მსაჯთა საფიხვნო - გვანცელაძის ზესტაფონური გამოცდა და მოსალოდნელი ცნობა ფიფადან

AutoSharing Option
"ზესტაფონისა" და "ტორპედოს" დაპირისპირება მხოლოდ გასული ტურის კი არა, მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენაა და წარმოუდგენელიც იყო, ამ მატჩს მღელვარების გარეშე ჩაევლო. შეხვედრა ნამდვილ საფეხბურთო გარემოსა და ვითარებაში ჩატარდა, მაგრამ სადავო მომენტები მაინც იყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელ ლევან ფანიაშვილის აზრით, თორნიკე გვანცელაძემ მატჩს თავი ნორმალურად გაართვა და ყველაზე საკამათო ეპიზოდში, როცა მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თავის მხრივ, პრეტენზიები "ზესტაფონის" მცველ ედიკ საჯაიას რეპლიკის მიმართ სტუმრებსაც ჰქონდათ, მაგრამ სამსაჯო კომიტეტს საგანგაშოდ არც ეს ფაქტი მიუჩნევია.

"ზესტაფონი"-"ტორპედოს"
გარდა, სხვა მატჩებმა განსაკუთრებული შფოთის გარეშე ჩაიარა და სადავო ეპიზოდებიც, ფაქტიურად, არ ყოფილა.
გვანცელაძესთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი კიდევ ის არის, რომ შესაძლოა, მალე იგი ფიფას არბიტრი გახდეს. როგორც კი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო გადაწყვეტს, რომ საქართველოდან ფიფას მეხუთე არბიტრი შეარჩიოს, ჩვენი ფედერაცია პრიორიტეტს სწორედ გვანცელაძეს მიანიჭებს. ეს სასიამოვნო ამბავი კი შესაძლოა, წლეულსვე მოხდეს.

თორნიკე მხოლოდ 26 წლისაა, საკმაოდ მოკლე დროში შეძლო კარიერული საფეხურების გავლა და ჩვენი უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ წარმატებულ არბიტრად იქცა. შეგახსენებთ, დღეისთვის საქართველოს ფიფას ოთხი არბიტრი ჰყავს: ლევან კვარაცხელია, ლაშა სილაგავა, გიორგი ვადაჭკორია და დავით ხარიტონაშვილი. თითოეულ ქვეყანას ფიფას ათი მსაჯის ყოლის უფლება აქვს, მაგრამ ეს კვოტა მაქსიმალურად მხოლოდ წამყვან საფეხბურთო ქვეყნებს აქვთ ათვისებული.

ქომაგებში გაჩენილ კითხვას, ტურის ცენტრალურ მატჩს ყოველთვის რატომ არ ემსახურება ფიფას არბიტრი, ფანიაშვილი ასე პასუხობს: "ამაში გასაკვირი არაფერია. ბუნებრივია, საპასუხისმგებლო შეხვედრებს უფრო ხშირად ფიფას არბიტრებს ვანდობთ, მაგრამ კვალიფიკაციის ნაკლებობას არც სხვა მსაჯები უჩივიან და მათი განვითარებისთვის ცენტრალურ მატჩებზე დანიშვნა აუცილებელია. ასე ხდება ყველა ქვეყანაში და გამონაკლისი არც საქართველოა".

რაც შეეხება ქართველი მსაჯების საერთაშორისო გამოცდილებას, უკვცე იცით, რომ მათ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები იმსაჯეს. უახლოესი მიწვევა კი ლაშა სილაგავამ მიიღო, რომელიც 10 ნოემბერს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრას განსჯის. თუ რომელს, ეს ჯერ კონფიდენციალურია. სილაგავას ასისტენტები ზაზა მენთეშაშვილი და ლევან თოდრია იქნებიან, სათადარიგო მსაჯად კი გვანცელაძეა დანიშნული.

რამდენიმე დღის წინ ეროვნულ სტადიონზე ქართველმა მსაჯებმა ტესტირება გაიარეს და უარყოფითი შედეგი სამმა მათგანმა აჩვენა. როგორც ფანიაშვილმა გვითხრა, მათ ტესტის ჩაბარების და უმაღლეს ლიგაში "დაბრუნების" შანსი სულ მალე მიეცემათ.

ფანიაშვილი თბილისში გუშინ დაბრუნდა. იგი კვიპროსზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი აპოელ-ისა და პორტუგალიური "პორტუს" ჩემპიონთა ლიგის მატჩში მსაჯთა დამკვირვებლად იყო მივლენილი. ფანიაშვილი აპოელ-ის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა:

"კვიპროსული ფეხბურთის დონე საგრძნობლად ამაღლებულია. აპოელ-ს შესანიშნავი გუნდი ჰყავს და სავსებით კანონზომიერად გადადგა დიდი ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისკენ".

ქართველ მსაჯთა თავკაცს წლეულს, სავარაუდოდ, კიდევ ერთ საევროთასო მატჩზე მიიწვევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული