მამუკა ჯუღელი - რუსული ფეხბურთის რუხი კარდინალი?

AutoSharing Option
რუსეთში ქართველის მოღვაწეობა, მითუმეტეს წარმატებული, ჩვენ მეზობლებში ეჭვებს ყოველთვის ბადებდა და როგორც ჩანს, ასეა ამჯერადაც. გამონაკლისი არც რუსული საფეხბურთო სამყაროა, სადაც არსებულ მაქინაციებზე, გარიგებულ მატჩებსა თუ "ჩაწყობებზე" დროდადრო ხმა დაირხევა ხოლმე.

რუსულ საიტ onedivision.ru-ზე მახაჩყალის "ანჟისა" და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილ სპორტულ დირექტორზე მამუკა ჯუღელზე სტატია გამოაქვეყნდა, რომლის ავტორი რუსეთში მოღვაწე ქართველი აგენტის შესახებ ორაზროვნად საუბრობს.

Кто вы, батоно Джугели?
სიმართლე რუსული ფეხბურთის ერთერთ ყველაზე საიდუმლოებით მოცულ ფიგურაზე

მამუკა (ივანე) რამაზის ძე ჯუღელის შესახებ რუსეთის პირველი დივიზიონის უკლებლივ ყველა ფეხბურთელს
ერთხელ მაინც სმენია. თუმცა, პრესაში მისი სახელი იშვიათად ჩნდება - მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზეზი სერიოზულია. ვინ არის ის სინამდვილეში: სპორტული დირექტორი, აგენტი, ნიჭიერი მწვრთნელი თუ რუსული ფეხბურთის რუხი კარდინალი?

onedivision.ru შეეცადა "მისტერ იქსი", მისი ნამდვილი და გამოგინილი ამბებით, მკითხველისთვის გაეცნო. საუბარია ადამიანზე, რომელზეც რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტთან არსებულ, გარიგებული მატჩების გამოსავლენ ექსპერტთა საბჭოს თავჯდომარეს ანზორ კავაზაშვილს მხოლოდ სერგეი ფურსენკოსგან (რსკ-ის პრეზიდენტი) სმენია. მასზე არაფერი იცის რუსეთის ფეხბურთის პროფესიული ლიგის ხელმძღვანელმა სერგეი პრიადკინმა.

მაინც, ვინ არის მამუკა ჯუღელი?

მამუკა და მის მეურვეობაში მყოფ
დავიწყოთ შორეული წარსულით, როდესაც ჯუღელი ფეხბურთელი იყო და თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. ხუთი სეზონის განმავლობაში ის უკრაინის პირველ დივიზიონში - ლუგანსკის "ზარიაში", სიმფეროპოლის "ტავრიასა" და კიდევ სამ ნაკლებად ცნობილ კლუბში ირჯებოდა. ქართველი ფეხბურთელი, წარმოშობით ზესტაფონიდან, განსაკუთრებული შედეგიანობით არ ხასიათდებოდა და მისი მოთამაშის კარიერა, შეიძლება ითქვას, არაფრით იყო გამორჩეული - "ტავრიაში" ერთხელ მიითვალა დუბლი.

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მამუკა ჯუღელმა გადაწყვიტა ქართველი ფეხბურთელების აგენტი გამხდარიყო და სულ მალე მის საქმიანობის სფეროში რუსეთის ბაზარი მოექცა. პირველ დივიზიონში მისი წარმატებული საქმიანობა 2009 წელს უკავშირდება, როდესაც ის მახაჩყალის "ანჟის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი მამუკასა და გუნდის მთავარი მწვრთნელის, ომარ თეთრაძის თანამშრომლობას.

პრაქტიკულად, რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ყველა ქართველი ფეხბურთელი - მამუკას, როგორც საფეხბურთო აგენტის, კლიენტია. ეგ კი არა, ჯუღელის დახმარებით, მისი თანამემამულენი სხვა ქვეყნებშიც აღმოჩნდნენ.

"ფეხბურთელებისთვის ის უბრალოდ აგენტი კი არა, ახლო მეგობარია. ეს იმითაა განპირობებული, რომ მამუკა მოთამაშეებთან პირნათელია, არასდროს ატყუებს მათ და არასდროს ჰპირდება იმას, რაც არარეალურია. არადა. არაერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც აგენტები ბევრს ჰპირდებიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ, - უთხრა გაზეთ "სტადიონს" ჯუღელზე "ანჟის" მეკარე ნუკრი რევიშვილმა. - მამუკა ჩემთვის მამასავითაა, 14 წლიდან ჩემზე ზრუნავს და არამხოლოდ ჩემზე".

თუმცა ის ფაქტი, რომ მამუკა ჯუღელი მრავალ საფეხბურთო ფუნქციონერთან ახლობლობს და თან, ნებისმიერი საკითხის მოგვარების უნარითაა დაჯილდოვებული, მის არაკეთილმოსურნეებს აძლევს ეჭვის საბაბს, რომ პრემიერლიგაში სწორედ მისი შემწეობით აღმოჩნდა ჯერ მახაჩყალის "ანჟი", შემდეგ კი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა".

მამუკა და თეთრაძე
მამუკა ჯუღელი მახაჩყალის "ანჟიში" არამხოლოდ სპორტული დირექტორი, კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი და ომარ თეთრაძის მარჯვენა ხელიც იყო, რომელმაც პრემიერლიგაში ჯერ "ანჟი", შემდეგ კი "ვოლგა" გადმოიყვანა.

თავად ომარ მიხაოლივიჩმა თავის დროზე აღიარა, რომ მხოლოდ ჯუღელს ანდობდა თავის საიდუმლოებებს და ამიტომ გასაკვირიც არ იყო, რომ თეთრაძესთან ერთად ვოლგის ნაპირებზე მამუკაც გადაბარგდა. მათ კი კვალში ქართველი ფეხბურთელების მთელი პლეადა მიჰყვა - შემთხვევითი არ იყო, რომ კულუარებში მეტოქეები "ვოლგას" საქართველოს მეორე ნაკრებს უწოდებდნენ.

ზედმეტი ემოციურობისა და თავშეუკავებლობის გამო მამუკა ჯუღელის გარშემო სკანდალები ხშირად ჩნდებოდა. 2010 წლის ზამთარში "ანჟის" სპორტული დირექტორი, პირდაპირი მნიშვნელობით, თავს დაესხა მსაჯ დმიტრი ჟუკოვს და მუშტი მკერდში ჩასცხო. მაშინ ამ ინციდენტს დიდი რეზონანსი მოჰყვა, ვიდეო - ინტერნეტში გავრცელდა.

კლუბებში ჯუღელთან ერთად იქმნებოდა ნაციონალური დაჯგუფებები, რომელთა არსებობა არაფრით არგებდა მთლიან კოლექტივს. სწორედ ამ მიზეზით მამუკას გუნდებში ხშირად იქმნებოდა კონფლიქტური სიტუაციები. ამის დასტურად იმ ცნობილი მიზეზის მოყვანაც შეიძლება, რის გამოც თეთრაძემ "ანჟი" დატოვა.

მახაჩყალის შემდეგ თეთრაძე და ჯუღელი ნიჟნი ნოვგოროდში აღმოჩნდნენ. მართალია, ამჯერად ჯუღელს კლუბში ოფიციალური პოსტი არ დაუკავებია, მაგრამ ახლოს იდგა გუნდთან, რომელშიც მისი რამდენიმე თანამემამულე თამაშობდა - მათ შორის ოთარ მარცვალაძე. სხვათა შორის, სწორედ "ვოლგაში" გაიყო თეთრაძისა და ჯუღელის გზები. მწვრთნელის თქმით, მათ ადამიანური ურთიერთობა შეინარჩუნეს, თუმცა პროფესიული შეხედულებები რადიკალურად განსხვავებული აქვთ და ძალიან საეჭვოა, ეს ორი ადამიანი მომავალში ერთ გუნდში ვიხილოთ.

თეთრაძის გათავისუფლების შემდეგ "ვოლგაში" მამუკას პოზიციები მნიშნველოვნად შეირყა და უმალ, ჯუღელის ერთერთმა ყველაზე წარმატებულმა "პროექტმა" - თავდამსხმელმა ოთარ მარცვალაძემ გუნდი დატოვა. მარცვალაძე "კრასნოდარში" გადავიდა.

ბუნებრივია, ამ ტრანსფერმაც საფეხბურთო აგენტის ხელში გაიარა, რომელიც კრასნოდარული კლუბის გენერალური დირექტორის, ვლადიმირ ხაშიგის ძველი ნაცნობია.

მამუკა და მოურინიო
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რუსეთის ფეხბურთის პროფესიულ ლიგაში ამ საფეხბურთო აგენტზე არაფერი სმენიათ. პრემიერლიგის პრეზიდენტმა სერგეი პრიადკინმა ამ ზაფხულს მიცემულ ინტერვიუში თქვა: "ჯუღელზე არაფრის თქმა შემიძლია, ის აქამდე პირველ დივიზიონში მუშაობდა და არ ვიცნობ". რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენთან არსებულ, გარიგებულ მატჩების გამოსავლენი საბჭოს თავჯდომარე ანზორ კავაზაშვილი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ მხოლოდ რსკ-ის პრეზიდენტისგან, სერგეი ფურსენკოსგან სმენია: "ის ნიჟნი ნოვგოროდიდანაა, არა? ამ ადამიანს პირადად არ ვიცნობ".

სამაგიეროდ, რუსეთის ერთერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ვასილი უტკინი, როგორც ჩანს, არამხოლოდ კარგად იცნობს მამუკა ჯუღელის საქმიანობას, მისი საიდუმლოებებიც იცის.

შარშან, "ნიჟნი ნოვგოროდი"-"ვოლგას" სკანდალური მატჩის შემდეგ კომენტატორმა თავის ბლოგზე დაწერა - "ჟოზე მოურინიო არ იმსახურებს, მამუკა ჯუღელს კედებზე თასმები შეუკრას".

ამასწინათ ხმა დაირხა, მამუკა ჯუღელი პირველი ლიგის ბრიანსკის "დინამოს" დაეხმარებაო, რომელსაც მაღალი მიზნები დაუსახავს. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შემდგომში აღარ დადასტურებულა.

ჯერჯერობით, არავითარი საბუთი იმისა, რომ ჯუღელი პირველი დივიზიონის გუნდებს "დახმარებას" უწევს, არ არსებობს და მამუკას რაიმეში დადანაშაულება შეუძლებელია, მაგრამ ნუთუ არ მოვიდა დრო, რუსეთის საფეხბურთო სამყაროს ხელმძღვანელებმა, თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით, ამ ადამიანს ჯეროვანი ყურადღება მიაქციონ?..

მომზადებულია onedivision.ru-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონი მამუკა , ეგებ დამაკავშიროთ 00447549862148 მადლობა
Leila bevis
18:36 16-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული