბავშვებისთვის. მე დღემდე ვინახავ "აიაქსის" ფორმას, რომელსაც ARVELADZE აწერია. ის ფორმა ვარჯიშებზე მეცვა და დილის გათენება მხოლოდ იმიტომ მიხაროდა, რომ ვარჯიშზე ეს ფორმა უნდა ჩამეცვა. მე დღემდე ვინახავ გიორგი ქინქლაძის 10-ნომრიან მაისურას, რომელიც მას საქართველოს ნაკრებში ეცვა და რომელიც ჩემთვის ძვირფასი რელიკვიაა.

ჩემს წინა თაობას და კიდევ იმის წინას შესანახ-გასახსენებელი კიდევ მეტი აქვს. და რა უნდა შეინახონ ან რა უნდა გაიხსენონ დღევანდელმა ბავშვებმა? თითქმის არაფერი.

ეს გასაგებია, თუმცა მხოლოდ ერთი წახნაგია პრობლემისა და მთავარს რაც შეეხება, ამასაც მივადექით...

* * *
ზემოთ სტადიონების გაუთავებელი ნგრევა-გაპარტახება ტყუილად როდი ვახსენეთ. ეს პროცესი მანამ დაიწყო, სანამ ფეხბურთის ფედერაცია და მოქმედი ხელისუფლება მოვიდოდა ქვეყნის სათავეში. დაიწყო და, მართალია, არა იმ მასშტაბებით, როგორც ადრე, მაგრამ ის მაინც გრძელდება.

სულ პირველი მაგალითი გავიხსენოთ. ბათუმში უნიკალურ ადგილას მდებარე უნიკალური სტადიონი დაანგრიეს და... მის ადგილას აღარაფერი აშენებულა. დღეს ბათუმის "დინამოს" სტადიონი და სავარჯიშო ბაზა არ აქვს. ძალიან კარგი ახალგაზრდა კადრების ძალიან კარგი მუშაობით გუნდი მოკლე დროში მეორედ ითამაშებს ევროთასებზე, თუმცა შედეგი თუნდაც ჩვენი ქვეყნის გარეთ ხომ უკეთესი იქნებოდა, ბათუმელებს სავარჯიშო და სათამაშო მინდვრები საძებარი რომ არ ჰქონდეთ?!

პირადად ვცხოვრობდი ისანში, ზედ ეგრეთ წოდებული "სკა-ს სტადიონის" წინ. მე ვიცი, რა ხდებოდა იქ თუნდაც ძალიან კარგი "თბილისის" თამაშებისას. მე იქ მინახავს სავსე ტრიბუნები. თამაშის ცქერა საკუთარი აივნიდანაც მშვიდად შემეძლო, მაგრამ აბა, რა გული მომითმენდა, სტადიონზე არ წავსულიყავი.

აი, აქ კი მაგრად უნდა გეჩქარა. თუ დროზე ვერ მოასწრებდი, ადვილი შესაძლებელი იყო, ადგილი ვერ გეპოვა თამაშზე. მერე ეს სტადიონი თითქოს უჩუმრად გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან და მის ადგილას დიდი კორპუსებია წამოჭიმული...

ჩვენ ვამბობთ, რომ ახალი თაობის მხრიდან ფეხბურთისადმი ინტერესმა იკლო. ჩვენ ვამბობთ, რომ ფეხბურთი მასობრივი აღარ არის და ვერ იქნება, სანამ ფეხბურთი ჩვენში კვლავ პრიორიტეტად არ იქცევა. აქ მხოლოდ იმ დიდ თანხას არ ვგულისხმობ, სახელმწიფო ჩვენი ფეხბურთის კომიდან გამოყვანას რომ ახმარს. ხშირად თანხაზე მნიშვნელოვანი - მტკიცე ნებაა.

ახლა კიდევ "დინამოს" ბაზას მიადგნენ. იქ რომ მივდივარ, იმ დიდი ლეგენდების ხათრით, მათი ღვაწლის ხათრით მართლა ფეხის წვერებზე დავდივარ და... მგონი, არ არის იქ კორპუსების ადგილი. ეს იმის მიუხედავად, რომ ჩვენი თბილისი, ქართული სიტყვის ერთ დიდოსტატს რომ დავესესხოთ, თვალსა და ხელშუა კიდევ უფრო იზრდება და დიდქალაქდება...

- "ეს კორპუსი არ ააშენონ და ახალ, კოხტა და თანამედროვე სტადიონს ავაშენებ"

ამას ხედავს ჩვენი მომავალი თაობა. ხედავს და აღარ უნდა ყველასგან მიტოვებული ფეხბურთი. მერე ბავშვს ესმის ათასი ხმა ჩვენს ფეხბურთში არსებული სიბინძურის შესახებ და ურჩევნია, სხვა გზა მონახოს. ადრე საქართველოში ფეხბურთელობა პატივი იყო, დღეს კი ტვირთია...

ფულით ყველაფერს ვერც იყიდი და ვერც შეცვლი. ჯერ მიდგომა უნდა შეიცვალოს.

ერთ ძველ ისტორიას გავიხსენებ: სულ მიკვირდა, ქუჩის ამდენი მინი-მოედანი რად გვინდა-მეთქი. იქ რომ ფეხბურთელი ვერ გაიზრდება, ცხადზე ცხადია. ერთმა ძალიან ჭკვიანმა, საქმეში კარგად ჩახედულმა კაცმა გამარკვია: ეგენი მაგ მოედნებს მაგ რაოდენობით ზედ ქუჩის პირას იმიტომ აშენებდნენ, რომ ხალხს ყოველ წამს დაენახა ფეხბურთის მოთამაშე ბიჭები. ესეც პიარის ერთ-ერთი ხერხი იყოო...

რა თქმა უნდა, დროული და კარგი პიარი ჩვენს რეკლამაზე ორიენტირებულ საუკუნეში ძალიან საჭიროა, მაგრამ ერთი, რომ ზომიერება ყველაფერს სჭირდება, და მეორეც - იმ მინი-მოედნების მიერ მოტანილი სარგებელი მე ვერ ვნახე.

ფაქტია: სწორი მიდგომის შემთხვევაში, ისეთი მიდგომის, როცა ფეხბურთი აღარ იქნება გერის როლში, ის ისევ გახდება მასობრივი.

დღეს კი ჩვენი ბავშვები გვეკითხებიან: სად ვითამაშოთ ფეხბურთი?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოკლედ კობიაშვილის იმედი მქონდა,მაგრამ პარლამენტობაც რომ მოინდომა უკვე მივხვდი,რომ ჩვეულებრივი ფულიანი,ამბიციური მასტია ,როგორც კალაძე სად ფეხბურთი სად ენერგეტიკა...მოკლედ სახეზეა ავტორიტეტის ბოროტად გამოყენება რაც ემსახურება ნაშოვნი ქონების შენარჩუნება გაათმაგებას...ფეხბურთი მხოლოდ გზაა ამ ძალაუფლების სწრაფვისაკენ...
patrioti
22:46 01-02-2017
0
იქნებ კითხოთ ბატონ კობიაშვილს, რუსთავი თუ 3 წელი ვერ თამაშობს უმაღლესში, იგივე რაღაც მოხდა გორში და რის საფუძველზე ათამაშებს უმაღლეს ლიგაში? და ინვესტორის ხათრი თუ აქვს, ზესტაფონის ინვესტორი ინვესტორი არ არის? რა გააკეთეს ჯერ ებრაელებმა თუნდაც მისი მეასედი?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული