ფეხბურთი დევნილობაში

AutoSharing Option
ამას წინათ "ლელოში" საქართველოს ფეხბურთის რეგიონული ფედერაციებისადმი დასმული სამი შეკითხვა გამოვაქვეყნეთ. გვაინტერესებდა მათი მუშაობის მიზნები, შედეგები, პრობლემები. დღეს ინფორმაციას აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის შესახებ მოგაწვდით, ახლო მომავალში კი სხვა რეგიონებზეც გიამბობთ.

გაზაფხულზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მეოთხე კონფერენცია ჩატარდა, დელეგატებმა პრეზიდენტის უფლებამოსილება გაუხანგრძლივეს მურად ანჯაფარიძეს. იმავე თავყრილობაზე შეჯამდა განვლილ წლებში გაწეული სამუშაო და სამომავლო გეგმებიც დაისახა.

რამდენიმე წლის წინათ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "სოხუმი" ასპარეზობდა, რომელიც უსახსრობის გამო დაიშალა. აფფ-ს არ აქვს იმხელა ბიუჯეტი, რომ პროფესიული საფეხბურთო კლუბი შეინახოს და ამიტომაც
ცდილობს, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში შეიტანოს თავისი წვლილი, მოზარდთა და ჭაბუკთა ლიგების გათამაშებებს სისტემატურად ატარებს.

გასულ სეზონში "გაგრამ" საქართველოს თასი მოიპოვა და ახლახან ევროპის ლიგაზეც იასპარეზა. მართალია, ამ კლუბის დაფინანსებაში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას წილი არ უდევს, მაგრამ მისი ხელმძღვანელობა ამ გუნდის წარმატებებით ამაყობს.

აფფ ბოლო წლებში აქტიურად მუშაობდა ახალბედა მსაჯების მოსამზადებლად და მეორე და მესამე კატეგორიები 14 ახალგაზრდას მიენიჭა, რომელთა შორის ორი გოგონაცაა.

პერიოდულად იკრიბება და საქველმოქმედო ამხანაგურ მატჩებს ატარებს აფხაზეთის ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიასაც უთამაშია.

განსაკუთრებით ნაყოფიერია აფფ-ისა და "ღია სახალისო ფეხბურთის" სკოლების თბილისის ოფისის მჭიდრო თანამშრომლობა, რის შედეგადაც ამ პროგრამაში მონაწილეობა აფხაზეთიდან დევნილმა ასეულობით ბავშვმა მიიღო.

აფფ-ს საკმაოდ მოკრძალებული ბიუჯეტი აქვს. მისი დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან მიღებული გრანტები, სხვადასხვა საფეხბურთო ღონისძიებიდან შემოსული თანხები და სხვა არასაბიუჯეტო შემოსავლები. მთლიანობაში წლიური ბიუჯეტი 80-90 ათას ლარს არ აღემატება.

ხარჯი კი მცირე სულაც არ არის; შემოსული თანხები მსაჯებისა და დამკვირვებლების სახელფასო ანაზღაურებასა და ფედერაციის აპარატის შენახვას ხმარდება. ფედერაცია შეძლებისდაგვარად ეხმარება დევნილ და გალის რაიონში მცხოვრებ ბავშვებს, ვეტერან ფეხბურთელებსა და მათ ოჯახებს.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია მოხარულია, რომ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებში კვლავაც იზრდებიან მაღალი დონის ფეხბურთელები, რისი დასტურიცაა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში აკაკი ხუბუტიას დამკვიდრება და ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, როგორებიც არიან: ლევან კაკუბავა, ნიკა კვეკვესკირი, ნიკა ძალამიძე, ბაქარ მირცხულავა, ნიკა შონია, დავით კაკულია და სხვები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული