ქუთაისის ”ტორპედო” - რა საჭიროა ტყუილი?

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" "ვისოლი" ჯგუფმა შარშან ჩაიბარა და კლუბის ინფრასტრუქტურას თავისი ხელიც დაატყო: "ტორპედოს" სტადიონზე გამოიცვალა საფარი და ახლა იქ ლიცენზიასაც ელოდებიან, რათა სხვადასხვა რანგის საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის უფლება მიიღონ. თუმცა, ვიდრე სტადიონი ამ ლიცენზიას მიიღებს, დრენაჟის სისტემა უნდა მოწესრიგდეს, რადგან, ყველას კარგად ახსოვს, როგორ დადგა მუხლებამდე წყალი მინდვრის დიდ მონაკვეთზე "ტორპედო"-"ბაიას" მატჩისას.

სექტემბრის ბოლოს "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად 5-წლიანი კონტრაქტით გია გეგუჩაძე დაინიშნა. როგორც კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო ქართულ ფეხბურთში, თუმცა, ეტყობა, არ იციან, რომ გეგუჩაძის ყოფილმა კლუბმა
"ზესტაფონმა" თავის დროზე ასევე 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა თემურ მახარაძეს.

"საზოგადოებრივ მაუწყებელზე" "საფეხბურთო მიმოხილვაში" გამოსვლისას "ტორპედოს" პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ განაცხადა, რომ მათთვის უმთავრესი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო და გარდა სტადიონის საფარის შეცვლისა, "ტორპედოს" ბაზაზე ორი მოედანია - ხელოვნური და ბუნებრივსაფრიანი.

"მიმდინარეობს ბაზის რეკონსტრუქცია, სადაც განთავსდება აკადემია და სადაც არსებობს ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი მოედნები, მიმდინარეობს სხვა მოედნების მშენებლობაც," - ეს ლევან ფხაკაძის განცხადებაა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში, თუმცა ჩვენს მიერ გადაღებული ფოტოები ცხადყოფს, რომ "ტორპედოს" ბაზაზე ბუნებრივსაფარიანი მოედანი ამ დრომდე არ არსებობს.

"ლელოს" ინფორმაციით, ქუთაისში თვეზე მეტია, ლაზერულ გრეიდერს ელოდებიან, რომელმაც მიწა უნდა მოასწოროს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საფარის დაგება. ასე რომ, მინიმუმ წლის ბოლომდე ბაზაზე ბუნებრივი საფარი ვერ იქნება.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ, როდესაც კლუბის პრეზიდენტი გამოდის და საჯაროდ აცხადებს, თუ როგორი მინდვრები აქვს ბაზაზე, ადგილობრივ ქომაგს აქვს უფლება, იკითხოს: რა საჭიროა ტყუილი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული