ზვიად ჯელაძე - პისკოვეცის მადლიერი და ახალი სტილის მიმდევარი

AutoSharing Option
დიდი ხანი არ არის, რაც "გაგრას" მთავარ მწვრთნელად ზვიად ჯელაძე დაინიშნა. მან გამოცდილი უკრაინელი ანატოლი პისკოვეცი შეცვალა და გუნდის კრიზისიდან გამოყვანის რთულ საქმეს შეუდგა.

"გაგრას" საქმე ჯერაც ვერ აქვს სახარბიელოდ, მაგრამ უპირველესად სეზონის მძლავრი სტარტის წყალობით დღეისთვის უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდშია.

კლუბის მთავარი ამოცანაც ამ ზონაში ადგილის შენარჩუნებაა, დანარჩენს კი თავად ზვიად ჯელაძესთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- როგორ ეგუებით ახალ თანამდებობას?
- ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა, რომ ვითარების ბოლომდე გააზრების დრო არც მქონია. ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნა, ანატოლი პისკოვეცმა "გაგრა" დატოვა
და, როცა კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შემომთავაზა, ბევრი ნამდვილად არ მიყოყმანია.

ვიცი, რომ ძალიან ძნელი საქმე მელის, მაგრამ მაქვს იმის ჯანსაღი ამბიცია, რომ ძლიერ მწვრთნელად ჩამოვყალიბდე და ეს გამოწვევა მივიღე. რაც ყველაზე მთავარია, "გაგრას" ხელმძღვანელობა ბოლომდე მენდობა და შევეცდები, ეს ნდობა გავამართლო. ისე კი, მწვრთნელობა გაცილებით რთული საქმეა, ვიდრე ფეხბურთელობა და ამ პასუხისმგებლობას კარგად ვაცნობიერებ. მიხარია, რომ ბოლო დროს ქართულ კლუბებში ახალგაზრდა მწვრთნელები დაინიშნენ. კარგია, რომ მწვრთნელთა ახალ თაობას ასე ენდობიან.

- ალბათ, გარკვეულ ცოდნას ანატოლი პისკოვეცისგანაც შეიძენდით.
- რასაკვირველია. მასთან ურთიერთობა ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო, ანატოლი პავლოვიჩი შესანიშნავი სპეციალისტი და არანაკლებ კარგი პიროვნებაა. მისი ხელმძღვანელობით ხომ "გაგრამ" საქართველოს თასი მოიპოვა და ევროთასებზეც ითამაშა. სამწვრთნელო კარიერა ორი წლის წინ დავიწყე, "გაგრაში" უკვე წელიწადნახევარი ვარ და პისკოვეცთან მუშაობამ ძალიან ბევრი შემძინა.

ბუნებრივია, ჩემი ზრდა ამით არ ამოიწურება, სისტემატურად ვესწრები ყველა იმ სამწვრთნელო სემინარს, რომელზეც ხელი მიმიწვდება.

- ბოლოდროინდელი მატჩებიდან რომელი ჩაატარა "გაგრამ" ყველაზე ხარისხიანად?
- ჯერ თავის მოსაწონი ბევრი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ გამოვყოფდი გორის "დილასთან" ჩატარებულ შეხვედრას, რომელიც 2:1 მოვიგეთ. ძალიან დაძაბული მატჩი იყო და ჩემმა ფეხბურთელებმა დიდი შემართებისა და სწორი თამაშის წყალობით გაიმარჯვეს.

- თუმცა, როგორც "გაგრას" ამჟამინდელი სათამაშო სტილიდან ჩანს, თქვენი საფეხბურთო გემოვნება პისკოვეცისას დიდად არ ემთხვევა.
- ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველა მწვრთნელს საკუთარი ხედვა აქვს და რაიმეს ბრმად გადაღება სარგებელს ვერ მოგიტანს. მიმაჩნია, რომ ხუთი მცველით თამაში ძველმოდური იყო და ოთხმცველიან სქემაზე გადავედით. გვინდა, უფრო შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ და ვნახოთ, რა შედეგს მოგვიტანს ახალი ტაქტიკა. მწვრთნელი გადაწყვეტილებებს, უპირველესად, შემადგენლობიდან გამომდინარე იღებს და მიმაჩნია, რომ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც განსხვავებული დავალებების შესრულება მაღალ დონეზე შეუძლიათ.

- ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ "გაგრას" მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს?
- არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ "გაგრას" ძირითად შემადგენლობაში ბოლო დროს რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი დამკვიდრდა, რომლებსაც მანამდე ძირითად შემადგენლობაში თამაში, ფაქტობრივად, არ უწევდათ.

- ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელების პროგრესს გამოარჩევდით?
- ძალიან მოუმატა გიორგი ყურულაშვილმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში სულ ახლახან დამკვიდრდა. გიორგი კალანდაძე უკვე დიდი ხანია, სასტარტოში თამაშობს, მაგრამ მისი პროგრესიც თვალსაჩინოა.

- რამდენიმე დღის წინ "გაგრაში" ლეგიონერთა რაოდენობა შემცირდა. ზამთარში უცხოელთა კლებას კიდევ უნდა ველოდოთ თუ არც ახალი ლეგიონერების დამატებას გამორიცხავთ?
- ორდინსკიმ "გაგრასთვის" ბევრი გააკეთა, მაგრამ ბოლო დროს ცუდი პერიოდი ჰქონდა და ერთმანეთს თბილად დავემშვიდობეთ. ნაკონეჩნი ჩვენთან რჩება, ისევე, როგორც ნიგერიელები, ოვონიკოკო, ჯერემია და მაგაჯი. ზედმეტია იმის შეხსენება, თუ რა ძალა იყო ოვონიკოკო ჩვენთვის. იგი მომავალი წლიდან დაგვიბრუნდება და "გაგრას" შემტევ პოტენციალს საგრძნობლად გააძლიერებს. დღეისთვის კი ყველაზე მეტად ჯერემია მოგვწონს, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს და საქართველოს ჩემპიონატს ნელ-ნელა უშინაურდება. ზამთარში კი შემადგენლობას აუცილებლად გავაძლიერებთ და შესაძლოა, ახალწვეულთა შორის ლეგიონერებიც იყვნენ.

- საერთო ჯამში, როგორ უმკლავდება "გაგრა" ბოლოდროინდელ კრიზისს?
- კრიზისის არსებობას მართლაც ვერ უარვყოფ, მაგრამ ვგრძნობ, რომ შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოვდივართ. ნამდვილად გვაქვს იმის რესურსი, რომ ჩემპიონატის საუკეთესო რვა გუნდს შორისაც მოვხვდეთ და უფრო მაღალი მიზნებისთვისაც ვიბრძოლოთ.

- ალბათ, არც თასის გათამაშებაა თქვენთვის მეორეხარისხოვანი.
- რა თქმა უნდა, თასზეც მაქსიმალურად დავიხარჯებით. წინა სეზონში თითქმის ვერავინ წარმოიდგენდა, "გაგრა" საქართველოს თასს თუ მოიპოვებდა და ევროპის ლიგაზე ითამაშებდა. კლუბის ხელმძღვანელობა ევროსაგზურს კატეგორიულად ნამდვილად არ გვთხოვს, მაგრამ არც უიმედოდ ვართ და თასის შესანარჩუნებლად მაქსიმალური ძალისხმევით ვიბრძოლებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული