"ბარსელონა" და "დინამო" - ერთნაირი სათამაშო ფილოსოფია

AutoSharing Option
იოჰან ბოსკამპი (ჰოლანდია), ივო შუშაკი (ხორვატია), ანდრეი ჩერნიშოვი (რუსეთი), დუშან უჰრინი (ჩეხეთი), რაინერ ცობელი (გერმანია) - დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გუშინდლამდე მხოლოდ ეს ხუთი უცხოელი მწვრთნელი მოღვაწეობდა თბილისის "დინამოში". და აი, "დინამოს" მეექვსე უცხოელი მწვრთნელიც: გუშინ, სასტუმრო "მერიოტში" ქართულ სპორტულ მასმედიას 41 წლის ესპანელი ალექს გარსია წარუდგინეს!

ალექს გარსია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ქვეყნის, ესპანეთისა და საერთოდ, მსოფლიოს საუკეთესო კლუბის, "ბარსელონას" წარმომადგენელია. ალექს გარსია 10 წლის განმავლობაში კატალონიური გრანდის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით დღევანდელ "ბარსელონასა" და საერთოდ,
თანამედროვე ფეხბურთის არაერთმა ვარსკვლავმა დაიწყო თამაში, უპირველეს ყოვლისა კი, ლეო მესიმ!

2007-09 წლებში ალექს გარსია ბარსელონას ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდს ავარჯიშებდა და ეს გუნდი ორჯერ გახადა ესპანეთის ჩემპიონი. ამასთან, ერთხელ "ტრიპლეტიც" შეასრულა: "ბარსელონას" მთავარი გუნდის მსგავსად მოიგო ყველა ტურნირი, სადაც მონაწილეობდა: კატალონიის ჩემპიონატი, ესპანეთის ჩემპიონატი, თასი. საქართველოში ჩამოსვლამდე ალექს გარსია "ბარსელონას" საკლუბო სტრუქტურაში, კერძოდ, კლუბის ტექნიკურ დეპარტამენტში მუშაობდა.


***
ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის ესპანელი მწვრთნელი "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა წარადგინეს; აქვე იმყოფებოდა "დინამოს" სპორტული დირექტორიც გიორგი ნემსაძე და კლუბის სხვა მუშაკებიც.

ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, სამშაბათს "დინამოში" კიდევ ორ ესპანელ სპეციალისტს ელოდებიან: ერთ-ერთი ფიზმომზადების მწვრთნელი იქნება, მეორე კი ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას უხელმძღვანელებს. "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა სხვა სიახლეებზეც ისაუბრა და ამას, ქვემოთ შემოგთავაზებთ: მანამდე კი "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელის, ალექს გარსიას პირველ აქაურ კომენტარებს გავეცნოთ:

"დინამოს" პრეზიდენტს მადლობა მინდა გადავუხადო ასეთ სახელოვან კლუბში რომ მიმიწვია. რა თქმა უნდა, კარგად ვიცი "დინამოს" ისტორია და მეც და ჩემს თანამოაზრეებსაც დიდი სურვილი გვაქვს, რომ გუნდს ძველი წარმატებები დავუბრუნოთ. ოღონდ, ამ ეტაპზე საერთაშორისო არენაზე ტიტულების მოპოვებას ნუ მომთხოვთ, - მთავარია, ყველამ ერთად მოვინდომოთ, ამასთან დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრებისგანაც არ მოგვაკლდება აქტიური მხარდაჭერა.

აქცენტს ძირთადად ახალგაზრდებზე ავიღებთ, თუმცა არც შედეგზე ფიქრსაც დავივიწყებთ; მართალია, აქამდე მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდებში მიწევდა მუშაობა, მაგრამ არა მგონია ეს პრობლემა იყოს. ისე, "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში ლეო მესის, სესკ ფაბრეგასსა და ხერარდ პიკეს ვავარჯიშებდი, შემდეგ მეორე თაობაც წამოვიდა - სერხიო ბუსკეტსი და პედრო როდრიგესი. ყველას კარგად მოეხსენება, რომ "ბარსელონას" ყველა ასაკობრივ გუნდს ერთნაირი სათამაშო ფილოსოფია აქვს და გვინდა, ასეთივე მოდელი "დინამოშიც" დავნერგოთ.

გასულ სეზონში "დინამოს" მიერ ჩატარებული რამდენიმე მატჩი ვნახე და ვიტყვი, რომ ძლიერი და ამბიციური გუნდის შექმნა შესაძლებელია. მთავარია, რომ ევროტურნირების დაწყებას მომზადებულნი შევხვდეთ."

ახლა კი, "დინამოს" ხელმძღვანელების, რომან ფიფიასა და ზურაბ პოლოლიკაშვილისგან გაჟღერებულ სხვა ამბებსაც გავეცნოთ:
"სამშაბათს, 7 ივნისს ალექს გარსია "დინამოს" ფეხბურთელებთან ერთად ახალი სეზონისათვის მზადებას დაიწყებს. 12-23 ივნისს ავსტრია-სლოვენიაში შეკრებაზე მივემგზავრებით და ოთხ საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ: ჯერ ავსტრიის მეორე ლიგის წარმომადგენელს ვეთამაშებით, შემდეგ ხორვატიის თასის ფინალისტს "ვარტექსს", მერე სლოვენიის ჩემპიონს "მარიბორს" და ბოლო შეხვედრა ავსტრიის ჩემპიონ "შტურმთან" გვექნება.

სამი კი არა, "დინამოსათვის" ორი და ერთი წელიც უტიტულოდ ყოფნა არასახარბიელო შედეგია და ახალ სეზონში "დუბლისთვის" ვიბრძოლებთ; რა თქმა უნდა, მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუ რომელი რგოლის გაძლიერება იქნება საჭირო.

ტრანსფერებისათვის რა თანხა გამოიყოფა, ამას არ დავასახელებთ; შესაძლოა, მილიონი დაიხარჯოს, მაგრამ არ გვინდა, რომ "დინამო" მოკლევადიანი პროექტი იყოს; პირიქით - მაქსიმალურად შევეცდებით ნიჭიერი ახალგაზრდები დავაწინაუროთ და სხვათა შორის, "დინამოს" დუბლებშიც არაერთი გამორჩეული მონაცემების მქონე ჭაბუკები თამაშობენ. ამას გარდა, დიდი სურვილი გვქონდა სხვადასხვა უცხოურ კლუბებში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელები "დინამოში" დაგვებრუნებინა, მაგრამ ასევე სხვადასხვა პრობლემას წავაწყდით: იყო ფინანსურ საკითხებშიც აზრთა სხვადასხვაობა, ზოგს საქართველოს ჩემპიონატში არ სურს დაბრუნება და ასე შემდეგ. არადა, პრიორიტეტად სწორედაც რომ ყოფილი დინამოელების დაბრუნება გვქონდა არჩეული...

"დინამოში" უცხოელი მწვრთნელების გამოჩენა სხვა გუნდებსაც წაადგება; ეგ კი არა, ვიცით, რომ სხვა ქართული გუნდებიც არიან დაინტერსებული უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანით და ყოველივე ამან საქართველოს ჩემპიონატის დონე უნდა აამაღლოს;

"დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელის, ალექს გარსიას ასისტენტად ღირსეული კადრი იმუშავებს და, თითქმის 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ქართველი სპეციალისტი იქნება. ანუ, თვითონ მთავარ მწვრთნელსაც დასჭირდება ერთგული თანამოაზრე, აქაურობასთან სწრაფად ადაპტაციაში რომ დაეხმარება.

ალექს გარსიას თანაშემწე გიორგი ყოლბაია იქნება. ვინც მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ენობრივი ბარიერის პრობლემას მოაგვარებს.

ივნისის შუა რიცხვებში თბილისში მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკო სერესო ჩამოვა. საერთოდაც, ესპანურ კლუბებთან კავშირებს ყოველმხრივ გამოვიყენებთ: მწვრთნელთა კვალიფიკაციების ამაღლებისა და ჩვენი ბავშვთა გუნდების ესპანეთში საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის კუთხითაც..."
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგრა მიკვირს იმ ბიჭების, უცხოეთის საშუალოზე დაბალი დონის გუნდებში თამაში რომ ურჩევნიათ "დინამოში" თამაშს. მემგონი საერთოდ არ ფიქრობენ ასეთ თემებზე. მალხაზ ასათიანს და მის მსგავს სიტუაციებში მყოფ ფეხვურთელებზე ხომლაპარაკი ზედმეტია. ალბათ ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ საქართველოსა და მის მომავალზე. არადა მომავალი ყველა მათგანზეა დამოკიდებული. უბრალოდ ქვეყანა უნდა გაინტერესებდეს და დღეში ხუთი წუთი უნდა ფიქრობდე რა ჯობია რუსების, ავსტიელების და აზერების ერთი დაგილის წმენდა თუ საკუთარი ქვეყნის ფეხბურთზე ზრუნვა, თუნდაც სიბერეში.
bb king
00:28 03-06-2011
0
იაშკასიც მიკვირს მსოფლიო დონეზე ახლა ვეღარ თამაშობს და არ ჯობია ჩამოვიდეს? ან ხიზანა და სხვები...
bb king
00:29 03-06-2011
0

სიახლეები პოპულარული