უფრო კონკრეტულად, 19-22 სექტემბერს ლიმასოლში უეფას წევრი ქვეყნების პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი გაუძღვა. შეხვედრაზე არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტზე იმსჯელეს, რომელთა შესახებაც ქვემოთ გიამბობთ. მანამდე კი იმას აღვნიშნავთ, რომ ყველა სიახლე ჯერ პროექტის სახითაა წარმოდგენილი, რომელთა თაობაზეც ნოემბერში გადაწყვეტილებას ფიფას აღმასკომი
მეტი სეირი, მეტი ხეირი
უკვე ცნობილია, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც საფრანგეთში გაიმართება, 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე დღის წინ გაგაცანით შესარჩევი ტურნირის სტრუქტურაც, რომლის მიხედვითაც ფინალურ სტადიაზე გასვლის შანსი შესარჩევი ჯგუფების მესამეადგილოსნებსაც კი მიეცემათ.
თუმცა ცვლილებები მხოლოდ ამით არ ამოიწურება. იცვლება კალენდარი, ანუ საკვალიფიკაციო მატჩებისთვის გამოიყოფა განსაზღვრული კვირები და შეხვედრები მთელი კვირის დღეებზე უნდა გადანაწილდეს. ამით უეფა შესარჩევი თამაშების პრესტიჟის ამაღლებას, მათ მიმართ ყურადღების გაზრდასა და, ბუნებრივია, მეტი შემოსავლის მიღებას იმედოვნებს.
რაც შეეხება გრაფიკს, პროექტის მიხედვით, სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში თითოეული ნაკრები თვეში ორ მატჩს ჩაატარებს, ასევე ორს - მარტში, ერთს კი ივნისში. სავარაუდოდ, სანაკრებო შესარჩევი შეხვედრები აღარ გაიმართება ივნისში, რადგან სეზონის დასრულების შემდეგ თამაში აღარავის უნდა, აგვისტოს ამოვარდნა კი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია.
მნიშვნელოვანი სიახლეებია სატელევიზიო ტრანსლაციებშიც. 2014 წლიდან ყველა სატელევიზიო უფლება უეფას ხელში გადავა და თანხებსაც თავად გაანაწილებს. განურჩევლად სიდიდისა თუ საფეხბურთო წარმატებებისა, ყველა ქვეყანას ერთნაირი შემოსავალი ექნება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შემოსავალი ერთი ციკლიდან 4-დან 10 მილიონ ევრომდე იქნება, მაშინ, როცა ტრანსლაციებიდან აქამდე მხოლოდ 1,7 მილიონს იღებდა.
ახალგაზრდულის თამაშები ისევ ეროვნულისას მიებმება
არც თუ შორეულ წარსულში ახალგაზრდული ნაკრებები ერთმანეთს ეროვნული გუნდების პარალელურად ეთამაშებოდნენ, შემდეგ კი მათი გზები დაცალკევდა. 2014 წლიდან უეფა ძველ სისტემას დაუბრუნდება და ახალგაზრდულ ნაკრებთა ჯგუფების შემადგენლობა ეროვნული გუნდების ანალოგიური იქნება.
პლატინის აზრით, 21-წლამდელთა მატჩები არ იმსახურებს იმხელა ყურადღებას, რომ მათი საკვალიფიკაციო ტურნირი ცალკე ჩატარდეს. უეფას პრეზიდენტმა არც ახალგაზრდათა ევროჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას დაუჭირა მხარი და ამ ტურნირში ორ წელიწადში ერთხელ კვლავაც 8 გუნდი იასპარეზებს.
უცვლელი დარჩა 19-წლამდელთა შეჯიბრების სტრუქტურაც - ევროპის ჩემპიონატი ამ ასაკში კვლავაც ყოველ წელიწადს ჩატარდება და ფინალურ ტურნირზე კვლავაც 8 ნაკრები ითამაშებს. 19 და 17-წლამდელებში შეიცვალა განაცხადში ფეხბურთელთა რაოდენობა - შესარჩევ და ფინალურ ეტაპებზე განაცხადში 18-ის ნაცვლად 20 მოთამაშის შეყვანა იქნება შესაძლებელი.
17-წლამდელებში სხვა, გაცილებით სერიოზული ცვლილებაცაა - ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი იასპარეზებს, რაც საქართველოს ნაკრებს იქ მოხვედრის საკმაოდ რეალურ შანსს აძლევს.
დიდი პრობლემები ყოფილა ფუტსალში, რომელსაც უეფასთვის დიდი მოგება ვერ მოაქვს. აქედან გამომდინარე, გაუქმდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, ეროვნული გუნდები კი კონტინენტის პირველობაზე ორ წელიწადში ერთხელ ითამაშებენ. ფინალური ტურნირის მონაწილეთა რაოდენობა 12 იქნება.
კავკასიური ლიგა მეზობლებმა ჩაშალეს
უეფამ ქვეყნებს გაერთიანებული ჩემპიონატების ჩატარება შესთავაზა. ასე, მაგალითად: დიდია იმის ალბათობა, რომ ახლო მომავალში ერთობლივი ლიგა შექმნან ბალტიისპირელებმა, სკანდინავიელებმა, ჩეხებმა და სლოვაკებმა. ჩანასახშივე მოისპო კავკასიური ლიგის ჩამოყალიბების იდეა - ალბათ, ხვდებით, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გამო, თუმცაღა ჩვენი ფედერაცია ამ საკითხზე სასაუბროდ მზად იყო.
ისიც სათქმელია, რომ მსგავსი იდეების განხორციელებას მხოლოდ პოლიტიკური ვითარება არ უშლის ხელს. აუცილებლად გაიმართება ცხარე კამათი იმის შესახებ, როგორ უნდა განაწილდეს ევროთასების საგზურები, რომელმა კლუბმა უნდა ითამაშოს სამეზობლო ლიგაში, რომელი დარჩეს შიდა ჩემპიონატში...
ამ საკითხებზე სამუშაოდ უეფაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა.
დაზღვევის საკითხი ჰაერშია
უეფას წევრი ქვეყნები ვერაფრით შეთანხმდნენ ფეხბურთელთა დაზღვევის თემაზე. ხელმოკლე ფედერაციებმა განაცხადეს, რომ მათ ეროვნული ნაკრების წევრთა დაზღვევის შესაძლებლობა არ აქვთ, შესაბამისად, ბობოლა ქვეყნებმა ამ საკითხის სათავისოდ გადაწყვეტა ვერ შეძლეს. ცნობისთვის, საერთო სადაზღვევო თანხა დაახლოებით 2-3 მილიონი ევროა, რაც მოკრძალებული საფეხბურთო ქვეყნებისთვის სოლიდური თანხაა.
თბილისი და ევრომარაქა 2014
2012 წელს ევროპის სუპერთასის შეხვდრა მონაკოში ბოლოჯერ ჩატარდება, რის შემდეგაც ამ ერთმატჩიან რაუნდს მუდმივი მასპინძელი აღარ ეყოლება და სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. 2013 წელს სუპერთასი პრაღაში გათამაშდება, 2014 წელს კი მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატი თბილისი, კონკრეტულად კი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი იქნება.
საამისო მოთხოვნების დაკმაყოფილება ჩვენს დედაქალაქს შეუძლია - პრესტიჟული სასტუმროების რაოდენობაც საკმარისია და სტადიონის ტევადობაც. აი, ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის კი ჯერ მზად არ ვართ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ასევე აპირებს ევროპის 17 ან 19-წლამდელთა ტურნირის ფინალური ეტაპისა და ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლას.
ეს სამომავლო გეგმებია, უახლოესი და, რაც მთავარია, სავსებით რეალური ამოცანა კი 17 ან 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მასპინძლობაა.
სიჭინავა აზუსტებს: დიახ, შუშანიკი
სიჭინავამ გვერდი არ აურა სანაკრებო თემასაც და პრესკონფერენცია იმით დაასრულა, რითაც თითქოს უნდა დაეწყო - ბუნებრივია, ბოლოდროინდელ აჟიოტაჟს ვგულისხმობთ ეროვნული ნაკრების გაახალგაზრდავებასთან დაკავშირებით. სფფ-ის თავკაცის თქმით, ნაკრებში თაობათა ცვლა გარდაუვალი პროცესია, მაგრამ ეროვნული გუნდიდან წასვლის კანდიდატები კონკრეტულად არავის დაუსახელებია.
მან იქვე დასძინა, რომ შუშანიკის ხსენებისას სწორედ ქართველთა წმინდანი იგულისხმა და არა ხორვატი ივო შუშაკი. "ნაკრებმა საუკუნეების განმავლობაში ერთი და იგივე ფეხბურთი არ უნდა ითამაშოს", - თქვა სიჭინავამ, რომელმაც კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსული პრემიერლიგა და განაცხადა, იქ მატჩების ნახევარი ჩაწყობილია და სწორედ ამიტომ ვერ არგია ჩვენს ნაკრებს რუსეთში ვითომდა წარმატებით მოთამაშე ფეხბურთელთა ნაწილიო.
კობიაშვილს ნოემბერში დააჯილდოებენ
ჩვენს ფედერაციას ჯერაც არ მოუძიებია ის გუნდი, ვისაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ამხანაგურად შეხვდება. სანამ არსებობდა იმის იმედი, რომ ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეი ოფში ვითამაშებდით, სფფ-ს ამ მიმართულებით აქტიურად არ უმუშავია.
აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ლევან კობიაშვილს მეასე სანაკრებო მატჩი უწევს და კარგი იქნება, თუ ეს თამაში თბილისში ჩატარდება. დიდი ხანი არ არის, რაც უეფა "ასიანებს" საგანგებო მედალს გადასცემს და სასურველია, ლევანს სანაკრებო ღვაწლი უეფამაც და ქართველებმაც საქართველოში დავუფასოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"