მისი რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია 2016 წლის ნოემბერში დაიწყო, დასრულება კი 2017 წლის მაისში იგეგმება. პროექტის ღირებულება 729 ათასი ლარია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, ხოლო სამუშაოებს კომპანია "გილმარი 2" ასრულებს, რომელმაც პროექტის 30 პროცენტი უკვე განახორციელა.
ჩანაფიქრის თანახმად, მარტვილის საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებს 2017 წლის ზაფხულში საშუალება ექნებათ, კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ, ისწავლონ და იცხოვრონ.
ორი აზრი არ
სამუშაოს მიმდინარეობას გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია. პროექტის მიმდინარეობაზე მათ დეტალური ინფორმაცია საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ჯესი სურმავამ გააცნო.
"მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს შორის ეს პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელიც ფეხბურთის ფედერაციასთან, სპორტის სამინისტროსა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ეტაპობრივად, მრავალწლიანი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
საფეხბურთო სკოლა ძველი კოლმეურნეობის შენობის ბაზაზე მოეწყობა. ის 2015 წელს კაპიტალურად გადაიხურა, რისთვისაც 183 ათასი ლარი ადგილობრივმა ბიუჯეტმა გამოჰყო. შემდეგ სხვა სამუშაოები დაიწყო.
პროექტის დასრულების შემდეგ საფეხბურთო სკოლაში იქნება კვების ბლოკი, სავარჯიშო, საცხოვრებელი და საკონფერენციო ოთახები, კეთილმოწყობილი ეზო... ყველაფერი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი იქნება. ბავშვები იდეალურ პირობებში იცხოვრებენ და ივარჯიშებენ. მიმაჩნია, რომ საბოლოოდ ეს ბაზა მარტვილში სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს", - ამბობს ჯესი სურმავა.
პირველ ეტაპზე, მარტვილელები შენობის გვერდით მდებარე ერთი საფეხბურთო მოედნის მოწყობას სფფ-ისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ინფრასტრუქტურული პროექტების ეგიდით გეგმავდნენ. სურმავა განმარტავს:
"ჩანაფიქრი მოულოდნელად შეიცვალა. მარტვილში ჩამოსულმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ გვითხრა, რომ ძალიან ცუდი იქნებოდა, რეკონსტრუქციის დასრულებისთანავე შენობასთან საფეხბურთო მოედანი თუ არ მოეწყობოდა. მან თავის სამსახურებს იქვე დაავალა ამ საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარება, რათა სკოლამ სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყოს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"