დიდი დრო გავიდა, მთელი თაობები შეიცვალა საქართველოში, დიდი კატაკლიზმები მოხდა, ერთი ატომური ბომბი არ ჩამოვარდნილა, თორემ ყველა უბედურება დაგვატყდა თავს - შიდა და საგარეო ომები, მუდმივი ეკონომიკური კრიზისი და გაჭირვება... რა გასაკვირია, რომ პერმანენტული სტრესის ქვეშ მყოფ ქვეყანაში ფეხბურთის დონეც საგრძნობლად დაეცა.
ქვეყანამ, რომელიც დამოუკიდებლობას აცხადებდა და ოცნებობდა, ღირსეულად ევლო თავისუფლების გზაზე, ამ პრობლემების გადამკიდე, ფეხბურთისთვის რეალურად ვერ
ვოცნებობდით, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გვეთამაშა და დამოუკიდებლობიდან 27 წლის თავზე ფიფას ბოლო რეიტინგით მსოფლიოს საფეხბურთო ოჯახში 125-ე ადგილზე ვართ, რაც ქართველი გულშემატკივრისთვის დიდი დარტყმაა.
ბევრი ცდილობს, საქმის ისე წარმოჩენას, თითქოს ეს უბედურებები თავს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის გამო დაგვატყდა. მაგრამ პოსტსაბჭოელთა რეიტინგებს რომ გადავხედოთ, ცხადია, გახდება - ორიოდე ქვეყნის გარდა, ფეხბურთი პოსტსაბჭოურ სივრცეში წინ წავიდა. ტაჯიკეთი, თურქმენეთი და მოლდოვა ვარსკვლავებს ისედაც ვერ წყვეტდნენ, საქართველომ კი ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა.
ანუ ამ 27 წელიწადში ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ წინა თაობების შრომა წყალში ჩაგვეყარა.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში თბილისის "დინამო", ისევე, როგორც ამა თუ იმ რესპუბლიკის მთავარი გუნდი, რეალურად, საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენდა. გასაოცარი ისაა, რომ კლუბების ჯამურ სტატისტიკაში "დინამოს" საბჭოეთში მე-4 შედეგი ჰქონდა. ახლაც მე-4 ვართ, ოღონდ... ბოლოდან.
27 წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენზე წინ იქნებოდნენ ის ქვეყნები (უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ყირგიზეთი), რომელთაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გუნდი ხან ჰყავდათ, ხან - არა. მაგრამ ახლა ეს ფაქტია და ამიტომაა, სომხეთის შემდეგ ევროპაში მაყურებელთა დასწრების კლებაში საქართველო რომ ლიდერობს.
ფიფას მიმდინარე რეიტინგი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის
ქვეყანა ქულა
30. უკრაინა 805
61. რუსეთი 592
63. უზბეკეთი 554
72. ბელარუსი 470
82. სომხეთი 422
89. აზერბაიჯანი 388
96. ყაზახეთი 352
109. ლიტვა 324
113. ლატვია 306
119. ესტონეთი 291
124. ყირგიზეთი 265
125. საქართველო 263
133. ტაჯიკეთი 231
144. თურქმენეთი 200
163. მოლდოვა 145.
უეფას ანტირეიტინგში (კლუბების ლიცენზირების შედარებითი ანგარიშიდან) საქართველოს ჩემპიონატი 54 ქვეყანას შორის მხოლოდ მეოთხეა (ირლანდიას, ბელარუსსა და ყაზახეთს შორის) 2015 წლის მონაცემების მიხედვით, სადაც ეროვნული პირველობის მატჩების ტელეტრანსლაციიდან შემოსავალი ნულის ტოლია.
ჩვენი საკლუბო მარკეტინგის დონე ქვის ხანისას ოდნავ თუ აღემატება და ლოგიკურია, რომ ევროპული კლუბების ასოციაციის შეხვედრებიდან ჩამოსული ჩვენი წარმომადგენლებისგან გვესმის, რომ იქ მხოლოდ ერთ მოთხოვნას აყენებენ - უეფამ ევროტურნირებიდან მიღებული დაფინანსება გაუზარდოს! ასეთი "ღრმა" აზროვნების შედეგია, "სხვა შემოსავლების" გრაფაში ქართული კლუბების არსებული თანხების წილი 81 პროცენტს რომ შეადგენს.
ჩვენი ფეხბურთი თავად სახელმწიფოს მდგომარეობასაც ასახავს. მაგალითად, ყაზახეთი ერთადერთია პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის, სადაც ბიუჯეტი დაგეგმილს აჭარბებს. აზერბაიჯანიც ბუნებრივი რესურსებით წამოდგა ფეხზე. ორივემ კი ფეხბურთი ისე განავითარა, რომ ჩემპიონთა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპებსაც გაუსინჯეს გემო (ევროპალიგას გაუშინაურდნენ კიდეც). რეალური პროგრესია ესტონეთსა და ლატვიაში, უზბეკეთი კი აზიის რეგიონის ლიდერებშია. ბალტიისპირელებს ფრენა არ უსწავლიათ, მაგრამ დაღმასვლას მაინც ასცდნენ.
ასე კი იმიტომ მოხდა, რომ ამ ქვეყნებში სწავლობდნენ და ინფრასტრუქტურას აშენებდნენ, საქართველო კი ამ 27 წლის განმავლობაში არათუ არაფერს აკეთებდა, აშენებულსაც კი ანგრევდა და ლამის ყველაფერი გაკეთდა, ჩვენში ფეხბურთი რომ ჩამკვდარიყო. საფეხბურთო სამყარო ხომ სახელმწიფოს მთელი 25 წლის განმავლობაში ეხვეწებოდა ფეხბურთის განვითარების პროგრამის მიღებას. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ქაოსში ჩაფლულს პოზიციების შენარჩუნება გაუჭირდა.
შეცდომა ის იყო, რაც მერე მოხდა, თორემ 27 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დროული, საჭირო და აუცილებელი იყო. იმიტომ, რომ საქართველოს დროშას მსოფლიო სარბიელზე უნდა ეფრიალა.
იმედია, გავა წლები და 15 თებერვლის იდეალები მაინც განხორციელდება, ეს კრიზისი და გულგრილობაც წარსულს ჩაბარდება და ქართული ფეხბურთი ჭაობიდან ამოძვრება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"