კოტე მახარაძე - 85: გასახსენებელი ბევრი იყო

AutoSharing Option
17 ნოემბერს კოტე მახარაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დასკვნითი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართა. მერაბ ბერძენიშვილის კულტურის სახლ "მუზაში" ქართული თეატრისა და სპორტის წარმომადგენლებმა ლეგენდარული კომენტატორი და მსახიობი გაიხსენეს, საღამო კი რამდენიმე საინტერესო ნაწილისგან შედგებოდა.

თავდაპირველად სტუმრებმა ფოტოგამოფენა დაათვალიერეს - წარმოდგენილი იყო კოტე მახარაძის თეატრალური როლებისა და კომენტატორობისას გადაღებული ფოტოები. ფოიეში მოეწყო მისდამი მიძღვნილი ორი წიგნის პრეზენტაციაც.

ამის შემდეგ სტუმრებმა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც კოტე მახარაძე ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა და მეგობრებმა გაიხსენეს. ცნობილ სპორტსმენთაგან სიტყვა წარმოთქვეს ალექსანდრე ჩივაძემ, ოთარ გაბელიამ, ილია
დათუნაშვილმა, გურამ მინაშვილმა, ლევან მოსეშვილმა, ვაჟა ჟღენტმა და სხვებმა. საღამოს ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა. სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად "მუზაში" თბილისის მერი გიგი უგულავა მივიდა.

საღამოზე დასასწრებად კოტე მახარაძის მეგობრები სომხეთიდან და ისრაელიდან ჩამოვიდნენ, სცენაზე წაიკითხეს უცხოეთიდან გამოგზავნილი მიმართვები.

მაყურებლებმა იხილეს დოკუმენტური კადრები კოტე მახარაძის თეატრალური როლებიდან და წაყვანილი მატჩებიდან, წარმოდგენილი იყო ორი დოკუმენტური ფილმი - ერთი ქართველი რეჟისორის, გოგი თორაძის მიერ შექმნილი, მეორე კი უკრაინელთა გადაღებულია.

ყველაზე დიდი ემოციები კი, ბუნებრივია, 1981 წლის 13 მაისის დაუვიწყარი მატჩის ფრაგმენტებმა გამოიწვია, როცა კოტე მახარაძის დიდოსტატობამ სრულიად საქართველოს ზეიმს დამატებითი ეშხი შესძინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული