"კოლხეთი" - მახარაძე მთავარ მწვრთნელად, ფილია კონსულტანტად

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" სამწვრთნელო გაურკვევლობას, როგორც ჩანს, წერტილი დაესვა - კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელად დავით მახარაძე დაამტკიცა, რომელიც აქამდე სოსო ფილიას ასისტენტი იყო, თავად ფილია კი ამიერიდან მწვრთნელ-კონსულტანტი და "კოლხეთის" სპორტული დირექტორი იქნება.

თავდაპირველად სწორედ ფილიას შევეხმიანეთ, რომელმაც მთავარი მწვრთნელობიდან წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა:

"ასაკში ვარ და საკუთარ თავს ვატყობ, რომ ძველებური დატვირთვით მუშაობა აღარ შემიძლია. თანაც, გულის პრობლემები მაქვს. ახლა ქუთაისის კლინიკაში ვწევარ, სადაც შუნტირება გამიკეთეს. "კოლხეთს" რამდენიმე დღეში დავუბრუნდები, ოღონდ უკვე სხვა ამპლუაში. მთავარი მწვრთნელობიდან საკუთარი ნებით
გადავდექი და დავით მახარაძესაც რეკომენდაცია მე გავუწიე. ახალგაზრდა, მონდომებული და მცოდნე სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, "კოლხეთი" მისი ხელმძღვანელობით წარმატებული გუნდი იქნება. მე მას გვერდში დავუდგები და რჩევებით დავეხმარები".

* * *
მახარაძე კი უკვე შეუდგა ახალ რანგში საქმიანობას. კლუბში არსებულ ვითარებასა და უახლოეს გეგმებზე მას რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

- როდის გადაწყდა თქვენი მთავარ მწვრთნელად დანიშვნა?
- ეს გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო, მაგრამ მე ჰოლანდიაში ვიყავი მწვრთნელთა კურსებზე და ჩამოსვლის შემდეგ გავიგე, რომ მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს. ეს ბატონი სოსოს სურვილიც იყო და მადლობის მეტი რა მეთქმის, არჩევანი ჩემზე რომ შეაჩერეს.

ჩემთვის ეს უდიდესი პატივია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "კოლხეთი" ძლიერი კლუბი იყოს. სოსო ფილიას გამოცდილება კი გუნდს შემდგომშიც აუცილებლად გამოადგება. მას "კოლხეთის" მაჯისცემა ყველაზე კარგად ესმის, ჩვეულებრივად განაგრძობს საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას და ხშირად გადაწყვეტილებებს ერთობლივად მივიღებთ.

- "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობა წინა სეზონშიც შეგისრულებიათ.
- დიახ, ეს ბესიკ შეროზიას წასვლის მერე და სოსო ფილიას დაბრუნებამდე იყო. ამ ორი სპეციალისტისგან ბევრი ვისწავლე და შევეცდები, წარმატებულ მთავარ მწვრთნელად ჩამოვყალიბდე.

- ლიცენზია გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მთავარი მწვრთნელი ოფიციალურადაც იყოთ?
- დიახ, რადგან A ლიცენზიის მფლობელი ვარ. სამწვრთნელო განათლების გაღრმავებას სამომავლოდაც ვაპირებ.

- "კოლხეთს" დღეისთვის დამაკმაყოფილებელი ფინანსური მდგომარეობა აქვს?
- ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ხელფასებიც და პრემიებიც დროულად გაიცემა. ქალაქის მერიისგან გარანტიები სამომავლო დაფინანსებაზეც მივიღეთ.

- კერძო სპონსორის გამოჩენის იმედი აღარ გაქვთ?
- უიმედოდ ნამდვილად არ ვართ, მაგრამ დღეისთვის რეალური წინადადება არავისგან მიგვიღია.

- გუნდის გაძლიერების საშუალება თუ გაქვთ?
- ზამთარში ახალ ფეხბურთელებს აუცილებლად დავიმატებთ. სომხეთში მოთამაშე გიორგი კრასოვსკისა და შოთა ჯიქიას, ფაქტობრივად, შევუთანხმდით, სხვა ახალწვეულების ვინაობაც მალე გაირკვევა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ.

- ხომ არ გეგმავს "კოლხეთი" რომელიმე წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვას და ამით კლუბის ბიუჯეტის შევსებას?
- სანამ რვა საუკეთესოში მოხვედრას არ დავიბევებთ, მანამდე წამყვან ფეხბურთელებს ვერ შეველევით, შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მთავარია, რომ მოთამაშეებთან გრძელვადიანი კონტრაქტები გვაქვს გაფორმებული და თუ რომელიმე მათგანის თაობაზე სერიოზულ წინადადებას მივიღებთ, "კოლხეთი" შესაბამის თანხასაც მოითხოვს.

* * *
სხვა საკითხია, რომ რამდენიმე დღის წინ "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელად გელა სანაია დანიშნეს, მაგრამ მას ფოთიდან წამოსვლა მეორე დღესვე მოუხდა. მართალია, ახალგაზრდა სპეციალისტმა ფოთელებთან კონტრაქტს ცალმხრივად მოაწერა ხელი, მაგრამ, რაკი "კოლხეთმა" ხელშეკრულება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არ გაგზავნა დასარეგისტრირებლად, სანაიას კლუბისთვის კომპენსაციის მოსათხოვად ბერკეტი, ფაქტობრივად, არ გააჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული