შეგახსენებთ, ქართველმა გულშემატკივარმა იგი "ვიტ ჯორჯიაში" თამაშისას გაიცნო, რის შემდეგაც ყიფიანმა რამდენიმე წელიწადი ისრაელში გაატარა, სადაც ითამაშა კიდეც და სამწვრთნელო კარიერასაც ხელი მოჰკიდა. შარშან კი ნახევარი სეზონი ბოლნისის "სიონის" მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც სამწვრთნელო ნიჭი აშკარად გამოავლინა.
-
- აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. მართალია, გიორგი ჭიაბრიშვილთან ბავშვობიდან ვმეგობრობ და ჩვენი საფეხბურთო შეხედულებებიც ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი, რომ "ზესტაფონი" ჩემით დაინტერესდებოდა.
- გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეთ?
- საფიქრალი ბევრი არაფერი მქონდა. როცა შენი სამსახურით საქართველოს ჩემპიონი, ამბიციური კლუბი ინტერესდება, უარის თქმის საფუძველი არ გაქვს. თუმცა არჩევანი ნამდვილად მქონდა - ისრაელში ფეთაჰ თიქვას "ჰაპოელში" პრაქტიკას გავდიოდი. იქ სამწვრთნელო შტაბი თავიდან ყალიბდებოდა და გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მიწვევდნენ.
ისრაელში ბრწყინვალე საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობებია, მაგრამ "ჰაპოელისა" და "ზესტაფონის" შედარება არ შეიძლება - ორ კლუბს შორის გაცილებით ძლიერი და პერსპექტიული ავირჩიე. აქ თითოეული თანამშრომელი მაქსიმუმს აკეთებს კლუბის წარმატებისთვის, ხელმძღვანელობა რეალურადაა დაინტერესებული არა მხოლოდ "ზესტაფონის", არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთის განვითარებით. კარგად მიმიღეს ფეხბურთელებმაც, მოკლედ, ყველას ერთმანეთის დიდი იმედი გვაქვს.
- სამწვრთნელო გამოცდილება ისრაელში მიიღეთ. სამწვრთნელო A ლიცენზიის მოპოვებას იქ აპირებთ თუ საქართველოში?
- საქართველოში, რადგან B ლიცენზია აქ მაქვს აღებული და საზღვარგარეთ სწავლის უფლება აღარ მაქვს. დიდი ხანია, A ლიცენზიის მოპოვება მსურს, მაგრამ მიზეზთა გამო, სემინარებზე სიარულს ვერ ვახერხებდი. კარგია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მალე A ლიცენზიის პროგრამას იწყებს და ამ კურსებს ნამდვილად აღარ გავაცდენ. დასაქმებული მწვრთნელისთვის სემინარზე სიარული ცოტა ძნელია, რადგან პროგრამა საერთო ჯამში დაახლოებით ხუთი კვირა გრძელდება, მაგრამ საამისო დროს აუცილებლად გამოვნახავ.
- მთავარი მწვრთნელობის გამოცდილება უკვე გაქვთ. ამის შემდეგ მეორე მწვრთნელად მუშაობა რაიმე დისკომფორტს ხომ არ შეგიქმნით?
- არავითარ შემთხვევაში. მწვრთნელი ყოველდღიურად უნდა სწავლობდეს და ვითარდებოდეს, რაც "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობისას ყოველმხრივ შესაძლებელია. საქმეს მთელი სულით და გულით შევუდექი, რადგან ვხედავ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. აქ მისი მოწვევით ჩამოვედი და მზად ვარ, ბოლომდე დავუდგე გვერდში. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საკმაო ცოდნა დააგროვა და მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ბუნებრივია, "ზესტაფონის" წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა გია გეგუჩაძემ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთYსაუკეთესო მწვრთნელად მიმაჩნია.
- როგორ გაიხსენებთ "სიონში" გატარებულ პერიოდს?
- იყო დადებითი და უარყოფითი მომენტებიც, მაგრამ მიმაჩნია, რომ მთლიანობაში, ბოლნისში ძალიან ნაყოფიერი დრო გავატარე. ვიმუშავე რთულ, მაგრამ ამავდროულად, საინტერესო გარემოში. გუნდი ხომ სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჩავიბარე და იმის მიუხედავად, რომ შეცდომებიც მქონდა, ამის კვალობაზე ნორმალურ შედეგებს მივაღწიე. ჩემპიონატის მეორე ეტაპის დაწყებამდე "სიონი" საკუთარი სურვილით დავტოვე, რადგან მე და კლუბის ხელმძღვანელობას განვითარების გეგმაზე სხვადასხვა შეხედულება გვქონდა.
ექვსთვიანი და ერთწლიანი გუნდის გაკეთება საქმეს არ წაადგება. ამის მიუხედავად, ამ ხალხის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან უმაღლეს ლიგაში მუშაობის საშუალება ახალბედა და გამოუცდელ მწვრთნელს მომცეს.
- ისრაელში არაერთი წელიწადი გაგიტარებიათ და საინტერესოა, როგორია იქაური საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა, ეროვნული ჩემპიონატის დონე...
- იქ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ, უბრალოდ, იციან, რა არის საჭირო ფეხბურთის სწორი განვითარებისთვის, არც უსახსრობას უჩივიან და ნამდვილი საფეხბურთო სამოთხე აქვთ მოწყობილი. შეიძლება, ისრაელი საფეხბურთო გრანდებს არ განეკუთვნებოდეს, მაგრამ მათი მუშაობის სპეციფიკა ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს. ისიც უნდა ითქვას, რომ ისრაელი, საქართველოსგან განსხვავებით, სულაც არ არის განებივრებული ტალანტების სიმრავლით, მაგრამ იმდენს ახერხებენ, რომ არსებული რესურსებით მაქსიმალურ შედეგს აღწევენ.
ჩვენ ფეხბურთში მათი ფინანსების ნახევარიც რომ ჩაიდოს, საქართველო ევროპის ერთ-ერთი წარმატებული საფეხბურთო ქვეყანა გახდება. სამწუხაროდ, ისრაელამდე ძალიან ბევრი გვიკლია - ფინანსების, ინფრასტრუქტურის, ბავშვთა ფეხბურთის, პროფესიონალიზმის და თუნდაც ინტერესის მხრივ. ისრაელის არა მხოლოდ უმაღლესი, რანგით მეორე ლიგაც კი საკმაოდ მაღალი დონისაა და ტელევიზიითა და პრესით ძალიან დეტალურად შუქდება.
- ჩვენი ჩემპიონატის დონე ბოლო წლებში მცირედით მაინც არ ამაღლდა?
- გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ, სამწუხაროდ, განსაკუთრებულ წინსვლას ვერ ვხედავ. სანამ უმაღლესი ლიგის კლუბებს ელემენტარული პრობლემები აწუხებთ და ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგანან, მანამდე ძლიერი ჩემპიონატი ვერ გვექნება. ძალიან კარგია, რომ რამდენიმე კლუბს კარგი დაფინანსება და გამართული ინფრასტრუქტურა აქვს, მაგრამ მათ მაგალითს სხვებმაც უნდა მიბაძონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"