არადა, დრო იყო, საქართველოს ჩემპიონატში მართლაც ჩვეულებრივი იყო, როცა შეხვედრების უმრავლესობაში 6, 7 ან უფრო მეტი გოლი გადიოდა. 1990-1995 წლების თბილისის "დინამოზე" ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი - მეტოქეთა უმრავლესობას მართლაც ასტრონომიული ანგარიშებით რომ ამარცხებდა.
7:0, 8:0, 9:0, 10:0, 11:0 - მსგავსი არაერთხელ გვინახავს და ხშირ შემთხვევაში, იმ კონკრეტული სეზონის
თუმცა ამ ყველაფერზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი ორი დღის წინ მომხდარ მართლაც განსაკუთრებულ ფაქტზე გვინდა გიამბოთ. პარასკევს, 20 აგვისტოს, ჰოლანდიის მეორე დივიზიონის მეორე ტურის ერთ-ერთ მატჩში მეტად "უცნაური" ანგარიში დაფიქსირდა: როტერდამის "სპარტამ" საშინაო შეხვედრაში "ალმერე" (წინა წლებში ეს გუნდი "ომნივორლდის" სახელით ასპარეხობდა) 12:1 დაამარცხა!
"სპარტა" ჰოლანდიის ერთ-ერთი უძველესი კლუბია - 1888 წლის პირველ აპრილს არის დაარსებული; 6-ჯერ ჰოლანდიის ჩემპიონიც გახდა (უკანასკნელად - 1959 წელს), 3-ჯერ კი ქვეყნის თასი აქვს მოპოვებული. 2002 წლამდე მუდამ ჰოლანდიის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობდა, მაგრამ დებიუტანტი მწვრთნელის - ფრანკ რიიკაარდის ხელმძღვანელობით მეორე ლიგაში დაქვეითდა. სამი წელი დასჭირდა "სპარტას" უძლიერესთა შორის რომ დაბრუნებულიყო; თუმცა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გასულ სეზონში კვლავაც წარუმატებლად იასპარეზა (პლეი-ოფში დამარცხდა) და ახალი მწვრთნელის იან ევერსეს ("ფეიენოორდისა" და "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი) ხელმძღვანელობით ისევ ერედივიზიონში დასაბრუნებლად უნდა იბრძოლოს.
პირველ ტურში "სპარტას" რთული მატჩი ჰქონდა პირველ დივიზიონში გადასვლის კიდევ ერთ ფავორიტთან - "იგლზთან" და სტუმრად შეძლო გამარჯვება (2:1). აი, იმ შეხვედრიდან ორიოდ დღეში კი როტერდამულმა კლუბმა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ტრანსფერი განახორციელა: ასევე მეორე დივიზიონის არაფრით გამორჩეული "პელმონდიდან" ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ფორვარდი იოჰან ვოსკამპი გადმოიყვანა.
25 წლის თავდამსხმელმა "სპარტას" ხელმძღვანელთა ყურადღება არა მხოლოდ ჩინებული ფიზიკური მონაცემების (სიმაღლე - 1,93 მ, წონა - 88 კგ) გამო მიიქცია: წინა სეზონში "პელმონდის" მაისურით 33 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა. არადა, "სპარტას" სწორედ რომ შედეგიანი ფორვარდი სჭირდებოდა: გასული სეზონის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც იყო, რომ გუნდმა 34 მატჩში მეტოქეთა კარში მხოლოდ 30 გოლის გატანა მოახერხა.
და აი, ტანმაღალი ცენტრფორვარდის შეძენით ეს პრობლემა ფაქტობრივად, უკვე გადაჭრილია - მეორე დივიზიონის ყველაზე სახელოვან და ტიტულოვან კლუბში თავის სადებიუტო მატჩში იოჰან ვოსკამპმა 8 გოლი გაიტანა!
ეგ კი არა, ალბათ მეტიც (!) შეძლო, მაგრამ მწვრთნელებმა 77-ე წუთზე შეცვალეს, ამას გარდა, პირველ ტაიმში "ალმერეს" კარში პენალტი რომ დაინიშნა, "სპარტას" სხვა ფეხბურთელმა შეასრულა - ამ მომენტისათვის მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ და ის გოლიც ვოსკამპის ანგარიშზე იყო.
...ერთი მხრივ, ჰოლანდიის ჩემპიონატში (პირველშიც და მეორე დივიზიონშიც) მაღალი შედეგიანობა გასაკვირვი არ არის; ამ რამდენიმე წლის წინათ "ჰერენვენის" ბრაზილიელმა ფორვარდმა აფონსო ალვეშმა მეტოქის ("ჰერაკლესი") კარში 7 გოლი გაიტანა. მაგრამ 12:1 მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა, რომ აღარაფერი ვთქვათ, კონკრეტული ფეხბურთელის მიერ მეტოქის კარში რვა (!) გოლის გატანაზე. თან, ნუ დაგვავიწყდება, რომეს ყველაფერი სეზონის დასაწყისში მოხდა, და არა - ფინიშზე, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელს საუკეთესო ბომბარდირობისათვის ბრძოლაში თანაგუნდელებთან ერთად... მეტოქის მოთამაშეებიც გეხმარებიან-ხოლმე...
...2009 წლის 23 მაისს, საიუბილეო, XX ჩემპიონატის დასკვნით ტურში ექსპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" "ბორჯომს" 12:0 მოუგო! თუმცა, კონკრეტულ ფეხბურთელს 6 თუ 7 გოლი არავის გაუტანია - ილია სპასოევიჩმა "პოკერი" შეასრულა და ეგ იყო. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ "დინამოს" არაერთხელ დაუმარცხებია მეტოქეები ასტრონომიული სხვაობით; თუმცა, ერთ შეხვედრაში გატანილი გოლების მიხედვით, თუ არ ვცდებით, რეკორდი კვლავაც მიხეილ ჯიშკარიანს ეკუთვნის. ყველაფერი კი მესამე ეროვნულ ჩემპიონატში, "ცხუმი"-"მერცხალის" მატჩში მოხდა, როცა სოხუმელებმა მეტოქე 11:0 დაამარცხეს და აქედან 7 გოლი ჯიშკარიანმა გაიტანა.
სხვათა შორის, სოხუმი "ცხუმის" მართლაც ჩინებულმა ფორვარდმა მიხეილ ჯიშკრიანმა იმ სეზონში 35 გოლი გაიტანა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისათვის, ეს შედეგი... საკმარისი არ აღმოჩნდა! ჯიშკარიანი 5 გოლით ჩამორჩა ლანჩხუთის "გურიას" და საერთოდ, ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს ოთარ კორღალიძეს (ამპლუით ნახევარმცველს!); თუმცა იმ სეზონის ბოლოს "ცხუმის" 22 წლის თავდამსხმელს სხვა აღიარება ელოდა: ქართველი სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვთ მესამე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად მიხეილ ჯიშკარიანი დასახელდა!
ქართველებიდან ერთ მატშჩი 7 გოლი კიდევ ერთი ფეხბურთელს, ვარლამ კილასონიას აქვს გატანილი; 1996 წელს, რუსეთის პირველ ლიგაში ასპარეზობისას, სანკტ-პეტერბურგის "ლოკომოტივის" რიგებში მოსპარეზე კილასონიამ ლენინსკ-კუზნეცკის "ზარიას" კარში 7 გოლი ხომ გაიტანა, ორჯერ ხარიხას გაარტყა ბურთი და პლუს პენალტი... ვერ გამოიყენა!
ზემოთ იოჰან ვოსკამპი და მისი მართლაც შთამბეჭდავი შედეგი ვახსენეთ, თუმცა ერთ შეხვედრაში "სპარტაკის" ახალწვეულზე მეტი სხვებსაც გაუტანიათ: 1994-95 წლების სეზონის ბოლო ტურს ვგულისხმობთ, ოღონდ... საქართველოში. აი, მაშინ მოხდა, თუ მოხდა: ქუთაისის "ტორპედომ" თერჯოლის "საპოვნელას" 11:4 მოუგო, ხოლო ფოთის "კოლხეთმა" წყალტუბოს "სამგურალს" - 10:5!
არც ერთ მასპინძელს ქულები არ სჭირდებოდა, მეტოქეები კი უკვე გავარდნილები იყვნენ, მაგრამ დარჩენილი იყო მთავარი ინტრიგა: "ტორპედოს" ფორვარდი მამუკა ხუნდაძე და "კოლხეთის" ნახევარმცველი გიორგი დარასელია ერთმანეთს ბომბარდირობისათვის ეცილებოდნენ.
ბოლო ტურის წინ ხუნდაძეს 25 გოლი ჰქონდა გატანილი, დარასელიას - 26 და აი, ისე მოხდა, რომ ორივე მათგანმა ბოლო ტურში მეტოქეთა კარში... 9-9 გოლის გატანა მოახერხა! ოღონდ, ორივე ფეხბურთელის მაჩვენებელიც და საერთოდ, ორივე მატჩის შედეგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტის ნოდარ ახალკაცი-უფროსის გადაწყვეტილების თანახმად... გაუქმდა! ოფიციალური ვერსია ასეთი იყო: ორივე მატჩი სპორტული პრინციპების დარღვევით ჩატარდა...