ჩვენი იმედის გუნდი - 9 ქართველი ახალგაზრდა, ვისგანაც დიდი ფეხბურთის თამაშს ველით

AutoSharing Option
წლებია, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო შედეგებიდან გამომდინარე, ქართულ ფეხბურთს კარგი დროება არ უდგას და ისღა დაგვრჩენია, მომავლის იმედად ვიყოთ...

საქართველოში ყოველთვის იყვნენ ნიჭიერი ფეხბურთელები. ტალანტების ნაკლებობას არც დღეს ვუჩივით და ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ მათ ეროვნული ნაკრებისთვის წარმატების მოტანა შეუძლიათ. სხვა საქმეა, რამდენად შეძლებენ ნიჭის რეალიზებას.

წარმოგიდგენთ 20 წლამდე ასაკის ცხრა იმედისმომცემ ფეხბურთელს, რომლებისგანაც გულშემატკივრები, სპეციალისტები თუ ჟურნალისტები დიდი ფეხბურთის თამაშს ელიან.

1) გიორგი არაბიძე (18 წლის, დონეცკის "შახტარი");
გიორგი ამჟამად დონეცკის "შახტარის" საკუთრებაა. "შახტარში" გადასვლამდე ის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა თბილისის "ლოკომოტივის"
შემადგენლობაში და მისი თამაში უკრაინელებს არ გამოპარვიათ, რომლებმაც 2015 წლის ოქტომბერში შეიძინეს. მართალია, გიორგი ჯერ დონეცკელთა დუბლებში გამოდის, თუმცა რამდენიმეჯერ პირველ გუნდში თამაშის შანსიც მიეცა. "შახტარში" მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და რა თქმა უნდა, არამხოლოდ იქ - საქართველოშიც.

სასიხარულო ამბავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის გამო არაბიძემ უკრაინის მოქალაქეობის აღებაზე უარი ერთხელ უკვე თქვა. არაბიძე საოცარი ტექნიკით გამოირჩევა და ხშირად მას გიორგი ქინქლაძესაც ადარებენ.

2) ნიკოლოზ ქუთათელაძე (15 წლის, პსჟ);
თუ პროგრესი გააგრძელა, წარმატებული ევროპული კარიერა უნდა ჰქონდეს ნიკოლოზ ქუთათელაძეს. 15 წლის თავდამსხმელმა "პარი სენ-ჟერმენის" 16-წლამდელთა გუნდში უკვე 11 მატჩში 12 გოლი გაიტანა. პსჟ-მდე "ლილში" გატარებული 5 სეზონი იყო, სადაც, საერთო ჯამში, მის ანგარიშზე 117 გოლი დაგროვდა.

ფაქტია, 15 წლის ფორვარდს, გოლის გატანის ბრწყინვალე ალღო აქვს, რისი პრობლემაც ჩვენს თავდამსხმელებში ბოლო დროს განსაკუთრებით მწვავედ დგას.

3) ლუკა გუგეშაშვილი (17 წლის, "იაგელონია");
საქართველოს ეროვნული ნაკრების კარი მომავალში, წესით, სწორედ გუგეშაშვილმა უნდა დაიცვას. 17 წლის მეკარე პოლონური "იაგელონიას" 19-წლამდელთა გუნდშია და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება.

4) ოთარ კიტეიშვილი (20 წლის, თბილისის "დინამო");

თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი რომ აშკარად გამორჩეული და იმედისმომცემია, ამას ისიც ცხადყოფს, რომ იმ ზედიზედ ორჯერ (2015, 2016) საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გავრცელებული ხმებით, კიტეიშვილის შეძენა კიევის "დინამოს" სურდა, მაგრამ მან საქართველოში დარჩენა ამჯობინა.

კიტეიშვილის თამაშით ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც მოიხიბლა და მას თავის გამოჩენის შანსი ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც მისცა. კიტეიშვილმა უზბეკეთთან და იორდანიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩებში ითამაშა და ოთარი ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურებოდა.

5) გიორგი თევზაძე (20 წლის, თბილისის "დინამო");

თბილისის "დინამოს" 20 წლის მარცხენა მცველი იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება. თევზაძის პლუსი სისწრაფეა და მას როგორც დაცვაში, ისე შეტევაშიც შეუძლია გუნდის დახმარება. ამასთან, გიორგის კარგი შორეული დარტყმაც გამოარჩევს.

თუმცა, "დინამოს" მწვრთნელები თევზაძეს აქამდე დიდად არ სწყალობდნენ... ძნელი სათქმელია, კახა კაჭარავა განიხილავს თუ არა მას ძირითადის მოთამაშედ და გამოუცხადებს თუ არა ნდობას, მაგრამ ფაქტია - თევზაძისთვის "დინამოს" სათადარიგოთა სკამზე ჯდომა აღარ შეიძლება!

6) ჯიმი ტაბიძე (20 წლის, "ურალი");

ჯიმი ტაბიძის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში წელს ამხანაგურ მატჩებში უკვე შედგა. ამის შემდეგ მან კლუბიც გამოცვალა და ბელგიური "გენტიდან" იჯარის წესით რუსული პრემიერლიგის გუნდ "ურალში" გადაბარგდა.

ტაბიძეს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რომელიც იმედია, "ურალში" არ მოაკლდება და თამამად შეიძლება თქმა, რომ მისგან საიმედო ცენტრალური მცველი დადგება.

7) გიორგი ხარაიშვილი (20 წლის, "საბურთალო")
ეროვნულ ნაკრებში "საბურთალოს" ფეხბურთელის დებიუტიც წელს შედგა. გიორგი ძალიან ტექნიკურია და 1-2 ფეხბურთელის მოტყუება მისთვის პრობლემა არაა. მას შეტევების გამწვავება ახასიათებს.

გიორგის შეძენა "ვიტესს" სურდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მისი არნემში გადასვლა ჯერ ვერ მოხერხდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მისი კარიერა, თუმცა ასეთი მონაცემების მქონე ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებისთვის რომ საჭირო იქნება, სადაო არაა.

8) გიორგი ბერიძე (19 წლის, "ტრენსინი");

ეს ფორვარდი გულშემატკივარს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებიდან ახსოვს, სადაც კარგად გამოიყურებოდა. შემდეგ მას 21-წლამდელებშიც უხმეს.

"ზესტაფონის" აღზრდილი 2015 წელს "გენტის" 19-წლამდელთა გუნდში გადავიდა, შემდეგ ამავე კლუბის დუბლებში დააწინაურეს. გიორგიმ "გენტის" მთავარ გუნდშიც ითამაშა და გოლიც გაიტანა, მაგრამ სტაბილური სათამაშო პრაქტიკისთვის იჯარის წესით სლოვაკურ "ტრენსინში" გადასვლა ამჯობინა.

9) ლადო მოხევიშვილი (20 წლის, "ალბასეტე");

მოხევიშვილის კარიერა ესპანეთში ვითარდება. ის ჯერ "ლევანტეში" თამაშობდა, შემდეგ "ალბასეტეში" გადავიდა და დღეს ამ გუნდის ღირსებას იცავს.

ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მიიწვია.
მკითხველის კომენტარები / 23 /
არაბიძემ უნდა დახვეწოს უბურთოდ თამაში. ტაქტიკურ აზროვნებაში და გახსნაში ხარვეზები აქვს. ტექნიკა და "აბვოდი" კი, არ დაეწუნება. იმედია, დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
tngh
13:24 19-02-2017
0
გიორგი ხარაიშვილს მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს. ტექნიკა და "აბვოდიც" სათანადო დონეზე აქვს. იმედია, მალე მომძლავრდება ფიზიკურად და ნამდვილი ლიდერი გახდება!!!
tngh
13:26 19-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული