მენთეშაშვილის ხელახალი ოპერაცია

AutoSharing Option
ზურაბ მენთეშაშვილი "ზესტაფონში" მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა, მაგრამ ახალი კლუბის შემადგენლობაში ჯერაც არ უთამაშია. მისი რეაბილიტაციის პროცესი თითქოს წარმატებით მიმდინარეობდა და მოედანზეც მალე უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ პრობლემებმა კვლავ იჩინა თავი და მენთეშაშვილი ხელმეორედ საოპერაციო გახდა.

რამდენიმე დღის წინ ზურაბმა ბელგიაში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და იქაურმა ექიმებმა სამ თვეში სრული გამოჯანმრთელების პირობა მისცეს. გეგმის მიხედვით, მენთეშაშვილმა "ზესტაფონთან" ერთად ზამთრის შეკრება სრული დატვირთვით უნდა გაიაროს და ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

"ზურას ფსიქოლოგიური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც
კი თამაშს დაიწყებს, საკუთარი თავის რწმენაც დაუბრუნდება და გუნდისთვის საჭირო ფიგურადაც იქცევა. მისი უდიდესი იმედი მაქვს და მინდა, მალე ყველა უსიამოვნება უკან მოიტოვოს", - გვითხრა "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "დაჩიასთან" მძიმედ დაშავებული გიორგი ხიდეშელის გამოჯანმრთელების პროცესი სასურველი ტემპით მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, ახალგაზრდა მცველი "ზესტაფონს" დაგეგმილზე ადრეც კი დაუბრუნდება. მენთეშაშვილის მსგავსად, ზამთრის შეკრებას ისიც გაივლის და ამ დროისთვის სათამაშოდაც მზად იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული