შინაარსიანი და იმედიანი ზაფხული

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ევროტურნირების საშემოდგომო ეტაპამდე ქართულმა კლუბებმა ვერც ამჯერად მიაღწიეს, მაგრამ მათმა ასპარეზობამ ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გაგვიჩინა. ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ზღურბლზე ხომ ერთბაშად ორი ქართული კლუბი იდგა, მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიც თითქოს ერთი ხელის გაწვდენაზე იყო...

ასეა თუ ისე, ევროსარბიელზე გასული ოთხივე ქართული კლუბის გამოსვლა დადებითაც უნდა შევაფასოთ. ”დინამომ" სამი ბარიერი გადალახა, ”მეტალურგმა" - ორი, ”ზესტაფონმა" - ერთი, არც პირველივე მეტოქესთან დამარცხებული ”გაგრა" შერცხვენილა და ევროპის ლიგას საშინაო გამარჯვებით დაემშვიდობა.

რაც მთავარია, გაკეთდა არა მხოლოდ რომელიმე კლუბისთვის სასარგებლო, არამედ
მთლიანად ქართული საქმე - საქართველომ უეფას კოეფიციენტების რეიტინგში გვარიანი პროგრესი განიცადა და თუკი შარშან 36-ე ადგილზე იყო, ამ მომენტისთვის 31-ე პოზიცია უკავია. ყოველივე ეს ქართული კლუბების საევროთასო გზას გაისადვე ვერ გაამარტივებს, მაგრამ თუ უახლოეს წლებში ამგვარი და უფრო დიდი წარმატებით ვიასპარეზებთ, არცთუ შორეულ მომავალში ევროტურნირებზე 4-ზე მეტი კლუბიც გვეყოლება და მათ ნაწილს ბრძოლის დაწყება ადრეული ეტაპებიდან აღარ მოუწევს.

შესაძლოა, 31-ე ადგილი მომავალ ზაფხულამდე ვერ შევინარჩუნოთ, მაგრამ დიდი ვარდნა მაინც არ გვემუქრება - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ითამაშებენ ევროპის ლიგის ჯგუფში რეიტინგში ჩვენზე ქვემოთ მდგომი ორი ქვეყნის წარმომადგენლები - ირლანდიური ”შემროკი" და სლოვენიური ”მარიბორი".

ამ ევროტურნირებზე ქართულმა კლუბებმა ჯამში 2,875 ქულას მოუყარეს თავი, რაც საქართველოსთვის სარეკორდოა - მხოლოდ ახლა გავაუმჯობესეთ 2004 წელს დამყარებული პირადი რეკორდი, როცა დიდწილად ”დინამოს" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის გამო საქართველომ 2,666 ქულა დააგროვა.

”დინამომ" წლევანდელ მონაგარშიც სოლიდური წვლილი შეიტანა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ”ზესტაფონისგან" განსხვავებით, საქმე უმეტესად სუსტ გუნდებთან ჰქონდა, თუმცა დღეს იოლად დასამარცხებელი მეტოქე ძალიან ცოტაა.

წარმოგიდგენთ ქართული კლუბების საზაფხულო მონაგარს.

ზესტაფონი
ჩემპიონთა ლიგა, მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი
დაჩია (მოლდოვა) შინ 3:0, სტუმრად 0:2

ჩემპიონთა ლიგა, მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი
შტურმი (ავსტრია) შინ 1:1, სტუმრად 0:1

ევროპის ლიგა, პლეი ოფი
ბრიუგე (ბელგია) შინ 3:3, სტუმრად 0:2

6 მატჩი, 1 გამარჯვება, 2 ფრე, 3 მარცხი, ბურთები 7-9

დინამო
ევროპის ლიგა, პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
მილსამი (მოლდოვა) შინ 2:0, სტუმრად 3:1

ევროპის ლიგა, მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი
ლანელი (უელსი) სტუმრად 1:2, შინ 5:0

ევროპის ლიგა, მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი
რეიკიავიკი (ისლანდია) სტუმრად 4:1, შინ 2:0

ევროპის ლიგა, პლეი ოფი
აეკ (საბერძნეთი) სტუმრად 0:1, შინ 1:0 (დ.დ. 1:1)

8 მატჩი, 5 გამარჯვება, 1 ფრე*, 2 მარცხი, ბურთები 18-6

მეტალურგი
ევროპის ლიგა, პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
ბანანცი (სომხეთი) სტუმრად 1:0, შინ 1:1

ევროპის ლიგა, მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი
ირტიში (ყაზახეთი) შინ 1:1, სტუმრად 2:0

ევროპის ლიგა, მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი
რენი (საფრანგეთი) შინ 2:5, სტუმრად 0:2

6 მატჩი, 2 გამარჯვება, 2 ფრე, 2 მარცხი, ბურთები 7-9

გაგრა
ევროპის ლიგა, მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი
ანორთოსისი (კვიპროსი) სტუმრად 0:3, შინ 2:0

სულ: 22 მატჩი, 9 გამარჯვება, 5 ფრე*, 8 მარცხი, ბურთები 34-26
* უეფას კოეფიციენტების რეიტინგში აეკ-თან საშინაო მატჩში დაგვიფიქსირდა ფრე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სუსტ გუნდებთან 2 ქულა ავიღეთ და უკვე ოპტიმიზმის საფუძველი გვქონია. ამიტომ არის რომ ფეხბურთში საქართველო წინ ვერ მიდის.
ramo
12:09 13-09-2011
0

სიახლეები პოპულარული