ლევან ფანიაშვილი: შეცდომები გაანალიზდება, ახალგაზრდები მოდიან

AutoSharing Option
"ლელო" დღეიდან ახალ რუბრიკას ხსნის. სამსაჯო თემა ნებისმიერ საფეხბურთო ქვეყანაში აქტუალურია და გამონაკლისი არც საქართველოა. პერიოდულად ამ თემას ჩვენც შევეხებით, ყველაზე ხშირად კი რესპონდენტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების უფროსი ლევან ფანიაშვილი იქნება. რუბრიკის პირველი სტუმარიც სწორედ ისაა.

- ახალი სეზონის დაწყებიდან მცირე დროა გასული, თუმცა, ალბათ, მსაჯობის დონის შეფასება უკვე შესაძლებელია.
- გარკვეული შეცდომების მიუხედავად, მთლიანობაში მსაჯების მუშაობას დადებითად ვაფასებ. ისევე, როგორც ფეხბურთელებს, მსაჯებსაც სჭირდებათ ფორმაში ყოფნა და ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ მალე ისინიც უკეთ იმოქმედებენ.

- მიმდინარე სეზონში მსაჯი
აშკარად მხოლოდ ერთხელ შეცდა, "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩს ვგულისხმობთ.

- დიახ, იმ ეპიზოდში სადავო არაფერი იყო, მსაჯებმა აშკარა შეცდომა დაუშვეს. წესებში გარკვევით წერია, რომ მეკარისგან მიღებული პასის დროს თამაშგარე მდგომარეობა არ ფიქსირდება.

- ამ შემთხვევაში არბიტრი უფროა დამნაშავე თუ თანამსაჯი?
- უპირველესად, თანამსაჯი, რადგან თამაშგარე მდგომარეობის კონტროლი მისი პრეროგატივაა. თუმცა პასუხისმგებლობა არბიტრსაც ეკისრება, რადგან ისიც ვალდებულია, ასეთ მომენტებში სრული კონცენტრაციით იმოქმედოს. მსაჯების შეცდომას ჩვენი მხრიდან ყოველთვის სათანადო რეაგირება მოსდევს ხოლმე და ახლაც ასე იყო. ისე კი, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ მათ ეს წესი არ იცოდნენ, აქ საქმე კონცენტრაციის დაკარგვასთან გვქონდა.

- სხვა მატჩებში ისეთი შეცდომა ხომ არ დაფიქსირებულა, რომელმაც თამაშის შედეგზე გავლენა მოახდინა?
- საბედნიეროდ, არა. იყო წვრილმანი შეცდომები, მაგრამ ამის გარეშე წარმოუდგენელია. ყოველთვიურად საქართველოს ჩემპიონატისა და თასის მატჩებისგან ვიდეოკოლაჟებს დავამზადებთ და საკამათო ეპიზოდებს დეტალურად განვიხილავთ.

- როგორ აფასებთ ახალი მსაჯების მომზადების დონეს?
- მოხარული ვარ, რომ ამ საქმით ახალი თაობა ინტერესდება და რამდენიმე ახალგაზრდა მსაჯს საკმაო ნიჭსა და მონდომებას ვატყობ. ამას, ალბათ, გულშემატკივრები და ჟურნალისტებიც ამჩნევენ. უმაღლეს ლიგაში უკვე რამდენიმე ახალგაზრდა მსაჯი დავაწინაურეთ და მალე სხვა დებიუტანტებსაც იხილავთ.

- მატჩების რაოდენობა გაიზარდა როგორც უმაღლეს, ასევე პირველ ლიგაში. ამისთვის მსაჯთა რაოდენობა თუ არის საკმარისი?
- უფრო დატვირთული გრაფიკით მოგვიწევს მუშაობა, მაგრამ ამისთვისაც მზად ვართ. მსაჯი ასეთ გარემოში უფრო სწრაფი ტემპით გაიზრდება.

- მსაჯები ჰონორარს დროულად იღებენ?
- დიახ, თანხები შეუფერხებლად გაიცემა, რაც, ბუნებრივია, მსაჯებისთვის სერიოზული სტიმულია. გაზრდილი ანაზღაურება მათ მუშაობაზე დადებითად აისახება.

- მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი როგორ მიმდინარეობს?
- ამ კუთხით ფიფასა და უეფას თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდით და ტრადიცია გრძელდება. შეუფერხებლად ვიღებთ ახალ სასწავლო მასალებს და ცოდნასა და გამოცდილებას ვიღრმავებთ. მოგვარდა ეკიპირების პრობლემაც, ფედერაციამ მსაჯებს სრული აღჭურვილობა შეუძინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული