[ინფრასტრუქტურა] მართლა შენდება!

AutoSharing Option
ბოლო დროს, საფეხბურთო სტადიონებთან დაკავშირებით უსიამოვნო ამბები გვესმის - ჩაშლილი ტენდერები, აუშენებელი არენები... ამის ფონზე, დამაიმედებელი ინფორმაცია გავრცელდა, რომ სამეგრელოში ორი საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა რეალურად მიმდინარეობს.

ცნობა სოციალურ ქსელში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსეს...

ხობში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, აშენებენ ადმინისტრაციულ შენობას, სპორტსმენთა საცხოვრებელ ფლიგელსა და გასახდელ-საშხაპეებს, მთლიანად ანახლებენ ტრიბუნებს, ამონტაჟებენ 4 ათას ინდივიდუალურ სკამს, ცვლიან განათებისა და სარწყავ სისტემებს.

ბოლო ცნობებით, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელებისთვის რეგიონების განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 444 998 ლარი გამოიყო. სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და, როგორც ამტკიცებენ, წლეულს დასრულდება.

რაც შეეხება ზუგდიდის სტადიონს, საფეხბურთო კომპლექსი ორი სტადიონისგან შედგება და სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს. "ზუგდიდის" პრესატაშე ლაშა გოგილავას თქმით, ალბათ, ეს საქართველოში იშვიათი გამონაკლისია, სადაც სტადიონს რეალურად აშენებენ.

ფოტოზეც ჩანს, რომ ამჟამად ორივე არენის კონსტრუქციები წამოჭიმეს, მაგრამ აქცენტი მთავარ სტადიონზეა გადატანილი, სადაც ყველა ფლიგელი ამოყვანილია. რეალური იმედი გაჩნდა, რომ "წითელი ლენტი" 2017 წლის ბოლოს გაიჭრება.

გოგილავასვე თქმით, მალე განათების სისტემის დამონტაჟება დაიწყება, მერე - ინდივიდუალური სკამების, შიდა კეთილმოწყობისა და საფეხბურთო მოედნის სამუშაოები, ტრიბუნები გადაიხურება, ბალახის საფარს კი ბოლოს დააგებენ.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "დაგი" ახორციელებს. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 10 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, სულ კი კომპლექსის მშენებლობაზე 20 მილიონი დაიხარჯება.

საბოლოოდ, ზუგდიდის სტადიონმა უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. ძირითად სტადიონზე ტრიბუნები 7 200 მაყურებელზეა გათვლილი და ბუნებრივ საფარს დააგებენ, ხოლო სათადარიგო 1 224 მაყურებელს დაიტევს და ხელოვნური საფარით მოეწყობა. ამჟამინდელი დაპირებებით, მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

მაგრამ უამრავი დაპირების შემდეგ მსგავს საკითხებს მაინც ფრთხილად ვუყურებთ. იმედია, მორიგი იმედგაცრუება არ გველოდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სანამ პატრონობიტ აკეტებენ სტადიონებს არაფერი არ გამოვა. ყველგან უნდა გაკეტდეს. რაგისგანმაინც გადმოიღეთ ან მის შედეგებს შეხედეთ.,, პროფესიონალიზმი კონკურენციაშია''
ასე იზრდება ფეხბურტელი
barsa
20:50 22-03-2017
0
სადაც პატრონი ჰყავთ ყველგან კეთდება რაღაც, სადაც არა და არა.
ფაშა ძლიერი
18:16 22-03-2017
0

სიახლეები პოპულარული