"სამტრედიის" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე

AutoSharing Option
ევროთასები ნახევარფინალურ სტადიაზეა და მალე 2016/17 წლების სეზონიც დასრულდება. ზაფხულიდან კი სტარტს აიღებს ევროთასების ახალი, 2017/18 წლების სეზონი, რომელშიც კვლავ ჩაერთვებიან ქართული კლუბები.

ამ სეზონში საქართველო შარშანდელი საკლუბო რეიტინგით (8.125) სარგებლობს - 36-ე ადგილი ევროპაში (ახალი კიდევ უარესია - 6.375 და მე-40 ადგილი), რომლითაც ქართულ კლუბებს ჩემპიონთა ლიგაზე ერთი და ევროპალიგაზე სამი კლუბით თამაშის უფლება აქვთ. ბუნებრივია, აქ საკვალიფიკაციო ეტაპი იგულისხმება.

მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენს ქვეყანას ჩემპიონი "სამტრედია" წარადგენს, ხოლო ევროპალიგაზე - თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო", მე-2 ადგილოსანი "ჩიხურა"
და მე-3 ადგილზე გასული ბათუმის "დინამო" ითამაშებენ.

ჩემპიონთა ლიგა 2017/18: სამტრედია
რომელი ეტაპიდან
"სამტრედია" ჩემპიონთა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. პირველ საკვალიფიკაციოზე სულ 5 წყვილი იქნება, ევროპის ყველაზე დაბალი საკლუბო რეიტინგის მქონე 10 ქვეყნის წარმომადგენლები II ეტაპის 5 საგზურისთვის იბრძოლებენ.

II საკვალიფიკაციო რაუნდში 34 კლუბი ითამაშებს, 29, "სამტრედიის" დარად, ამ ეტაპიდან იწყებს ევროთასებს, ხოლო 5 I საკვალიფიკაციოს გამარჯვებული გუნდია.

უკვე ცნობილია, რომ "სამტრედია", რომლის საკლუბო რეიტინგი მხოლოდ 1.525-ია, განუთესავთა შორის იქნება და ის 17 განთესილი გუნდიდან ერთ-ერთს შეხვდება. "სამტრედიას" იმათგან, ვისი თამაშიც ამ ეტაპზე უკვე გარკვეულია, ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს.

სავარაუდო მეტოქეები
როგორც იცით, ჯერ არ დასრულებულა ლიგების უმეტესობა, თუმცა ბევრი მონაწილის ვინაობა ცნობილია. 29 კლუბიდან 18-ის ვინაობა ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, 11-იც მალე გაირკვევა.

განთესილთა შორის ყოფნა თეორიულადაც გარანტირებული აქვს შემდეგ კლუბებს: შოტლანდიურ "სელტიკს", დანიურ "კოპენჰაგენს", ბულგარულ "ლუდოგორეცს", ბელორუსის ბატე-ს, "მარიბორს" (სლოვენია), "ყარაბაღს" (აზერბაიჯანი), "მალმიოს" (შვედეთი), "ასტანას" (ყაზახეთი), "როსენბორგს" (ნორვეგია) და "ბეერ შევას" (ისრაელი).

ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუკი 19 ივნისის კენჭისყრაზე ეს გუნდები "სამტრედიას" ასცდებიან.

განთესილთა შორის მოხვედრის შანსი აქვთ ფჰ-ს (ისლანდია), "ჟილინას" (სლოვაკეთი) და "ჟალგირისს" (ლიტვა).

99%-ით განთესილი იქნება ავსტრიული "ზალცბურგი", რომელსაც უბრალოდ, ჯერ არ გაუნაღდებია ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, ამისთვის მას მხოლოდ ქულა სჭირდება დარჩენილ მატჩებში. ჩათვალეთ, რომ "ზალცბურგიც" "სამტრედიის" სავარაუდო მეტოქეა.

ხორვატიაში "რიეკა" და ზაგრების "დინამო" იბრძვიან და გამარჯვებულიც II საკვალიფიკაციო ეტაპზე იქნება განთესილი. განთესილი იქნება სერბეთის ჩემპიონიც - ან "პარტიზანი", ან "ცრვენა ზვეზდა".

პოლონეთის ჩემპიონი, რომლის დასახელებაც ახლა ძალიან ძნელია, იმდენად დაძაბული ბრძოლაა ლიდერებში, განთესილი იქნება, თუ ექსტრაკლასას "ლეხია" ან "იაგელონია" არ მოიგებს. "ლეხიას" არ აქვს ევროპული რეიტინგი და ის განუთესავი იქნება. მცირე რეიტინგი აქვს "იაგელონიას". აი, თუ ჩემპიონატი "ლეგიამ" ან "ლეხმა" მოიგო, მაშინ პოლონეთის ჩემპიონი განთესილი იქნება და ის "სამტრედიის" სავარაუდო მეტოქე იქნება.

გასარკვევია უნგრეთის ჩემპიონის ვინაობაც. კანდიდატი სულ ორია. თუ "ვიდეოტონი" გაიმარჯვებს, განთესილთა შორის იქნება, თუ "ჰონვედი" - მაშინ განუთესავი.

განთესილი იქნება მოლდოვის ჩემპიონიც, თუ დივიზია ნაციონალას "შერიფი" მოიგებს. თუ სხვა კლუბი, ის განუთესავი იქნება.

სავარაუდო განთესილების სია
ქვეყნები, სადაც ჩემპიონი გარკვეულია
სელტიკი - 42.785 *
კოპენჰაგენი - 37.800 *
ლუდოგორეცი - 34.175 *
ბატე - 29.475 *
მარიბორი - 21.125 *
ყარაბაღი - 18.050 *
მალმიო - 16.945 *
ასტანა - 16.800 *
როსენბორგი - 12.665 *
ჰაპოელი - 10.875 *
ფჰ - 6.175
ჟილინა - 5.850
ჟალგირისი - 5.825

ქვეყნები, სადაც ჩემპიონი გასარკვევია
ავსტრიის ჩემპიონი (ზალცბურგი - 40.570) *
ხორვატიის ჩემპიონი (რიეკა - 15.550 ან დინამო - 26.050) *
პოლონეთის ჩემპიონი (ლეგია - 28.450 ან ლეხი - 10.950, იაგელონია - 4.450, ლეხია - ურეიტინგო)
კვიპროსის ჩემპიონი (აპოელ - 26.210, აპოლონი - 10.710, აეკ - 6.210) *
სერბეთის ჩემპიონი (პარტიზანი - 16.075, ცრვენა ზვეზდა - 7.325) *
უნგრეთის ჩემპიონი (ვიდეოტონი - 8.650, ჰონვედი - 2.900)
მოლდოვის ჩემპიონი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონი შერიფი გახდება - 11.150)

* განთესვა გარანტირებულია

ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები 11-12 და 18-19 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მე ვფიქრობ სამტრედია მართლაც ბევრს მიაღწევს და გადალახავს ბალიერს და აი პლეოფამდე იმედია მივა
gura
21:10 09-06-2017
0
ტორპედოც ვერ გადალახავს პირველ ბარიერს!
გოგი ქუთაისელი
11:59 10-05-2017
0

სიახლეები პოპულარული