დიდი 10

AutoSharing Option
...ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს, დავით ყიფიანს დღეს, 18 ივნისს 60 წელი შეუსრულდებოდა.

...მართლაც ძნელია ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში "ჩაეტიო", როცა დავით ყიფიანზე საუბრობ: არამხოლოდ ქართული, გასული საუკუნის 70-80-იანი წლების ევროპული და, საერთოდ, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ვარსკვლავზე! ფეხბურთელზე, ვისაც იმდროინდელი ვარსკვლავების (ზიკო, პლატინი, მარადონა) გვერდით მოიხსენიებდნენ და ვის სიდიადესაც ყველა აღიარებდა!

ჰო, ყველა და ყველგან: საქართველოშიც და ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაშიც, ინგლისშიც და იტალიაშიც, გერმანიაშიც და ესპანეთშიც, ბრაზილიაშიც და საფრანგეთშიც; სხვანაირად ვერც იქნებოდა: ნეიტრალური კი არა, მეტოქე გუნდის გულშემატკივარიც
ვერ რჩებოდა გულგრილი დავით ყიფიანის ზღაპრული თამაშის შემხედვარე; "კლასიკური" 10 ნომერი გახლდათ, ყველანაირი ტაქტიკური სქემა-ჩარჩოების უგულებელმყოფელი, სამაგიეროდ, იმპროვიზაცია იყო ყიფიანის სათამაშო კრედო, აი, როგორც ნაღდ და "დიდ ათიანებს" სჩვეოდათ; სწორედ ასეთი ესთეტიკით და საფეხბურთო ხელოვნებით ანებივრებდა წლების განმავლობაში თავის ქომაგებს - "დინამოს" იმ მართლაც ზღაპრულ თაობაში მაინც გამორჩეულად რომ უყვარდათ.

...იტალიური "ინტერი" და ბრაზილიური "ფლამენგო", ესპანური "რეალი" და ინგლისური "ლივერპული", იტალიური "ნაპოლი" და გერმანული "ჰამბურგი", - შორს წაგვიყვანს ჩამოთვლა იმ უცხოური გრანდებისა, რომელთა წინააღმდეგაც დავით ყიფიანს გაუბრწყინია;

ტიტულებიც, იცოცხლეთ, ფეხბურთელობის დროს, უამრავი ჰქონდა: "დინამოს" შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც იყო, ვერცხლის პრიზიორიც და ბრინჯაოსიც (ოთხჯერ), ორჯერ საბჭოთა კავშირის თასს დაეუფლა, 1977 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (იმის წინა წელსაც ეკუთვნოდა, მაგრამ "რატომღაც", ცსკა-ს მეკარე ასტაპოვსკი ამჯობინეს); 1976 წელს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, იმავე წელს საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად მონრეალის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა, მაგრამ, ყველასათვის გაუგებარი მიზეზის გამო, ერთი წუთიც არ უთამაშია.

საერთოდაც, სანაკრებო თემა იმდროინდელი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისათვის ყველასათვის გამოცანად რჩებოდა: კონსტანტინ ბესკოვი იქნებოდა თუ ვალერი ლობანოვსკი სსრკ ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ყიფიანს რატომღაც ნაკლებად, ან საერთოდ არ წყალობდნენ... აი, ასე დარჩა ქართული ფეხბურთის ლეგენდარული "ათიანი" მსოფლიოს ჩემპიონატის გარეშე; არადა, წესითა და რიგით, სამჯერ (!) უნდა ეასპარეზა: 1974 წელს სსრკ ნაკრები... პოლიტიკურ ავანტიურას შეეწირა (ჩილეს წინააღმდეგ თამაშზე "ზემოდან" უარი ათქმევინეს), 1978 წელს შესარჩევი ეტაპი ვერ დაძლია, 1982 წელს კი ყველასათვის გამაოგნებელი ფაქტი მოხდა! აი, იმ მსოფლიოს ჩემპიონატზეა ლაპარაკი, სადაც, უცხოელ ჟურნალისტთა უმრავლესობის აზრით, ოთხ ვარსკვლავს უნდა გაებრწყინა; ეგ კი არა, ბჭობა და კამათი იმაზე მიდიოდა, ვინ უნდა გამხდარიყო 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: ზიკო, მარადონა, პლატინი თუ... ყიფიანი? თუმცა, იმ მუნდიალმა უყიფიანოდ ჩაიარა და სწორედ ამის გამოც იყო, რომ ლეგენდარულმა ქართველმა "ათიანმა" საფეხბურთო კარიერა 30 წლის ასაკში დაამთავრა.

1982 წლის აპრილის დასაწყისში 40 ფეხბურთელის სია გამოქვეყნდა, საიდანაც მწვრთნელები 22-ს აირჩევდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანდნენ. ამ სიაში დავით ყიფიანი არ ფიგურირებდა, - ფეხბურთელი, ვინც წინა წელს ევროპის სიმბოლურ ნაკრებში გახლდათ მიწვეული (მსგავსი პატივი კი, ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მანამდე მხოლოდ სლავა მეტრეველს ჰქონდა)! აბა, ამაზე მეტი გულისტკივილი რაღა უნდა ყოფილიყო და ამ სიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში (უფრო ზუსტად, აპრილის ბოლო რიცხვებში), დავით ყიფიანი ფეხბურთიდან წავიდა! თანაც, ჩუმად და უხმაუროდ - კრასნოდარის "ყუბანთან" I ტაიმი ითამაშა და შესვენების შემდეგ... მოედანზე აღარც გამოსულა, არც გაცილება მოუწყვია ვინმეს და არც მადლობა გადაუხდიათ, თითქოს, ერთ ჩვეულებრივ მოთამაშეს დაესრულებინოს კარიერა...

მართლაც ძნელია ყიფიანი-ფეხბურთელზე ამომწურავად ისაუბრო, - ყველაფერს ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში ვერ დაატევ; თუმცა, რამდენიმე გამონათქვამი გვინდა შემოგთავაზოთ, სხვადასხვა დროს პოპულარულ უცხოურ გამოცემებში რომ დაბეჭდილა. თანაც, ვისაც დავით ყიფიანის თამაში უნახავს, ყველა დაგვეთანხმება, რომ გადაჭარბებული იქ არც არაფერია; ისე როგორც იმ გამოკითხვაში, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ რომ მოეწყო და რომლის მიხედვითაც, ესპანეთის მუნდიალზე ან ზიკოს უნდა გაებრწყინა, ან - პლატინის, ან - სოკრატესსა და ან კიდევ - დავით ყიფიანს!

...1983 წელს, თავისი არსებობის ისტორიაში "დინამომ" ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა - XVI ადგილზე გავიდა და პირველ ლიგაში დაქვეითებას ძლივს გადაურჩა. მომავალი სეზონიდან კი "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დავით ყიფიანი დაინიშნა და შედეგიც აშკარად უკეთესზე მეტი იყო - "დინამო" VII ადგილზე გავიდა. თუმცა, 1985 წლის მეორე ნახევრიდან, ყიფიანს "დინამოდან" წამოსვლამ მოუწია და სამი წელი სხვა სფეროში მოღვაწეობდა. 1988 წლიდან ისევ სამწვრთნელო ასპარეზს დაუბრუნდა: ჯერ საკავშირო II ლიგაში მოასპარეზე "ოლიმპიური მომზადების ცენტრს" ავარჯიშებდა (სადაც პერსპექტიული ბიჭები დააწინაურა), შემდეგ კი ისევ "დინამოს" საშველად უხმეს, გერმან ზონინის ხელში კვლავაც I ლიგისკენ რომ მიექანებოდა...

...1990 წლიდან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო და, ალბათ, დიდი დრო უნდა გავიდეს ყიფიანი-მწვრთნელის მიღწევები რომელიმე სპეციალისტმა რომ გააუმჯობესოს. თავად განსაჯეთ: ყიფიანი-მწვრთნელი შვიდჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (ხუთჯერ - "დინამოში", ორჯერ - ქუთაისის "ტორპედოში"), ოთხჯერ კი - თასის მფლობელი! შორს წაგვიყვანს იმ მოთამაშეების ჩამოთვლა, სწორედ ყიფიანის ხელმძღვანელობით რომ გაიცნო საფეხბურთო სამყარომ: კახა ცხადაძე, კახა გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ძმები არველაძეები, გოჩა ჯამარაული, მურთაზ შელია, ნიკა ჩხეიძე, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მალხაზ ასათიანი და სხვები...

...1997 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩააბარეს და ჩვენი უპირველესი გუნდი შვიდ მატჩში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა; თუმცა, იმავე წლის 11 ოქტომბერს პოლონეთთან შთამბეჭდავი გამარჯვების მერე... კონტრაქტი არ გაუგრძელეს! სამი წლის მერე ისევ დაბრუნდა საქართველოს ნაკრებში (რევაზ ძოძუაშვილთან ერთად), მაგრამ მაშინ ხომ ყველა არარეალურს ვითხოვდით და რახან 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოვიპოვეთ, ამაში რაღა თქმა უნდა, მწვრთნელი დავადანაშაულეთ...

ლექსებს მაშინაც უძღვნიდნენ, როცა ფეხბურთს თამაშობდა და შემდეგაც, 2001 წლის 17 ოქტომბრის იმ ავბედითი დღის მერეც...

ამონარიდები გამოყენებულია გია გორგოძის წიგნიდან "დღესასწაულის წადილი".

***
"ვესტ ჰემი" თითქოს გააოცაო უბრწყინვალეს კინოვარსკვლავებთან შეხვედრამ, მაგრამ მათ შორის მართლაც იყო ერთი ტანადი, ულვაშებიანი და თმაშეთხელებული ვაჟკაცი, რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებდა ასეთ რეპუტაციას. ეს გახლდათ ყიფიანი, რომელიც თავისი მოხდენილი გრძელი ფეხებით "ეპტონ პარკში" ისე დააბიჯებდა, როგორც სოფლის სკოლის დირექტორი თავის სამფლობელოში".
"ტაიმსი"

***
"დინამოს" ყავდა მოთამაშე, რომელმაც ყველაფერი დაჩრდილა მინდორზე. იენელთა მწვრთნელმა ჰანს მაიერმა მშვენივრად იცოდა, რას აკეთებდა, როცა კრაუზეს სახით დაუღალავი დარაჯი მიუჩინა, მაგრამ თბილისელთა მესაჭემ და შესანიშნავმა ტექნიკოსმა დავით ყიფიანმა კრაუზეს თამაშიდან არ გამოათიშინა თავი. ბოლო წუთზე მან ისეთი სილამაზის ილეთი ჩაატარა, რომ მაყურებელს დიდი ტაში მოწყვიტა".
"რაინიშენ პოსტი"

***
"დინამოელებმა გვაჯობეს, მათ დაგვჯაბნეს ტექნიკასა და იმპროვიზაციაში. ყიფიანი რომ ბურთს მიიღებდა, გამაჟრჟოლებდა ხოლმე... თბილისის "დინამო", ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, ჩვენთვის "ტომარაში გამომწყვდეული კატა" იყო, თურმე ტომარაში ვეფხვი ყოფილა...
ბობ პეისლი, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი

***
"ლივერპული" ცდილობდა მისთვის დამახასიათებელი სტილით ეთამაშა, მაგრამ იგი გაანადგურეს ფეხბურთელებმა, რომლებიც დიდებულად ფლობენ თამაშის ხელოვნებას...

განუმეორებელი იყო ყიფიანი - იგი ასრულებდა წამყვან როლს "დინამოს" ყველა კომბინაციაში... ეჭვი არ არის, რომ "დინამო" ახლა "ლივერპულზე" მაღლა დგას".
"გარდიანი"

***
"ულვაშებიანი იოსებ სტალინის გვერდით კიდევ ერთი ულვაშებიანი ქართველი გახდა ცნობილი. ეს დავით ყიფიანია. დავითი, როგორც წმინდა ქალაქის მფლობელი.
ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, გუცაევი, შენგელია - აი, ასების პოკერი თასის მფლობელთა თასისათვის. ყიფიანი და მისი მეგობრები წარმატებას აღწევენ ყველა სტადიონზე, სადაც კი გამოჩნდებიან".
"ეკიპი"

***
დათო ყიფიანს...
როცა ამდენი ძმობილი...
როცა ამდენი დობილი...
ეს არის ჩვენგან შობილი
ქალაქი დაუნდობელი.

აქ ასპარეზად იჭვების
გაყიდულია მანდილი
მთელი სიმკაცრით ისჯება
დღესასწაულის წადილი

დაძრული სანაპიროდან
ცაზე წეროა გაწვდილი...
გამთხლევებულა ღვინო და
გაწყალებულა სადილი.

აქ მზეც და მთვარეც პირსავსე
ყავის ნალექში ციალებს.
ჭორით დანაღმულ მიწაზე
უჭირდა მოხეტიალეს.

...უკვე ნიავი მიაქან-
-მიმოაქანებს კიდობანს.
წყალზე დარწეულ იალქანს
ეპოქა დაემშვიდობა.

დათო მაღრაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 11 /
დათო ფანტასტიკური იყო.
levani
13:06 18-06-2011
0
დატო ფანტასტიკური ფეხბურტელი იყო
levani
13:10 18-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული