ინვესტორებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ! სახელმწიფომ კარლო მჭედლიძის "ოლიმპიკს" მიწა დაუკანონა

AutoSharing Option
ფოტოზე: სტუმრად "ოლიმპიკში"
უახლოეს პერიოდში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება-ხელშეწყობას გეგმავენ. 25 ივლისს კი სტუმრიანობა იყო საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკში". დიღომში მოქმედ ბავშვთა საფეხბურთო სკოლასა და მის დამფუძნებელ კარლო მჭედლიძეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ეწვივნენ და მნიშვნელოვანი ამბით გაახარეს.

მთავრობის დადგენილებით, "ოლიმპიკს" სკოლის ტერიტორია ოფიციალურად დაუმტკიცდა კერძო საკუთრებაში.

შესაძლოა, ეს ბევრს არაფერს გეუბნებათ, თუ შემდეგ ფაქტებს არ გაითვალისწინებთ: ამ სკოლაში ბევრი ცნობილი მოთამაშე ვარჯიშობდა - ლევან მჭედლიძე, კახა
ალადაშვილი, გოგიტა გოგუა, ირაკლი მოდებაძე, ირაკლი სამხარაძე
... სკოლაში ფარმკლუბის ჩამოყალიბებას იტალიური "ემპოლი" აპირებდა, მაგრამ მიწის საკუთრების საკითხი გაურკვეველი იყო და მილიონიანი ინვესტიცია ვერ განხორციელდა.

გარდა ამისა, ეს ერთ-ერთი იშვიათი სკოლაა, რომელსაც 4 სტანდარტული მოედანი აქვს, მათ შორის, სამი - ბალახისსაფარიანი. ასეთი საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელიც აღარ დარჩა - ლამის ყველგან ხელოვნური საფარია. დიდი ხნის განმავლობაში, მჭედლიძე და მისი შვილები სკოლას საკუთარი ჯიბიდან ინახავდნენ და არ ყიდიდნენ ბევრისთვის მადისაღმძვრელ ტერიტორიას, რომელშიც სამშენებლო კომპანიები მილიონებს სთავაზობდნენ.

მჭედლიძემ ამ ცდუნებას გაუძლო და ქართულ ფეხბურთს ეს კერა შეუნარჩუნა. დამეთანხმებით, გაჭირვებულ ქვეყანაში ეს ბევრს ნიშნავს და სასიხარულოა, ხელისუფლებამ ასეთ ადამიანებს საქმისადმი ერთგულება რომ დაუფასა. ხეჩიკაშვილის თქმით, მიწის საკუთრებაში დამტკიცება და ამით სკოლისა და ინვესტორების მხარდაჭერა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემადგენელი ნაწილია.

მომხდარით კობიაშვილიც კმაყოფილია:

"სკოლას ტერიტორია კერძო საკუთრებაში რომ გადაეცა, ეს უდიდესი საქმეა და ამისთვის მადლობა მთავრობას და მინისტრს! აქ საერთაშორისო სტანდარტების აკადემია აშენდება და ქართულ ფეხბურთს შეემატება. ჩვენ კი ყველა საფეხბურთო სკოლას გვერდში დავუდგებით".

სკოლის დირექტორი კარლო მჭედლიძე "ლელოსთან" საინტერესო ჩანაფიქრებს ამხელს:

"საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკი" 1997 წელს დაარსდა. მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება გვსურდა. პარტნიორობა იტალიურმა და გერმანულმა კლუბებმა შემოგვთავაზეს, "ემპოლისთან" კი მუდმივი კონტრაქტი გავაფორმეთ. მაგრამ მიწის საკუთრების გაურკვევლობამ მოლაპარაკებები შეაფერხა.

ახლა ხელ-ფეხი გაგვეხსნა და ინსფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რეალური ხდება. მაგალითად, გვსურს, რომ ოთხ მოედანს კიდევ დავუმატოთ ერთი ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედნები, ტრიბუნები კი ორივე მხარეს ავაშენოთ, რომელიც 2 500 მაყურებელს დაიტევს.

დამეთანხმებით, როცა თამაშს 2000 მაყურებელი ესწრება, ფეხბურთელისთვის გაცილებით სასიამოვნოა პატარა და კოხტა სტადიონებზე თამაში, ვიდრე დიდ არენაზე - იქ ამდენი მაყურებელი არ მივა და საფეხბურთო ატმოსფეროც არ შეიქმნება. ფეხბურთში კი ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენ სწორედ ასეთი ლამაზი არენის წამოჭიმვა გვსურს, ეროვნული ჩემპიონატისა და ასაკობრივი ნაკრებების თამაშებს რომ ვუმასპინძლოთ".

კარლო მჭედლიძე ამბობს, რომ "ოლიმპიკზე" საფეხბურთო ცენტრის ჩამოყალიბება რეალურია:

"დღეს სკოლის არსებობა მხოლოდ ფეხბურთით შეუძლებელია. ამიტომ ბიზნესელემენტებიც უნდა გავითვალისწინოთ. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ სტადიონის გვერდით ადმინისტრაციული და საცხოვრებელი კორპუსი აშენდეს, რომელიც 50-მდე ადამიანს დაიტევს, კვების ბლოკი ექნება და შეკრებაზე ორი გუნდის მიღებას შევძლებთ.

პლუს, ვგეგმავთ სამედიცინო ცენტრისა და ფიტნესდარბაზის მშენებლობას.

ჩვენ მშენებლობის დაწყება ხვალვე გვსურს, მაგრამ საამისოდ პროექტის შედგენა, დამტკიცება და ათასი მხარეა მოსაგვარებელი. ეს არის სკოლის ხვალინდელი დღე და ამ ჩანაფიქრს აუცილებლად განვახორციელებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საერთოდ დიღომში არ გვჭირდება ჩვენ საფეხბურთო კლუბი.
sdfffff
12:56 29-10-2018
2
ეგ სკოლა მარტო კარლო მჭედლიძის არ იყო მამუკა გუგეშაშვილის დაფუძნებული იყო.ვარ გავიგე მამუკა რატომ მოტეხეთ?
შოთა გუგეშაშვილი
15:40 26-07-2016
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული