პორტუგალიაში ძმები არველაძეების ფონდის საქმიანობით დაინტერესდნენ

AutoSharing Option
ძმები არველაძეების ფონდმა საინტერესო ამბავი გაავრცელა. 22 მარტს, პორტუგალიის ქალაქ ეშტორილში, საერთაშორისო საფეხბურთო ფორუმი Football Talks 2017 გაიმართა.

მასში მონაწილეობდნენ ფიფასა და უეფას პირველი პირები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტები, გენერალური მდივნები, სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლები, ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები, მარკეტინგის სპეციალისტები, სხვადასხვა კომერციული ორგანიზაციისა და პოპულარული სპორტული გამოცემების წარმომადგენლები.

ფონდის ცნობით, საქართველოდან ფორუმზე სტუმრის სტატუსით რევაზ არველაძე იმყოფებოდა. ის Football Talks 2017-ზე პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ფორუმის ორგანიზატორმა ფერნანდო გომეშმა (ფოტოზე მარცხნივ) მიიწვია.

სამდღიანი საფეხბურთო ფორუმი ეშტორილის კონგრესის ცენტრში
გაიმართა და მსოფლიო ფეხბურთში არსებული ვითარებისა და მისი სტრუქტურის განხილვას მიეძღვნა. კონფერენცია ფერნანდო გომეშმა გახსნა. მონაწილეებს უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმაც მიმართა.

რევაზ არველაძესთან ერთად, პორტუგალიაში არჩილ არველაძეც იმყოფებოდა. ძმები ერთად ესტუმრნენ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ბაზას. ფონდის ხელმძღვანელებს მასპინძლობდა დანიელ რიბეირო - აღნიშნული ბაზისა და პორტუგალიის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ტექნიკური დირექტორი.

2015 წელს ის თბილისში გამართული ევროპის სუპერთასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. არველაძეებმა მას ფონდის საქმიანობა და ძირითადი მიმართულებები გააცნეს, რის შემდეგაც რიბეირომ ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ძმები ბაზაზე პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან პაულო ლორენსოსაც შეხვდნენ. Cidade do Futebol-ის საფეხბურთო კომპლექსი შარშან მარტში გაიხსნა და იქაურ ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ასაკობრივ და ქალთა გუნდებსაც ემსახურება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული