13 მაისი - ზღვა სიხარული და სიამაყე [+VIDEO]

AutoSharing Option
დღეს 13 მაისია - ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების თარიღი; თანაც, "საიუბილეო თარიღი" - ზუსტად 30 წლის წინ, თბილისის "დინამომ" ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვა!

როგორი გახარებული, ბედნიერი და ამაყი ვიყავით ყველა 1981 წლის 13 მაისის იმ ღამეს, როცა ტელეეკრანებთან მიჯაჭვულნი ვუცქერდით დინამოელთა ზეიმს დიუსელდორფის სტადიონზე; ბედნიერები ვიყავით და, ცოტა არ იყოს, კეთილი შურიც გვქონდა იმ მცირერიცხოვან თანამემამულეთა მიმართ, რომლებიც იქ, ადგილზე, დიუსელდორფის სტადიონის ტრიბუნიდან ქომაგობდნენ იმ დროისათვის თითოეული ქართველისთვის სათაყვანებელ
გუნდს...

1981 წლის 13 მაისის ღამეს არანაკლები ზეიმი თბილისში და საქართველოს, ფაქტობრივად, ყველა ქალაქსა თუ რაიონშიც იყო; მართლაც "უცნაური" გრძნობა გვქონდა თითოეული ჩვენთაგანს, - ვერაფრით გაგვერკვია, სიამაყე სჭარბობდა თუ სიხარული; თანაც, ერთი-ორად გვიხაროდა, რომ ეს არ ყოფილა არც შემთხვევითი წარმატება და, რაც მთავარია, არც - მოულოდნელობა! ჰო, ეს იყო ევროპული კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის ღირსეული და, რაც მთავარია, კანონზომიერი გამარჯვება; გამარჯვება, რომლის მისაღწევადაც "დინამო" "ნელ-ნელა" ემზადებოდა და, ადრე თუ გვიან, ამ მართლაც ზღაპრულ თაობას საკავშირო ასპარეზზე წარმატების გარდა, საერთაშორისო დონეზეც უნდა გაებრწყინა!

ამას გარდა არნახული ოპტიმიზმიც თან გვდევდა: 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფით ბოლომდე დამტკბარი არ ვიყავით, უკვე რომ... მომავალ აღიარებაზე ვფიქრობდით. აბა, იმ დროს როგორ წარმოვიდგენდით, რომ მომდევნო 30 წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთს მსგავსი კი არა, ოდნავ მიახლოვებული წარმატებაც თუ არ ექნებოდა...


სამწვრთნელო გენია
აშკარად "სხვა" დრო იყო და აშკარად "სხვა" გუნდი გვყავდა: ერთი-მეორეზე უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და იმ დროისათვის ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს და საუკეთესო გუნდად სრულიად სამართლიანად რომ მიიჩნეოდა! ჰო, ჩვენ "დინამოში" მართლაც ევროპული დონის ვარსკვლავები თამაშობდნენ, თანაც გუნდი ისე იყო დაბალანსებული, რომ ყველა რგოლში, სულ მცირე, ორი-სამი ლიდერი გვყავდა! აღარაფერს ვამბობთ მართლაც ლეგენდარულ მწვრთნელზე: ნოდარ ახალკაცმა, როგორც იტყვიან, დროს გაასწრო და "დინამო" ისე აათამაშა, იმდროინდელი თანამედროვე ფეხბურთი როგორც მოითხოვდა.

ტექნიკა და იმპროვიზაცია მანამდეც იყო ქართული ფეხბურთის "სავიზიტო ბარათი", მაგრამ ნოდარ ახალკაცმა "დინამოს" თამაშს სხვა, უფრო ზუსტად, აუცილებელი კომპონენტები დაამატა და ესეც ერთ-ერთი წინაპირობა იყო დიდი გამარჯვებისა. აი, ხანდახან იმდროინდელ კადრებს რომ ვუცქერთ ხოლმე, მართლაც "უცნაურად" გვეჩვენება "დინამოს" თამაშის მანერა. ჩვენი უსაყვარლესი გუნდის თამაშში ყველაფერი იყო: ზემოთნახსენები ტექნიკაც და იმპროვიზაციაც, კოლექტიური თავდაცვაც და მთელი მოედნის ტერიტორიაზე უმკაცრესი პრესინგი, შეტევაში უსწრაფესად გადასვლაც და ფლანგების მაქსიმალურად გამოყენებაც, სტანდარტული მდგომარეობებიდან მაქსიმალური სარგებლის ნახვაც და სათამაშო დისციპლინის უმკაცრესად დაცვაც; თუმცა, ყველაფერ ამასთან ერთად, არავინ არაფერში იზღუდებოდა და თითოეულ ფეხბურთელს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაც შეეძლო. ყოველივე ეს კი, ნოდარ ახალკაცის მართლაც გონივრული სელექციისა და მერე უკვე, ცალკეული რგოლებისა თუ ფეხბურთელების ურთიერთშეთამაშების შედეგიც იყო: "დინამოს" ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა უნივერსალური თვისებებით გახლდათ დაჯილდოებული; ანუ, თითქმის ყველა ფეხბურთელს, სულ მცირე, ორ-სამ სხვადასხვა პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით შეეძლო ასპარეზობა. ჰოდა, ნოდარ ახალკაცმაც სწორედ რომ საუკეთესო ამპლუა მოუძებნა ყველა იმ უნივერსალს და მართლაც თანამედროვე სტილში მოასპარეზე ჩვენი გუნდისთვის დაუმარცხებელი მეტოქე აღარც არსებობდა!


ქართული მაქსიმალიზმი
"დინამო" ამ დიდი ტრიუმფისკენ გეგმაზომიერად მიდიოდა; საკავშირო ასპარეზზე "ბრინჯაოს" "ვერცხლი" ცვლიდა, "ვერცხლს" - "ოქრო", ამასობაში ორჯერ საბჭოთა კავშირის თასიც მოვიპოვეთ და, რაც მთავარია, საერთაშორისო ასპარეზზეც "ნელ-ნელა" ვაოცებდით ყველას; ჯერ, იტალიური "გრანდების" შემუსვრა დავიწყეთ და "ინტერისა" თუ "ნაპოლის" ტიფოზები გაოგნებულები დავტოვეთ; ამას "ლივერპულის" გაცამტვერება მოჰყვა (იმ დროისათვის და საერთოდ, 70-80-იანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბისა); მაგრამ უფრო მეტისთვის ჩვენს "დინამოს" "რაღაც" აკლდებოდა და ნოდარ ახალკაცმაც, ცოტა არ იყოს, სარისკო და იმ დროისათვის მეტად არაერთგვაროვანი საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო. თუმცა, დრომ და შედეგებმა დაამტკიცა, რომ 80-იანი წლების ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის თითქმის ყველა საკადრო ცვლილება თუ გადაწყვეტილება (ამ შემთხვევაში, კონკრეტული ფეხბურთელებისათვის ამპლუის შეცვლას ვგულისხმობთ), აბსოლუტურად სწორი გახლდათ!

ჰო, არც ქართული ფეხბურთისათვის დამახასიათებელი ტექნიკა გამქრალა და არც იმპროვიზაცია - ეს ყველაფერი შენარჩუნდა; სამაგიეროდ თანამედროვე ფეხბურთის ელემენტებით გამდიდრდა "დინამოს" თამაში: უფრო რაციონალურიც გახდა, თამაშის რიტმის გაკონტროლებაც შეგვეძლო და თითოეული ფეხბურთელიც უკვე ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა. ყოველ შემთხვევაში, ამა თუ იმ მატჩში მსაჯების არნახული ტენდენციურობისათვის მზად ვიყავით: როგორ გგონიათ, 1981 წლის გაზაფხულზე, როტერდამში "ფეიენოორდთან" განმეორებით ნახევარფინალში ავსტრიელმა მსაჯმა ვიორერმა იმაზე ნაკლები გააკეთა, ვიდრე 1978 წელს ციურიხში "გრასჰოპერსთან" შეხვედრაში ფრანგმა არბიტრმა კიტაბჯანმა?

აი, ასე - მართლაც ზღაპრული თაობა გამოცდილებასაც იძენდა და ბოლოს, მოსახდენი მოხდა! ოღონდ, ცოტა არ იყოს, გვეხამუშება ხოლმე, როცა "დინამოს" 30 წლის წინანდელ ტრიუმფს აკნინებენ! რას ვიზამთ, ქართველებს ყველაფერში მაქსიმალიზმიც გვჩვევია და საკუთარი წარმატების არდანახვაც! ჰო, მაშინაც და იმის მერეც, ხშირად გაგვიგია თუ მოგვისმენია: "დინამომ" თასების თასი ისე აიღო, მეტ-ნაკლებად სერიოზული მეტოქე არ შეხვედრიაო; ეგ კი არა, ფინალშიც სუსტი მოწინააღმდეგე ჰყავდა, აშკარად "არასაფეხბურთო" ქვეყნიდან (გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას გულისხმობდნენ). არადა, იმდროინდელ "ვესტ ჰემთან" თუ "ფეინოორდთან" ჩვენმა უპირველესმა გუნდმა თამაშები რომ ჩაატარა, ალბათ ქართული ფეხბურთის საგანძურად უნდა მივიჩნიოთ! რაც შეეხება "კარლ ცაისს", ამ გერმანულმა გუნდმა ფინალამდე "რომა" და "ბენფიკა" დაამარცხა და თუ რა დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ იტალიურ და პორტუგალიურ გრანდებში, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.


ზღაპრული თაობა
70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში წამყვანი უცხოური სპორტული გამოცემები იმდროინდელ საფეხბურთო ნოვაციებზე რომ საუბრობდნენ, ნიმუშად თუ ეტალონად რამდენიმე მწვრთნელის ტაქტიკურ-სტრატეგიული გათვლები მოჰყავდათ. ჰო, ოთხი-ხუთი კაცის გვარი ფიგურირებდა ამ სიაში: ლუის სეზარ მენოტის (არგენტინა), ტელე სანტანას (ბრაზილია), რინუს მიხელსის (ჰოლანდია), ენცო ბეარზოტისა (იტალია) და... ნოდარ ახალკაცის! აი, ასეთი ბუმბერაზი მწვრთნელი გვყავდა, თავისი ნიჭით ქართულ ფეხბურთს დაუვიწყარი გამარჯვება რომ მოუტანა; თუმცა ახალკაცი რაც არ უნდა გენიოსი მწვრთნელი ყოფილიყო, ვერაფერს მიაღწევდა, რომ არა თითოეული ფეხუბრთელის არნახული მონდომება თუ ნიჭიერება...

ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე, ნოდარ ხიზანიშვილი, გია თავაძე, ზაურ სვანაძე, ნუკრი კაკილაშვილი, თენგიზ სულაქველიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, - დიუსელდორფის მატჩის მონაწილე თითოეული ქართველი ფეხბურთელი ნებისმიერ იმდროინდელ ევროპულ გრანდში გაიბრწყინებდა, მაგრამ უცხოურ კარიერაზე მაშინ ხომ ვერც იოცნებებდნენ; არადა, იმავე ყიფიანსა თუ გუცაევს, შენგელიასა თუ ჩივაძეს, დარასელიასა თუ სულაქველიძეს, ერთი-მეორეზე უკეთესი და ერთი-მეორეზე ტიტულიანი უცხოური გუნდები ზღაპრულ პირობებს სთავაზობდნენ, მაგრამ ამათ აქედან ვინ გაუშვებდა? შოთა ხინჩაგაშვილიც არ დაგვავიწყდეს, ყველა დროის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, კარიერის განმავლობაში უამრავი ტრავმა რომ თან სდევდა და 13 მაისის ფინალში კი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა.

1981 წლის ბოლოს, პოპულარულმა ფრანგულმა ჟურნალმა "ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" ტრადიციული გამოკითხვა რომ მოაწყო, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში რამაზ შენგელია და ალექსანდრე ჩივაძე მოხვდნენ, დავით ყიფიანმა კი მეთერთმეტე-მეთოთხმეტე ადგილები გაიყო!

გზა ტრიუმფისაკენ
1980-81 წლების ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშება

1/16 "დინამო"-"კასტორია" (საბერძნეთი) 0:0, 2:0
1/8 "დინამო"-"უოტერფორდი" (ირლანდია) 1:0, 4:0
1/4 "დინამო"-"ვესტ ჰემი" (ინგლისი) 4:1, 0:1
1/2 "დინამო"-"ფეიენოორდი" (ჰოლანდია) 3:0, 0:2
ფინალი: "დინამო"-"კარლ ცაისი" (გდრ) 2:1

ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 21-მა ფეხბურთელმა:
მეკარე:
ოთარ გაბელია-9 მატჩი;
მცველები:
ალექსანდრე ჩივაძე-9 (2გოლი)
ნოდარ ხიზანიშვილი-7
გია თავაძე-7
თამაზ კოსტავა-7
შოთა ხინჩაგაშვილი-5
დავით მუჯირი-4
გიორგი ჭილაია-3(1)
ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე-9 (2)
ვიტალი დარასელია-8 (3)
ზაურ სვანაძე-5
ნუკრი კაკილაშვილი-4
ვახტანგ ქორიძე-2
გოჩა ჯოხაძე-1
კონსტანტინე კერესელიძე-1
თავდამსხმელები:
რამაზ შენგელია-9 (5)
დავით ყიფიანი-9
ვლადიმერ გუცაევი-7 (3)
რევაზ ჩელებაძე-4
ვაჟა ჟვანია-2
გურამ ჩქარეული-1
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ სტატიის წაკითხვამდე, ამ თარიღთან დაკავშირებულ სატელევიზიო გადაცემაში საქართველოს, არ ვაჭარბებ, სახალხო გმირები, დინამოს ვეტერანი ფეხბურთელები ვიხილე და მათ მოგონებებს ვუსმინე. ამ ხალხმა წარმოუდგენელი, რამ შესძლეს -სრულიად საქართველოს აჩუქეს უდიდესი სიხარული, ასეთი რამ მხოლოდ წარჩინებულთა ხვედრია. უაღრესად გამაოგნა მონაწილეთა ინერტულობამ ნოდარ ახალკაცის ღვაწლის წარმოჩენასთან დაკავშირებით. არ ვიტყვი, რომ ის სიხარული გაანეიტრალა, მაგრამ უდიდესი ტკივილი კი მომაყენა. ნოდარ ახალკაცის ყველაზე დიდი "ნაკლი" იყო ის, რომ მას არ შეეძლო პირმოთნეობა, ადანიანს შეიცნობდა ძალიან მოკლე დროში და უღირსთან ურთიერთობას გამორიცხავდა. აქედან გამომნდინარე ნოდარ ახალკაცი მართო უდიდესი მწვრთნელი კი არა უდიდესი პიროვნებაც იყო. (იხ. გაგრძელება)
akaki
23:24 13-05-2011
0
დიდი მადლობა ბატონ გიას და კვირის პალიტრას {მეათასერთე) ამ სტატიისათვის. თუ ეს ღამე გადავიტანე ჩათვალეთ, თქვენი დამსახურებით. ხალხო! ჩვენს თავზე დიდი უბედურება ტრიალებს.ჩვენი დახმარების გარეშე, ამას ერის დაუძინებელი მტერი ვერ შესძლრბს. როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქეთა ნაღები ნაწილის ერთი ხელის მოსმით გაქიაქება, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც სჭირდებათ საორიენტაციო მაგალითები, როგორიც ჩვენ გვყავდა.(იხ. გაგრძელება)
akaki
23:43 13-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული