ქუთაისელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ოთხი გოლის გატანა სჭირდებოდათ, თანაც ისე, რომ თავის კარში არ უნდა მიეღოთ, შესაბამისად, მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თავიდანვე შემტევი შემადგენლობა დააყენა. "ტორპედომ" მატჩი ძალზედ აქტიურად დაიწყო და რამდენიმე მწვავე შეტევაც განახორციელა, თუმცა მათ შედეგი არ მოუტანია.
მე-10 წუთზე ულამაზესი მოჭრილი დარტყმით სტუმართა კარის აღებას გრიგოლ დოლიძე ცდილობდა, მაგრამ მეკარემ, ადრიან ჩოვანმა აქტივში ბრწყინვალე სეივი ჩაიწერა.
ამდენ შეტევაში კი ქუთაისელებს "ტრენჩინის" კონტრშეტევა გამოეპარათ - 25-ე წუთზე აშრაფ ელ მაჰდიმ გაიტანა. პირველ ტაიმში მეტი საინტერესო აღარაფერი მომხდარა.
მეორე ტაიმი კი უცნაურად დაიწყო - "ტორპედოს" მეკარემ და მცველებმა საჯარიმოში უხეში შეცდომა დაუშვეს, "ტრენჩინის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი ბერიძემ კი ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. აღსანიშნავია, რომ პატივისცემის ნიშნად, ქართველმა შემტევმა ქუთაისელთა კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა.
რამდენიმე წუთში ჰილარი გონგმაც დაარტყა და სტუმართა უპირატესობა სამამდე გაზარდა. საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში 8:1 "ტრენჩინის" სასარგებლოდ.