... გასული საუკუნის 80-იან წლებამდე `შტურმის~ მიღწევად ავსტრიის თასის ფინალში ორჯერ (1948, 1975) გასვლა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, `შტურმი~ ორჯერ გახდა ავსტრიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგაზე ორივეჯერ წარმატებით იასპარეზა. აბა, სხვა რა სახელი უნდა ვუწოდოთ პროვინციული გუნდის გამოსვლას, როცა ორივეჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა!
1997 წელს `შტურმში~ გერმანელი მცველი ფრანკო ფოდა ჩაირიცხა, რომელსაც სხვადასხვა გერმანულ კლუბებში (`ლევერკუზენი~, `შტუტგარტი~, `კაიზერსლაუტერნი~, `საარბრიუკენი~, `არმინია~) სამასზე მეტი მატჩი ჰქონდა ჩატარებული. 35 წლის ასაკში თავისი ხანგრძლივი კარიერა ფოდამ სწორედ `შტურმში~ დაამთავრა და იქვე დაიწყო მწვრთნელად მუშაობა ოღონდ, ჯერ `შტურმის~ ჭაბუკთა გუნდს წვრთნიდა, შემდეგ კი ოვიცის ნაცვლად მოსული ჟილბერ გრესის თანაშემწე იყო. 2003 წელს, მცირე ხნით, `შტურმის~ მთავარი მწვრთნელიც გახლდათ, თუმცა ამ პოსტზე მიხაილო პეტროვიჩმა შეცვალა და თვითონ ისევ ჭაბუკთა გუნდს დაუბრუნდა. აი, 2006 წლიდან კი კვლავაც `შტურმის~ მთავარი მწვრთნელია და ამ ხნის განმავლობაში ორ მიღწევითაც მოიწონებს თავს. 2009-10 წლების ევროპის ლიგის გათამაშებაში `შტურმმა~ წარმატებით გადალახა სამი ეტაპი და ჯგუფურ ეტაპზეც მოხვდა; ამას გარდა, ამ გაზაფხულზე, თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ `შტურმმა~ ავსტრიის თასი მოიპოვა.
ახლა კი, `შტურმის~ დღევანდელ შემადგენლობას გავეცნოთ. ძირითადი მეკარეა 28 წლის კრისტიან გრატცეი, რომელსაც ავსტრიის ნაკრებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული. მის დუბლიორებად ითვლებიან 33 წლის ხორვატი სილვიე კავლინა და 20 წლის დანიელ ბარტოში.
ფრანკო ფოდა დაცვაში ძირითადად ამ ოთხეულს ეყრდნობა: 22 წლის დომენიკ პიურხერს, 30 წლის ფერდინანდ ფელდჰოფერს, 25 წლის გორდონ შილდენფელდსა და 30 წლის იოახიმ შტანდფესტს. ამ უკანასკნელს ავსტრიის ნაკრებში 34 მატჩი აქვ ჩატარებული, ფელდჰოფერს _ 13, ხოლო შილდენფელდს ხორვატიის ნაკრებში _ სამი. უფრო ეპიზოდურად უწევთ თამაში 27 წლის მარტინ ერენრაიხსა და 30 წლის ტანმაღალ მცველს თომას ბურგშტალერს.
ნახევარდაცვში ყველაზე ცნობილი ფიგურა ბოსნიელი სამირ მურატოვიჩია _ 34 წლის გამოცდილ ფეხბურთელს სხვადასხვა ჩემპიონატში (თურქეთი, გერმანია, რუსეთი) არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული და თავისი ქვეყნის ნაკრების წევრიც გახლავთ. ასაკის გამო, მურატოვიჩი ამ ბოლო დროს შეცვლებზე შემოდის ხოლმე, ძირითადში კი ნახევარდაცვის ხაზში ეს ოთხი მოთამაშე ასპარეზობს: 25 წლის მანუელ ვებერი, 22 წლის ჰარის ბუკვა, 25 წლის ანდრეას ჰიოლცლი და 27 წლის მარიო კინცლი. ამათ გარდა, `შტურმის~ ნახევარდაცვაში თამაშობენ: 21 წლის დანიელ ბაიხლერი, 26 წლის კლაუს ზალმუტერი, 19 წლის კრისტიან კლემი და 17 წლის ფლორიან კაინცი. ცალკე უნდა აღვნიშნოთ `შტურმის~ 20 წლის ნახევარმცველი სანდრო ფოდა, მთავარი მწვრთნელის ვაჟი, რომელსაც სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. `შტურმის~ ნახერვამცველებიდან ავსტრიის ნაკრებში სხვადასხვა დროს უთამაშიათ ან დღესაც თამაშობენ: ანდრეა ჰიოლცლი, მარიო კინცლი, დანიელ ბაიხლერი და კლაუს ზალმუტერი.
წლების განმავლობაში `შტურმის~ მთავარი დამრტყმელი ძალა ავსტრიის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფორვარდი მარიო ჰაასი გახლდათ, რომელსაც თავისი ქვეყნის ნაკრებში 43 მატჩი აქვს ჩატარებული. ჰაასი 16 წლის ასაკში ჩაირიცხა `შტურმში~ და შვიდი სეზონი გუნდის ლიდერიც იყო; მერე უცხოეთში მოსინჯა ძალები (`სტრასბური~, `შტუტგარტი~, `იჩიხარა~), 2005 წელს კი ისევ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა და 34 წლის ასაკში კვლავაც `შტურმის~ სიმბოლოდ მიიჩნევა. ოღონდ, ასპარეზობა უფრო იშვიათად უწევს. `შტურმს~ თავდასხმაში მართლაც მრისხანე `დუეტი~ ჰყავს: რომან კინასტი და იმრე საბიჩი. 26 წლის კინასტი ავსტრიის ნაკრების წევრია და რამდენიმე წლის წინათ თბილისშიც აქვს ნათამაშები, როცა `რაპიდის~ ღირსებას იცავდა. ასევე საკმაოდ ცნობილი ფორვარდია 29 წლის იმრე საბიჩიც _ უნგრეთის ნაკრების თავდამსხმელს სხვადასხვა დროს საკმაოდ წარმატებით უასპარეზია `შტუტგარტში~, `კიოლნში~, `მაინცსა~ და `აუგსბურგში~. ამათ გარდა, `შტურმს~ თავდასხმაში ჰყავს 29 წლის დომენიკ ჰესლერი და 21 წლის მარვინ ვაინბერგერი.
ავსტრიის ჩემპიონატი ორი კვირაა, რაც დაიწყო და `შტურმს~ მაქსიმალური შედეგი აქვს: ჯერ სტუმრად აჯობა `რიდს~ (3:0), შაბათს კი თავის `UPჩ არენაზე~ 11000 ერთგული ქომაგის თვალწინ `კაპფენბერგს~ ასევე მშრალი ანგარიშით (2:0) მოუგო. აღსანიშნავია, რომ ფრანკო ფოდამ ორივე მატჩში ერთი და იმავე შემადგენლობა ათამაშა: გრატცეი _ შტანდფესტი, შილდენფელდი, ფელდჰოფერი, პიურხერი _ ჰიოლცლი, ვებერი, კინცლი, ბუკვა _ საბიჩი, კინასტი. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ პირველ მატჩში შეცვლაზე შემოვიდნენ მურატოვიჩი, სანდრო ფოდა და ერენრაიხი, მეორე შეხვედრაში კი _ კვლავაც მურატოვიჩი, ფოდა და ვეტერანი ჰაასი. საერთოდ კი, `შტურმის~ ფორვარდები ამჟამად ჩინებულ ფორმაში არიან: `კაპფენბერგთან~ `დუბლი~ კინასტმა შეასრულა, `რიდსთან~ კი _ საბიჩმა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"