საქმის არსს მოკლედ შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ "კოლხეთმა" და გელა სანაიამ დაადასტურეს, რომ ერთმანეთთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, შემდეგ კი 33 წლის სპეციალისტი საქმესაც შეუდგა, თუმცა მისმა საქმიანობამ ფოთში მხოლოდ და მხოლოდ ერთ დღეს გასტანა, რადგან კლუბის ხელმძღვანელებმა აცნობეს,
სანაია საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას აპირებს და გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იმყოფებოდა, სადაც საქმის კურსში სხვებთან ერთად პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე პირადად ჩააყენა.
თუ რა ბერკეტების გამოყენება შეუძლია ახალგაზრდა მწვრთნელს მიზნის მისაღწევად, ამის თაობაზე ყველაზე კომპეტენტური პასუხი, ბუნებრივია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს უფროსისგან, რევაზ შენგელიასგან უნდა მოგვესმინა.
- გელა სანაიას შეუძლია, საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს და იქ იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ჩვენ მხრივ, მას ყველანაირად დავეხმარებით რჩევებით, დანარჩენი კი სანაიას და მისი თანამოაზრეების გადასაწყვეტია.
- მან გვითხრა, რომ "კოლხეთთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა. კლუბს კონტრაქტი დასარეგისტრირებლად ფედერაციაში ხომ არ გამოუგზავნია?
- არა, კონტრაქტი არ მიგვიღია. როგორც სანაიასგან შევიტყვეთ, მან ხელშეკრულებას ხელი ცალმხრივად მოაწერა და, რაც მთავარია, მისი ასლი არ აქვს, რაც სამომავლო მოქმედებებში ყველაზე მეტად შეუშლის ხელს.
- სამაგიეროდ, ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ "კოლხეთმა" მას ბინა უქირავა და ერთი ვარჯიშიც ჩაატარა.
- მესმის, მაგრამ მთავარი აქ კონტრაქტია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, თუ სანაიამ არბიტრაჟს მიმართა, ბუნებრივია, არბიტრაჟმა "კოლხეთის" პოზიცია და არგუმენტებიც უნდა მოისმინოს.
ბუნებრივია, "კოლხეთის" პოზიციით ჩვენც დავინტერესდით, მაგრამ მომხდართან დაკავშირებით დამაჯერებელი პასუხი ვერ მივიღეთ. კლუბის პრესსამსახური სანაიასთან თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზებს არ ასახელებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ "კოლხეთს" სანაიასთან კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია და არც მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სოსო ფილიას გათავისუფლებისა და ამ პოსტზე სანაიას დანიშვნის ბრძანება დაწერილა. ფოთში სანაიას მცირეხნიანი ცხოვრების და ვარჯიშის ჩატარების ფაქტს კი, ბუნებრივია, არავინ უარყოფს.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში მხარეთა დაშორების ორი ვერსია გავრცელდა - მათ შორის შეუთანხმებლობა და ფეხბურთელთა სურვილი, გუნდი კვლავ ფილიას გაეწვრთნა. სანაია ორივე ვერსიას კატეგორიულად უარყოფს.
კულუარული ცნობებით, უშუალოდ "კოლხეთის" ხელმძღვანელობის ბრალი ამ გამაოგნებელ ისტორიაში ნაკლებია, კლუბში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მათი ზემდგომები იღებენ და ეს ამბავიც "ზემოდან" მოდისო. გუშინ კი "ზემოთ" ვერავის დავუკავშირდით.
ბოლოს თვით გელა სანაიას მივუბრუნდეთ, რომელიც უახლოეს სამოქმედო გეგმაზე ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლას ყველა შესაძლო კანონიერი გზით აპირებს.
მოსალოდნელია, რომ პირველი ქმედითი ნაბიჯი მან კოლეგებთან ერთად გადადგას - ამჟამად უმაღლესი ლიგის კლუბების მწვრთნელები ჰოლანდიაში იმყოფებიან სტაჟირებაზე, მათი დაბრუნებისთანავე კი, შესაძლოა, სანაიამ პრესკონფერენცია მოიწვიოს, სადაც მედიის წინაშე იმ კოლეგებთან ერთად წარდგება, რომლებიც მზად არიან, მის მიმართ სოლიდარობა საჯაროდ გამოხატონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"