[აქტუალურ თემაზე] ჩინური მასშტაბები და ქართული მასობრიობა

AutoSharing Option
იყო დრო, ჩინეთი და ფეხბურთი ერთმანეთისგან ისე შორს იყვნენ, როგორც ცა და დედამიწა. მაგრამ დრო და ვითარება იცვლება - რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, დღეს რეალური ხდება. მცირე ხნის წინ "შანხაიმ" ბრაზილიელი შემტევი ოსკარი გადაიბირა, ხოლო რონალდო ჩინეთში 30 საფეხბურთო სკოლის გახსნას აპირებს. მისი თქმით, სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე იქაური ხელისუფლებაც ზრუნავს...

2016 წლის ოქტომბერში კი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 68 წლის ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი მარჩელო ლიპი დანიშნეს, რომელიც ჩინეთში ადრეც მუშაობდა - 4 წლის წინ "გუანჯოუ ევერგრანდის" დამრიგებელი გახლდათ,
ხოლო შემდეგ - ამ კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი.

ჩინურ ფეხბურთში უდიდესი თანხები ტრიალებს და იქაურ ეროვნულ ჩემპიონატში სულ უფრო მეტი ევროპელი და სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი ჩაჰყავთ. მიუხედავად ამისა, მათი კლუბები და ნაკრები ჯერ ვერ არიან წარმატებულები. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში (აზიის ზონის III ეტაპი) ჩინეთის ნაკრებს 6-გუნდიან A ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი უკავია და უდიდესი ალბათობით რუსული ბატალიების მიღმა დარჩება.

მაგრამ ინვესტორებმა ამ აზიურ ქვეყანას მაინც სიამოვნებით მაიშურეს, რადგან ეს უზარმაზარი ბაზარია. ჩინეთის სუპერლიგის კლუბებმა 2014/15 წლების სეზონში ტრანსფერებზე 121,5 მილიონი დოლარი დახარჯეს, ლიგის მატჩების ტელეტრანსლირების უფლებები კი 2020 წლამდე 1,26 მილიარდ დოლარად გაიყიდა. თებერვალში კი ჩინეთის კომპარტიის გენერალურმა მდივანმა სი ციაპინმა საფეხბურთო ჩინოსნებს დაავალა, რომ 2050 წლამდე ქვეყნის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოიგოს...

უცხოელ ვარსკვლავთა გადაბირებაში დახარჯული გიგანტური თანხების შემდეგ ჩინელები მათ ჩანაცვლებას, ეტაპობრივად, საკუთარი კადრებით აპირებენ. მათ უკვე გაზარდეს ლეგიონერებზე ლიმიტი და ამბიციური გეგმა გამოაქვეყნეს: ჩანაფიქრის მიხედვით, ამ სახეობაში ბავშვები მასობრივად უნდა ჩართონ და 2025 წლამდე 50 მილიონი ფეხბურთელი გაზარდონ. მათ სურთ "გუანჯოუ ევერგრანდის" პროექტი მთელ ქვეყანაზე გაავრცელონ.

საქმე ისაა, რომ ამ კლუბის საფეხბურთო სკოლაში მადრიდის "რეალის" 24 მწვრთნელი მუშაობს, 50 (?!) მოედანია და ამ ულამაზეს სპორტულ კომპლექსს 120 ჰექტარი უკავია. ახლა მთელი ჩინეთი იმ იმედით ცხოვრობს, რომ ოდესმე მათი ქვეყანა საფეხბურთო გრანდი გახდება...

ფეხბურთი მარტივი თამაშია, მაგრამ ის ბევრ წვრილმანზეა დამოკიდებული. შესაძლოა, ჩინელები მსოფლიოს ჩემპიონები ვერასოდეს გახდნენ, რადგან დიდი ინვესტიცია და მოსახლეობის რაოდენობა სულაც არ არის საფეხბურთო წარმატების საწინდარი. მარჩელო ლიპის თქმით, ოთხმილიონიან ხორვატიაში გაცილებით მარტივია მაღალი დონის ფეხბურთელების მოძებნა, ვიდრე - მილიარდიან ჩინეთში.

სავარაუდოდ, მომავალშიც ასე იქნება. მთავარი ისაა, რომ წარუმატებელ ქვეყნებს პროგრესის მისაღწევად ბევრი რამ აქვთ სასწავლი. მაგრამ ჩინელების მონდომება და მიზანსწრაფვა აღტაცებასა და პატივისცემას იწვევს. ეს ჩვენთვისაც გაკვეთილი უნდა იყოს. ჩინელები მიხვდნენ, რომ ფეხბურთში წარმატება ქვეყნის იმიჯზე ყველაზე უკეთ აისახება.

ჩინელებს ვერასოდეს გავეჯიბრებით და 50 მილიონ ფეხბურთელსაც ვერასოდეს გავზრდით. მაგრამ ამ ყველაფერში ჭკუის სასწავლი ის არის, რომ ისინი ფეხბურთის განვითარებას მასობრიობის გაზრდით გეგმავენ. 2015 წელს ჩვენთან 12 ათასი რეგისტრირებული ფეხბურთელი იყო. რეგიონალლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდით, წლეულს, რანგით მეოთხე ლიგაც დაგვემატა. ამას გარდა, მოყვარულთა და ქალთა ლიგების დაფუძნებით, ბავშვთა რეგიონული ტურნირებით 2016 წელს მათი რაოდენობა 7 ათასით გაიზარდა.

ამ პროექტის მიზანია, რომ ქვეყნის მოსახლეობის 2 პროცენტი იყოს ფეხბურთში ჩართული და მოთამაშეთა რაოდენობა 60 ათასამდე გავზარდოთ. ამას ემსახურება ახალი ტურნირიც - თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, არსებულ ლიგებს რანგით მეხუთე, მიხეილ მესხი-უმცროსის სახელობის ღია ლიგაც დაემატა. იქ ახალშექმნილი და შარშან რეგიონულიდან გავარდნილი 9 გუნდი მოხვდა - ისინი თბილისს, მარნეულს, თელეთს, ნინოწმინდასა და ცხინვალს წარმოადგენენ. აქედან მეოთხე ლიგაში ორი საუკეთესო გუნდი გადავა. თბილისის ფეხბურთის ფედერაცია მათ შორის რამაზ შენგელიას ხსოვნის თასს გაათამაშებს და 2018 წელს გამარჯვებული დავით ყიფიანის სახელობის თასზე ითამაშებს. სწორედ აქ თამაშობს სახელმწიფო დაცვის სამსახურის გუნდი "სპაერი", რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უმაღლეს ლიგაში გადასვლას გეგმავს.

ვიმეორებთ, ჩვენ ჩინელებს მასშტაბებით ვერასოდეს შევედრებით, სამაგიეროდ, ნიჭი არ გვაკლია და თუ საქმე გონივრულად ავაწყვეთ და მასობრიობა 60 ათას ფეხბურთელამდე გავზარდეთ, ქართული ფეხბურთის წინსვლა აუცილებლად დაიწყება. ყოველი ახალი ტურნირი მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ამით არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩინეთს რას ედრებით? ინგლისელებს, იტალიელებსაც გადაასწრებენ მალე. ჩინეთს იმხელა ფინანსები აქვს გაერთიანებულ ევროპას არ ექნება ალბათ.
......
17:14 08-04-2017
0
50 მილიონი რომ ვიყოთ,რუსეთს და თურქეთს დავიპყრობდით....
status quo
13:41 09-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული