[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?

AutoSharing Option
ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები მოვილიეთ და აგერ, კარს მოგვადგა საპასუხო თამაშებიც. შედეგი იმაზე ცუდია, ვიდრე ველოდით. და დასკვნაც: მითი - ჩვენი ჩემპიონატის თუნდაც მცირედი პროგრესის შესახებ - გაქარწყლებულია.

ვინ არის დამნაშავე იმაში, რაც მოხდა? ჩამონათვალი იმდენად დიდია, არჩევაც გიჭირს კაცს, საიდან დაიწყო. დღეს დამნაშავის ძიებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ისაა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან როგორმე მოვძებნოთ გამოსავალი.

თუმცა ამას ვერაფრით გავაკეთებთ, თუ დამნაშავე არ ვიპოვეთ...

საქართველოს ჩემპიონატი
საქართველოს ჩემპიონატის საერთო დონე დღითი დღე ეცემა. ჩვენ სულ უფრო ვშორდებით ევროპას. საშველი ჯერ ვერც
ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ მოიტანა. ჩვენი კლუბების მესვეურთა უმრავლესობამ კარგად შეირგო მუქთა ფული და არაფერი გაუკეთებია კერძო ინვესტორის მოსაძებნად.

იმ სამი ქართული კლუბის ხელმძღვანელობამ, რომელმაც უკვე ითამაშა ევროთასებზე, პრაქტიკულად არაფერი გააკეთა შემადგენლობის გაძლიერებისთვის. ერთადერთი, ბათუმის "დინამომ" დაიმატა ოთარ მარცვალაძე და ისიც იმ დროსა და კონდიციაში, რომ "იაგელონიასთან" პირველ შეხვედრაში გუნდს ბევრით ვერაფრით წაადგა.

არადა, ნემსის ყუნწში უნდა გამძვრალიყვნენ და მთელი ძალისხმევა იქითკენ მიემართათ, რომ შემადგენლობა როგორმე გაეძლიერებინათ. ასეთ შემთხვევაში სხვას ვერ დავადანაშაულებთ - კლუბების მმართველობამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

- რევაზ ძოძუაშვილი: ჩემი აზრით, ბევრი რამ არის კლუბების მესვეურთა ბრალიც...
- ლევან კობიაშვილი კლუბებს: თავი უნდა დახაროთ და კრიტიკა მიიღოთ...

არის კონკრეტული მაგალითი. "ტორპედომ" სლოვაკეთში ჩასვლას ლამის ერთი დღე მოანდომა. ასე თანამედროვე ევროპაში აღარავინ დაფრინავს და რა გასაკვირია, რომ ქუთათურები გადაღლილები შეხვდნენ "ტრენჩინთან" შეხვედრას...

დავსვათ ერთი ლოგიკური კითხვა: რამდენი ხანია, საქართველოში ტრანსფერი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, არ განხორციელებულა?! ვგულისხმობთ საყოველთაოდ მიღებულ ფორმას, რომელიც ერთი კლუბისგან მეორის ფეხბურთელის ყიდვას გულისხმობს. ჩვენთან მარტივი წესი მოქმედებს - კლუბი ელოდება, როდის დაუსრულდება ამა თუ იმ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი, რათა შემდეგ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანოს.

მოდით, შევთანხმდეთ: ამგვარი მეთოდის გამოყენებისას ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური ფეხბურთელი ჩაიგდო ხელში. დღეს თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ჩაჰყავთ ისეთი ლეგიონერები, რომელთაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებთ. რუსეთს, უკრაინას, ბელორუსსა და ყაზახეთს რომ თავი დავანებოთ, თვით ლიტვასა და ლატვიაშიც კი მრავლად არიან ისეთი უცხოელები, ვთქვათ, ხორვატიისა და სერბეთის უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება რომ აქვთ.

ინფრასტრუქტურა
ფაქტია, სანამ ინფრასტრუქტურას არ მივხედავთ, ჩვენი ფეხბურთის პროგრესზე ლაპარაკი მხოლოდ წყლის ნაყვა იქნება და მეტი არაფერი.

მარტო ერთი ფაქტიც კმარა ჩვენი სიტყვების დასტურად - ევროთასებზე გასული 4 ქართული კლუბიდან 3 ვერ თამაშობს საკუთარ სტადიონზე. ამაზე პასუხისმგებლობას ერთნაირად ინაწილებენ ქართული ფეხბურთის ახალი თუ ძველი ხელმძღვანელები, ასევე, ჩვენი კლუბების წარსული დროისა თუ დღევანდელი ხელმძღვანელები.

რატომღაც მჯერა: "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" საკუთარ სარბიელზე რომ მიეღოთ მეტოქეები, სულ სხვა შედეგი დადგებოდა. შინაურ კედლებში ქომაგებით გულმოცემული გუნდის ძალა ორმაგდება და არა მგონია, ეს საკამათო იყოს.

ახალი ფორმატი
ეს ახალი ფორმატი ჩვენთვის ახალი ხილია და მისი ძირეული შეფასება სამომავლოდ უნდა გადავდოთ. ფაქტია - რისთვისაც ის შემოიღეს, ჯერ ის მიზანი ვერ შეასრულა - ჩვენი გუნდების საევროთასო მონაგარი პირველი მატჩების შემდეგ სწორედ ამაზე მეტყველებს. ყველა სიახლეს შეგუება სჭირდება და ჩვენი გუნდების უმრავლესობასაც გაუჭირდა ასეთ მჭიდრო გრაფიკთან ადაპტაცია.

ვერც ერთი გუნდი ფორმის პიკში ვერ შეხვდა ევროთასების გათამაშებას. დავამატოთ ამას ისიც, რომ ჩვენს კლუბებში, პრაქტიკულად, არ არის აღდგენითი საშუალებები. მეორეც - გუნდებმა, მზადებისას, ფორმის პიკი ევროთასებზე არ გათვალეს.

ჩვენში ხომ ასეა: ყველამ იცის, რომ ევროთასებზე ქართული გუნდი მთებს ვერ გადადგამს და საგარეო წარუმატებლობას მწვრთნელს შედარებით იოლად პატიობენ. სამაგიეროდ, საქართველოს ჩემპიონატში ერთი-ორჯერ გადაგიბრუნდება ფეხი და... ყველაფერი დამთავრებულია, მწვრთნელის ნდობის ვოტუმი იწურება.

მწვრთნელები
რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ განყენებულ გარემოებებზე, სამივე ქართული კლუბის მწვრთნელს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ამ წაგებაში. არა გადამწყვეტი, მაგრამ მაინც.

ჩემი აზრით, ისინიც და მათი გუნდებიც უფრო იმ რეალობის მსხვერპლნი არიან, რომელიც დღეს ქართულ ფეხბურთშია, მაგრამ მაინც: როცა გუნდი აგებს, მწვრთნელი ყოველთვის დამნაშავეა.

რატომ ვერ გავაგრძელეთ პროგრესი?
დრო იყო, ორი ქართული კლუბი თამაშობდა ევროპალიგის პლეი ოფში და ერთი ნაბიჯი აშორებდა ევროპის რანგით მეორე ტურნირის ჯგუფურ ეტაპამდე. ეს ძალიან ემოციური მომენტი თავად მაქვს განცდილი - ბრიუგეში, "იან ბრეიდელის" სტადიონზე მყოფი ქართველები "ზესტაფონს" ვქომაგობდით და პარალელურად თბილისის "დინამოს" ამბებს ვიგებდით საქართველოს დედაქალაქიდან, სადაც ალექს გარსიას გუნდი ბერძნულ აეკ-ს ეპაექრებოდა...

მართალია, იმ სეზონში სანუკვარ მიზანს ვერცერთმა უწია, მაგრამ გაჩნდა შეგრძნება, რომ ეს პროცესი გაგრძელდებოდა. არადა, ის შეჩერდა. შეჩერდა ისე, რომ ახლა ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენთ.

რატომ მოხდა ეს? ჩემი აზრით, მიზეზი აქ ორია. პირველი ის, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, მაშინდელთან შედარებით, ქართულ ფეხბურთში კერძო ინვესტორთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა. ეს კასტა დარწმუნდა, რომ ჩვენს საკლუბო ფეხბურთში ფულის ხარჯვა უაზრობაა და მეტი არაფერი.

მაშინვე, როცა ჩვენ 10-გუნდიანი ჩემპიონატის დადებითი მხარეები დავინახეთ, რატომღაც უაზრო "თექვსმეტობანა" წამოვიწყეთ. არ ვიცი, რა იდო ამაში - არჩევნებზე წარმატების დიდი სურვილი თუ პოლიტიკური მოტივები, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამან ძალიან უკან დახია ჩვენი ფეხბურთი.

თუნდაც, მცირეხნიანმა "თექვსმეტობანამ" უიმედობის განცდა გაუმძაფრა ქართული კლუბების კერძო მესვეურებს. როცა ჩემპიონატი ჩემპიონატს არ ჰგავს, შენ სიმწრით ნაშოვნ ფულს წყალში არ გადაყრი. მარტივი და ძალიან გასაგები ლოგიკაა.

მოკლედ, პრობლემა იმდენია, ჩვენს წერილში მათ მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს თუ შევეხეთ. აშკარაა - ყველამ მაქსიმუმი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს და ერთად უნდა გამოვიყვანოთ ჩიხიდან ქართული ფეხბურთი.

განა, გულით არ გავიხარებთ, სამივე ქართულმა გუნდმა წარმატებით რომ დაძლიოს პირველი ბარიერი? მაგრამ ის პრობლემები, რომლებზეც ზემოთ დავწერეთ, არსად გაქრება და მათზე მსჯელობა კვლავ აქტუალური იქნება. სადღეისოდ კი ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ დუმილის რეჟიმში ვერ ვიქნებოდი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული