4-3-3 - ალღოაღებული საიხლე "დინამოში"

AutoSharing Option
ქართული გუნდებიდან ევროტურნირებზე ერთ-ერთი პირველი თბილისის "დინამო" ჩაებმება: ახალი მწვრთნელის, ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას ხელმძღვანელობით ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი 30 ივნისს, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვურ "მილსამის" დაუპირისპირდება.

გუშინაც აღვნიშნეთ და დღესაც გავიმეორებთ, რომ "დინამოს" არცთუ ძლიერი მეტოქე შეხვდა (ისე, როგორც მომდევნო ეტაპზე) და, აქედან გამომდინარე, ევროტურნირებზე შარშანდელი შედეგის გამეორებაც არ უნდა გაუჭირდეს. ერთადერთი, რასაც შეიძლება პრობლემა დავარქვათ, გუნდის უამრავ ახალწვეულთა ერთმანეთში შეთამაშება უნდა იყოს; თუმცა, სწორედ ამას ემსახურება საკონტროლო მატჩებიც, სადაც საბოლოო შედეგზე მეტად, სწორედ რომ გუნდის ცალკეული
რგოლების შეთამაშება უნდა მივიჩნიოთ მთავარ მიზნად.

"დინამო" გუშინდლამდე სლოვენიაში იმყოფებოდა, სადაც საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა - დღეში ორჯერადი ვარჯიშებითა და საკონტროლო მატჩებით. პირველი სპარინგ-მატჩი ლუგანსკის "ზარიასთან" ფრედ (0:0) დამთავრდა, აი, მეორე შეხვედრაში კი, სლოვენიის ჩემპიონატის მესამეადგილოსან "კოპერთან" ჩვენი გუნდი მინიმალური ანგარიშით (1:2) დამარცხდა. "ზარიასთან" მატჩთან შედარებით "კოპერთან" შეხვედრაში ალექს გარსიამ "დინამოს" შემადგენლობაში რამდენიმე კორექტივი შეიტანა. როგორც "დინამოს" პრესატაშემ გიგა გვენცაძემ გვაცნობა, მიკროტრავმების გამო გუშინწინდელ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს: შოთა კაშიამ, სამირ ჰაჯიბულიჩმა, ნიკა ფირცხალავამ, ვახტანგ ფანცხავამ და გოგა ბერაიამ.

კაშიამ და ფირცხალავამ "ზარიასთან" მატჩი ძირითადში დაიწყეს, ჰაჯიბულიჩი შეცვლაზე შევიდა, აი, ფანცხავასა და ბერაიას კი, სამწუხაროდ, ორივე შეხვედრის გამოტოვება მოუწია. თუმცა, როგორც გიგა გვენცაძისგან შევიტყვეთ, ფანცხავაც და ბერაიაც უკვე სრულ მზადყოფნაში არიან, - ისე როგორც ფირცხალავა და ჰაჯიბულიჩი. აი, შოთა კაშიას საქმე კი უფრო რთულად არის და ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუ როდის შეუდგება სრულფასოვან ვარჯიშს "დინამოს" ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელი. თუმცა, სასიამოვნო სიახლეც იყო: როგორც უკვე გაცნობეთ, ტრავმის გამო "ზარიასთან" მატჩი ალექსანდრე კოშკაძემ გამოტოვა, აი, სლოვენიურ კოპერთან შეხვედრაში "დინამოს" კაპიტანი უკვე ძირითადში ვიხილეთ.

"დინამოს" ახალმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და "კოპერის" წინააღმდეგ თავისი გუნდი კვლავაც 4-3-3 ტაქტიკით ათამაშა. ანუ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ახალ სეზონში "დინამო" სწორედ ამ განლაგებით იასპარეზებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხბურთელებმაც მალე აუღეს ალღო ამ სიახლეს. ისიც ფაქტია, რომ გარსია ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაშია: "ზარიასთანაც" და "კოპერთანაც" ესპანელმა მწვრთნელმა უშუალოდ თამაშის მსვლელობაში უამრავი ცვლილებაც განახორციელა და ამას გარდა, რამდენიმე ფეხბურთელი სხვადასხვა პოზიციაზე მოსინჯა.

"ზარიასთან" ჩატარებულ მატჩზე ამ რამდენიმე დღის წინ უკვე ვისაუბრეთ, აი, "კოპერთან" შეხვედრაში კი "დინამომ" პირველი ტაიმი ასეთი განლაგებით დაიწყო: მეკარე - გიორგი ლორია, დაცვის ცენტრში გულვერდ თომაშვილისა და ლევან კაკუბავას წყვილი, მარცხნივ - გიორგი რეხვიაშვილი, მარჯვნივ კი - დავით ოდიკაძე, ნახევარდაცვაში ცენტრში ლევან ხმალაძე მოქმედებდა, ფლანგებზე - ნიკა კვეკვესკირი და ალექსანდრე კოშკაძე. თავდასხმაში - ირაკლი ლეკვთაძე და რობერტინიო ფლანგებზე იყვნენ გამწესებულნი, ცენტრფორვარდად კი "დინამოში" დაბრუნებული ლადო ახალაია თამაშობდა.

პირველი ტაიმი "დინამოს" აშკარა უპირატესობით წარიმართა და ერთ ეპიზოდში რობერტინიოს დარტყმის მერე ბურთი "კოპერის" კარის ძელს მოხვდა. შესვენების შემდეგ ალექს გარსიამ 7 ახალი ფეხბურთელი შემოიყვანა მოედანზე, ზოგს ამპლუა შეუცვალა და "დინამოს" განლაგებამაც შემდეგი სახე მიიღო: კარში - სოსო გრიშიკაშვილი, თომაშვილმა მარჯვენა მცველის პოზიცია დაიკავა, კაკუბავას კი ცენტრში ირჟი ჰომოლა შეუწყვილდა, დაცვის მარცხენა ფლანგზე ლევან ხმალაძემ გადაინაცვლა, ნახევარდაცვაში კი კვეკვესკირთან ერთად ჯამბულ ჯიღაური და გიორგი თექთურმანიძე ასპარეზობდნენ, თავდასხმაში ფლანგებზე გიორგი კახელიშვილი და დონალდ ჯუისი მოქმედებდნენ, ცენტრფორვარდად კი - სანდრო იაშვილი.

სწორედ იაშვილს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მის მიერ შესრულებული "სტანდარტულის" შემდეგ ბურთი კვლავაც "კოპერის" კარის ძელს მოხვდა. აი, ამის შემდეგ კი მანამდე არსებული უპირატესობა "სადღაც გაქრა". საბოლოოდ, სლოვენიელთა გამარჯვება, ალბათ ლოგიკურადაც უნდა მივიჩნიოთ. რა თქმა უნდა, ორ საკონტროლო მატჩში ნაჩვენები შედეგი (ფრე და წაგება) არავის გაუხარდებოდა, მაგრამ ამით რომ ტრაგედია არ უნდა შეიქმნას, ფაქტია.

"კოპერთან" მატჩით "დინამოს" სლოვენიური შეკრება დასრულდა - გუშინ, 21 ივნისს საღამოს ჩვენი გუნდი ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც ორ დღეს დაჰყოფს. ავსტრიაში გუნდთან ერთად იქნება კლუბის გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი, თანაც, თბილისში გამომგზავრებამდე "დინამო" კიდევ ერთ სპარინგ-მატჩს ჩაატარებს - ავსტრიის ჩემპიონ "შტურმთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს არ არის საქართველოს მომავალი რა, შემტევი ფეხბურთი არის ბრაზილიის დონის და ბარსელონას დონის გუნდებისთვის, ჩვენ ან დაცვით ან მინიმუმ პრაგმატული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს წარმმატებები იქნება ერთჯერადი და არა კანონზომიერი.
Georgia-4ever***
10:13 22-06-2011
0
ადრე აბა რას თამაშობდნენ -?
4-3-3 არ იყო ადრეც ?

შეტევა ბიჭებო!! ა მატაობა და ტექნიკა !!!!
otar
11:20 22-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული