უმაღლესლიგელებს ჰოლანდიური გამოცდილებით გაწვრთნიან

AutoSharing Option
7-დან 11 ნოემბრამდე უეფას Study Group Scheme-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება, რომლის მთავარი თემაც მწვრთნელთა განათლება იქნება. კერძოდ, დამსწრეებს მიაწვდიან ინფორმაციას PRO და A ლიცენზიების შესახებ.

Study Group Scheme უეფას მიერ ორგანიზეული ერთგვარი გაცვლითი პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც სამი ქვეყნის წარმომადგენლები მიემგზავრებიან უეფას მიერ მასპინძლად შერჩეულ ქვეყანაში და ეცნობიან იმ მეთოდებსა და მიმართულებებს, რომელთაც თანამედროვე სამწვრთნელო საქმიანობაში უდიდესი ყურადღება ექცევა, აგრეთვე აკვირდებიან მასპინძელი ქვეყნის საფეხბურთო თავისებურებებს.

შარშან, შემოდგომაზე, საქართველოს უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა კლუბის მთავარი მწვრთნელი ანალოგიურ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე დღის
განმავლობაში იმყოფებოდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, სადაც იქაური კლუბების, "ანკარაგიუჯუსა" და "გენჩლერბირლიგის" საფეხბურთო სისტემასა და მეურნეობას გაეცნენ, ასევე დაესწრნენ სამწვრთნელო სემინარებს, რომლებსაც კვალიფიციური თურქი და ევროპელი სპეციალისტები უძღვებოდნენ.

ქართველი მწვრთნელები თურქეთიდან დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ, რაც მედიას საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე გაუზიარეს.

სწორედ მსგავსი შინაარსის ღონისძიება ეწყობა ჰოლანდიის ქალაქ ზეისტში, სადაც ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი მდებარეობს.

საქართველოდან იქ კვლავ უმაღლესლიგელთა მთავარი მწვრთნელები გაემგზავრებიან - გამონაკლისი, სავარაუდოდ, მხოლოდ თბილისის "დინამოს" ესპანელი თავკაცი ალექს გარსია იქნება.

ჰოლანდიური სემინარის თემატიკის შესახებ უფრო ვრცლად ქართული დელეგაციის დაბრუნებისთანავე გიამბობთ.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე სამწვრთნელო სემინარებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად ემზადება B ლიცენზიის კურსებისთვის, სავარაუდოდ, ნოემბრიდან რომ დაიწყება.

რაც მთავარია, ქართული მხარე მზადაა, დაიწყოს ყველაზე პრესტიჟული, პრო ლიცენზიის კურსებიც. შეგახსენებთ, ეს ლიცენზია, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქართველი სპეციალისტი ფლობს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სამწვრთნელო თანამდებობაზე მუშაობის უფლებას იძლევა.

აქამდე ჩვენი თანამემამულე მწვრთნელები მას უცხოეთში ეუფლებოდნენ, ახლა კი მათ, ვისაც საზღვარგარეთ სწავლის საშუალება არ ჰქონდათ, სამშობლოშივე, მშობლიურ ენაზე შეეძლებათ ყველაზე მაღალპროფესიულ საფეხურზე ასვლა. სავარაუდოდ, საქართველოში ეს პროცესი გაზაფხულიდან დაიწყება.

აქტიურად მიმდინარეობს C ლიცენზიის კურსები, რომელმაც ამჯერადაც ბევრი გამოცდილი თუ დამწყები მწვრთნელის დაინტერესება გამოიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული