მარკ მარტენსი: ჩემი პაციენტები მეტწილად ხელოვნურ საფარზე მოთამაშეები არიან

AutoSharing Option
გუშინ გაცნობეთ, რომ თბილისში ცნობილი ბელგიელი ექიმი, დოქტორი მარკ მარტენსია ჩამოსული. შეგახსენებთ, მსოფლიოში სახელგანთქმული ქირურგი საქართველოს იმისთვის ეწვია, რომ "გაგრას" ნიგერიელი თავდამსხმელის, აბაიომი ოვონიკოკოსთვის ოპერაცია გაეკეთებინა.

თავდაპირველად მარტენსს მის მგდომარეობაზე ვკითხეთ, თუმცა ბელგიელი სტუმარი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა და სხვა მნიშვნელოვან თემებზეც ენაწყლიანად გველაპარაკა.

- როგორ ჩაიარა ოვონიკოკოს ოპერაციამ?
- ყველაფერი კარგადაა. ოვონიკოკო კლინიკაში მხოლოდ ერთ ღამეს გაატარებს. როგორც იცით, მან მუხლის ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა და ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელს მოედანზე დასაბრუნებლად მინიმუმ ექვსი თვე სჭირდება. რაკი მას ზედმეტი გართულებები არ აქვს,
დიდი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ექვს თვეში ითამაშებს. კარგი იქნებოდა, სარეაბილიტაციო პერიოდის ერთი თვე მაინც გაეტარებინა ბელგიაში, მაგრამ რადგან იქ ჩასვლის უფლება არ აქვს, მითითებებს ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის მეშვეობით მივაწვდით.

- ახლახან ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეთ "ზესტაფონის" ფეხბურთელ გიორგი ხიდეშელს. მისი მდგომარეობა როგორია?
- იმის მიუხედავად, რომ გიორგის ჯვარედინ მყესებთან ერთად მენისკიც გაუწყდა, მისი ტრავმა დაახლოებით ოვონიკოკოს სიმძიმისაა. ასე რომ, ნახევარ წელიწადში ხიდეშელის თამაშსაც ნახავთ. მას უკვე შეუძლია ყავარჯნებით სიარული, ექვს კვირაში კი თავისუფლად გაივლის და მსუბუქ ინდივიდუალურ ვარჯიშსაც დაიწყებს.
კარგია, რომ იგი ბელგიაში კიდევ ჩამოვა და მისი გამოჯანმრთელების პროცესს ადგილზე დავაკვირდებით.

- რა იწვევს ასეთი სიმძიმის ტრავმას, შეიძლება თუ არა მისი თავიდან აცილება?
- მუხლის ჯვარედინი მყესები ათიდან ცხრა შემთხვევაში ფეხბურთელებს უწყდებათ, რასაც მარტივი ახსნა აქვს - სპორტის ამ სახეობაში ფეხს ყველაზე დიდი დატვირთვა ადგას და მუხლი, ასე ვთქვათ, "ცვდება". მუხლის სახსარი ყოველწამიერად იხრება, თანაც ყველა შესაძლო მიმართულებით, რასაც სპორტის სხვა სახეობებში ვერ ნახავთ. შესაბამისად, მყესების გაწყვეტა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი. აქ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ფეხბურთელის წონას, სიმაღლესა თუ ფიზიკურ მომზადებას. ეს ჩვეულებრივი უიღბლობაა და მეტი არაფერი. თუმცა მნიშვნელობა აქვს მოედნის საფარს. ხარისხიან მინდორზე ტრავმის საფრთხე მცირდება, ხელოვნურსაფარიანი მოედანი კი, პირდაპირ გეტყვით, ფეხბურთელის დიდი მტერია.

ჩემი პრაქტიკიდან ერთ ფაქტს გეტყვით - ბოლო წლებში ინგლისის ქვედა ლიგის კლუბებმა საკუთარ სტადიონებზე ხელოვნური საფრის დაგება დაიწყეს და - ჩემს პაციენტებში სწორედ ამ კლუბების ფეხბურთელები მომრავლდნენ.

- ქართველი ფეხბურთელებისთვის ადრეც გიმკურნალიათ...
- დიახ, ოპერაციები კახა კალაძესა და რატი წინამძღვრიშვილს გავუკეთე და მოხარული ვარ, რომ ისინი კარიერას აგრძელებენ. ნამდვილად არავის ვუსურვებ საქმე საოპერაციოდ გაუხდეს, მაგრამ თუკი საჭირო გახდა, ყველას ყოველთვის სიამოვნებით დავეხმარები.

- ქართველ კოლეგებთან შეხვედრას და მათთვის გამოცდილების გაზიარებას ხომ არ აპირებთ?
- ამჯერად კონკრეტული ოპერაციის ჩასატარებლად და თქვენი დედაქალაქის ხედებით დასატკბობად ჩამოვედი, მომავალში კი არაფერია გამორიცხული თუ ორმხრივი სურვილი იქნება. ვიცი, რომ საქართველოს ბევრი სახელოვანი ექიმი ჰყავს და თქვენი ქვეყანა ჩემთვის ამ კუთხითაც ძალიან საინტერესოა.

- თქვენი პაციენტები კაკა, შევჩენკო და სხვა ცნობილი ფეხბურთელები არიან. წარმოუდგენლად გვეჩვენება, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ იყოთ.
- ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, მაგრამ ჩემი საყვარელი გასართობი ფეხბურთის ყურება და ფეხბურთის თამაშია. თანაც, არა მხოლოდ გრანდების, ვცდილობ, შედარებით პატარა მასშტაბის მატჩებიც არ გამოვტოვო. სამწუხაროდ, თბილისში "ზესტაფონისა" და "ბრიუგეს" მატჩზე მისვლას ვერ შევძლებ, მაგრამ ბელგიაში ამ გუნდების საპასუხო შეხვედრას აუცილებლად დავესწრები, ოღონდ არ მკითხოთ, ვის ვუქომაგებ (იცინის).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალია ეს ადამიანი... სწორედ ხელოვნური საფარის ბრალია ჯანოს კოჭის მყესები სულ რომ აწუხებს... გადავიდეს რა დროზე სხვა გუნდში ცოდოა ეგ ბიჭი, თანაც სპარტაკი არამარტო თამაშობს ხელოვნურ საფარზე არამედ ვარჯიშობს კიდეც...
irakli
15:47 17-08-2011
0

სიახლეები პოპულარული