ინფრასტრუქტურა: ააშენებენ სამტრედიაში სტადიონს?

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ლიგის არაოფიციალურმა გვერდმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა - მალე "სამტრედიას" ახალ სტადიონს აუშენებენო.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "ახალი არენის" მაკეტების ფოტოებიც გავრცელდა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

აქედან გამომდინარე, ვიფიქრეთ, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალი სტადიონი 10 ათას გულშემატკივარს დაიტევს და უეფას სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ხოლო მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება და 6 თვეში დასრულდება.

ამის შესახებ პირველად საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განაცხადა:

"სამტრედიაში
კომფორტული, 10 ათას ქომაგზე გათვლილი ძალიან კარგი სტადიონის მშენებლობა იგეგმება", - წერდა მაშინ კალაძე.

ამ თემაზე 2015 წლიდან ლაპარაკობდნენ, მაგრამ ოფიციალურად არავინ ადასტურებს და ცხადია, ახლაც დანამდვილებით ვერავინ ამბობს, როდის დაიწყება "ეროსი მანჯგალაძის" განახლება თუ ახალი სტადიონის მშენებლობა.

დავინტერესდით და რეალური ამბები კლუბში გვითხრეს. ცხადია, სტადიონის აშენების სურვილი აქვთ და იმედოვნებდნენ კიდეც, რომ მშენებლობა 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყებოდა, მაგრამ საამისოდ კონკრეტული იურიდიული საკითხებია მოსაგვარებელი. უპირველესად, დაფინანსების წყარო უნდა მოიძებნოს, მერე კი ტენდერი გამოცხადდეს - ჯერ პროექტზე, ხოლო შემდეგ - უშუალოდ მშენებლობაზე.

სხვათა შორის, გვითხრეს, რომ სამტრედიაში მსგავსი ტიპის სტადიონის აშენება გაუმართლებლად მიაჩნიათ. მაკეტზე ჩანს, რომ ტრიბუნები გადაუხურავია, სამტრედიელთა თავკაცებს კი სურთ, რომ გადახურული იყოს, რადგან უამინდობაში ადამიანებს სტადიონზე მისვლის სურვილი არ გაუქრეთ.

მოკლედ, სამტრედიაში სტადიონის განახლება ძალიან უნდათ. "ეროსი მანჯგალაძე" საკმაოდ დიდ ფართობზეა განთავსებული და იქ 10-ათასიანი და უფრო დიდი არენაც თავისუფლად ჩაიდგმება. იმედოვნებენ, რომ პროექტს დააფინანსებენ, მაგრამ საამისოდ, ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადაიდგა, გაგრძელება კი, იმედია, ნამდვილად იქნება.

რა თქმა უნდა, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მიღება ძალიან დიდი და საჭირო საქმე იყო, მაგრამ პარალელურად, არანაკლებ აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც - ეს ქართული ფეხბურთის დიდი პრობლემაა და განახლებული არენები ჰაერივით ესაჭიროება.

"სამტრედია" და მისი გულშემატკივრები კი "ეროსი მანჯგალაძის" განახლებას ნამდვილად იმსახურებენ. ან რა დააშავეს ბათუმელებმა, ფოთელებმა, ზუგდიდელებმა, ლანჩხუთელებმა?..

ქართული ლიგის პოპულარიზაცია ძნელია, როცა ტელეეკრანიდან მის მეორე, არც ისე სასიამოვნო მხარეს ვმალავთ, რადგან სტადიონის მეორე ტრიბუნის მხარეს უსახური ხედია. ეს ახლა სწორი და აუცილებელი ნაბიჯია, მაყურებელს უფრო ლამაზად შეფუთული თამაშები რომ შევთავაზოთ. მაგრამ, როცა მოწესრიგებული და კოხტა არენები გვექნება, მას ყველა კუთხიდან თამამად და სიამაყით გამოვაჩენთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
ოღონდ ააშენონ, ოღონდ ამათმა ითამაშონ კარგად და ზონდიკით ვივლი სტადიონზე.
haha
14:33 10-03-2017
1
სამტრედიაში კომუნისტების დროს ათი ათასი კაცი პრობლემა არ იყო ასე რომ ღირსია სამტრედიელები კაი სტადიონის.
truxa
14:18 10-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული