უცნური ამბავი: ქართული "ეგრისი" მოსკოვში და ვასილი უტკინის მიზანი

AutoSharing Option
უცხოეთში ბევრი ისეთი გუნდი ყოფილა, სადაც უამრავ ქართველს უთამაშია. მაგალითად, წლების წინ არაერთი ჩვენებური თამაშობდა გერმანულ "ფრაიბურგში", რიგის "სკონტოში", შეპეტოვკის "ტეპში", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში", მახაჩყალის "ანჟიში", ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", დანიურ "ორჰუსში"... 2014 წელს კიევის "ლოკომოტივს" სახელი გადაარქვეს და "ლოკომოტივ-გრუზიად" "მონათლეს", გუნდში კი 12 ქართველი თამაშობდა...

...მაგრამ პოპულარულმა რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა გასაოცარი რამ გააკეთა - შეფობა აიღო რუსეთის სამოყვარულო ლიგაში მოასპარეზე, ქართული სახელწოდების მქონე კლუბ "ეგრისზე".

ეს გუნდი მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ზონის მესამე დივიზიონში თამაშობს, 30 ტურის შემდეგ მე-3
ადგილზეა და ერთი რანგით დაწინაურების რეალური კანდიდატია. აქ გუნდები ერთმანეთს 8/8-ზე ფორმატში ეთამაშებიან.

საინტერესოა, რომ მოყვარულთა ლიგაში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, მაგალითად - რუსეთის ნაკრების ყოფილი კაპიტნები - რომან შიროკოვი და ალექსეი სმერტინი. "ეგრისის" წარმომადგენელი ლაშა ბასხოლიანი გახლავთ, გუნდის თავდამსხმელი კი 31 წლის ზურაბ შენგელიაა.

უტკინი ამბობს, რომ ამ საფეხბურთო კლუბის მართვასა და ფულის შოვნას საკუთარი პოპულარობით აპირებს.

"მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს არანაირი გადაწყვეტილებაც არ არის. ადამიანებისთვის, რომლებმაც ფეხბურთი შეიყვარეს, ეს უბრალოდ ცხოვრების სტილია.

თავიდან, როცა თქვენ ხართ მოზარდი და ახალგაზრდა, ფეხბურთს თამაშობთ. შემდეგ, მხოლოდ ზოგიერთ ჩვენგანს უმართლებს და ახერხებს კომენტატორობას, მაგრამ დგება დრო, როცა ერთი საშუალება გრჩებათ - მე, ევგენი გინერი, ლეონიდ ფედუნი და მსგავსები საფეხბურთო კლუბს ვაყალიბებთ. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.

ეს მე ყოველთვის მინდოდა. თქვენ ყველას გინდათ გუნდი, რომელსაც "ჩემს გუნდს" უწოდებთ. ცსკა გინერამდეც არსებობდა, "სპარტაკი" - ფედუნამდე, მაგრამ ადამიანებს უნდა დაეხმარო. მე ზედმეტი ფული არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ამ გუნდით ფულს გამოვიმუშავებ. ამ გუნდს ქართული სახელი, "ეგრისი" ჰქვია და რუსეთის სამოყვარულო ლიგაში ასპარეზობს. ეს სიტყვა რაღაცით გვაგონებს "აგრესიას", მაგრამ აბსოლუტურად სხვა შინაარსი აქვს", - ამბობს უტკინი ვიდეომიმართვაში.

ის ამბობს, რომ ჯერ კრედიტები არ გაუსტუმრებია, მაგრამ გუნდის შენახვას საკუთარი ცნობადობით, საკუთარი რესურსებითა და ბიზნესის მიზიდვით აპირებს. დარწმუნებულია, ამას "ინსტაგრამის" საშუალებით მოახერხებს და სპონსორებს მიიზიდავს. უტკინმა პირველ წარმატებას უკვე მიაღწია და სპორტული პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ "ეგრისს" ეკიპირება აჩუქა.

უტკინმა ვეტერანი რუსი ფეხბურთელები, "მატჩ TV-ის" ტელეშოუს წამყვანები - ვალერი კარპინი და სერგეი იურანი გამოიწვია, რომლებიც ერთ-ერთ გუნდს წვრთნიან:

"აღიარეთ, რომ ბოლო ორი თვე სისულელეებით ხართ დაკავებულები. თქვენი გუნდი მალე დაიშლება. მე კი ნამდვილ ფეხბურთს წარმოვადგენ, მოსკოვის ქუჩის ფეხბურთს, ხოლო "ეგრისი" მათ შორის ყველაზე ცუდი ნამდვილად არ არის. თუ კაცები ხართ, მიიღეთ ეს გამოწვევა. ეს თქვენი შანსია და არა - ჩვენი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
როცა წნორის გუნდს მილანი დაარქვეს,იტალიის პრემიერს ბერლუსკონეს შეეკითხნენ?.......
ნიანია ბაკურიანი
18:39 21-03-2020
0
დიდ ბოდიშს მოუხდი მკითხველს ჩემს კომენტარში შეცდომის გამო.მე უტკინი დავწერე და ვკითხულობ- პუტინს,ვწერ აფანატებს,ვკითხულობ- აჩანაგებს.ასე რომ... ნამდვილად არ ვიცი რატომ.
კახა ქირია
05:31 05-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული