"ზესტაფონი" ედიკ საჯაიას იმატებს

AutoSharing Option
"ზესტაფონმა" ქუთაისში "ტორპედო" გია გეგუჩაძის გარეშე დაამარცხა - როგორც კლუბის პრესსამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ გვაცნობა, მთავარი მწვრთნელი მოიწამლა და "ზესტაფონს" ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ამიტომაც ვერ უხელმძღვანელა. თუმცა გეგუჩაძის მდგომარეობა საგანგაშო არ არის და საწვრთნელ პროცესს მალე დაუბრუნდება.

სამაგიეროდ, ფეხბურთს დიდი ხნით დაემშვიდობა გიორგი ხიდეშელი, რომელმაც "დაჩიასთან" გასვლით მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, "ზესტაფონის" ცენტრალურმა მცველმა მოლდოვაში მენისკი და ჯვარედინი იოგები ერთდროულად დაიზიანა და მოედანს დაახლოებით ნახევარ წელიწადში დაუბრუნდება. მას ბელგიაში უკვე გაუკეთეს ოპერაცია.

ხიდეშელის არყოფნაში კი საქართველოს
ჩემპიონებს დაცვის ცენტრში უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილების მქონე მხოლოდ ორი ფეხბურთელი დარჩათ - გიორგი ონიანი და მამუკა კობახიძე. ახალი ცენტრალური მცველის დამატება აუცილებელი იყო და კლუბმა ეს პრობლემა უკვე გადაჭრა - რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ "ზესტაფონში" ედიკ საჯაიას გადასვლა გადაწყვეტილი იყო და ასეც მოხდა, გუნდის განაცხადში გამოცდილ უკანახაზელს, სავარაუდოდ, დღეს შეიყვანენ. შეგახსენებთ, ევროპის ლიგის პლეი ოფში ბელგიურ "ბრიუგესთან" პირველ მატჩს ონიანი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს და მისი ადგილი, წესით, სწორედ საჯაიამ უნდა დაიკავოს.

თანდათან უმჯობესდება ზურაბ მენთეშაშვილის მდგომარეობა. გამოცდილ ნახევარმცველს, რომელიც "ზესტაფონს" გასულ ზამთარში შეუერთდა, ფეროელთა შემადგენლობაში დებიუტი დაახლოებით ერთ თვეში ექნება. მენთეშაშვილი დღეიდან ინდივიდუალურ ვარჯიშს იწყებს, გოგი ფიფია კი, უკვე კარგა ხანია, ვარჯიშობს.

ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას კი "ზესტაფონი" არა სტუმრად, არამედ შინ ჩაატარებს, თანაც, კვირის ნაცვლად შაბათს. საქმე ის არის, რომ ფოთის სტადიონზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და "კოლხეთის" თხოვნით, "ზესტაფონმა" მატჩის მასპინძლობა ითავა. თამაშის 14-დან 13 აგვისტოს გადატანა კი "ზესტაფონის" სურვილი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული