მიმოფანტულები: აკაკი გოგია, გუჯა რუხაია და სხვები

AutoSharing Option
ვინ არის უცხოეთის მოქალაქე ქართველ ფეხბურთელებში, აგრეთვე საქართველოსთან დაკავშირებულ მოთამაშეებში ყველაზე ძვირადღირებული? როდესაც ამ თემით დავინტერესდით, გერმანულ ვებგვერდ "ტრანსფერმარკეტში" საინტერესო ცნობებს მივაკვლიეთ.

აქ უდავო ლიდერი გერმანიის ბუნდესლიგის "აუგსბურგის" 19 წლის შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგიაა, რომელიც 750 000 ევროდ არის შეფასებული. შემდეგ მოდის გროზნოს "ტერეკის" საყრდენი ნახევარმცველი ლევან გვაზავა (500 000). კიევის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის წევრი, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი თემურ ფარცვანიაც საკმაოდ სოლიდურად ფასობს - 400 000 ევრო. ასეთივე ფასი ადევს ნალჩიკის "სპარტაკის" ნახევარმცველ გუჯა რუხაიას.

რუსეთის მოქალაქეა სანკტ-პეტერბურგის
"ზენიტის" ცენტრალური მცველი იგორ ჩემინავა, რომელსაც ინტერნეტსააგენტო 200 000 ევროდ აფასებს.

ბევრი ისეთი მოთამაშეცაა, რომელნიც ჯერ ან დიდად არ ფასობენ, ან შეუფასებლები არიან. მაგალითად, ჯერ არ შეფასებულა ყაზანის "რუბინი 2"-ისა და რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელის მიხეილ გორელიშვილის ტრანსფერი. მაღალი რეიტინგი არც კიევის "არსენალის" მეკარე ვლადისლავ ჩანგელიას აქვს (50 000).

ამ კვლევა-ძიებაში სხვა საინტერესო ინფორმაციებსაც წავაწყდით. მაგალითად, მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელი ირაკლი ჭეჟია რუსეთის მოქალაქე გვეგონა, მას კი ორმაგი, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობა ჰქონია. ტანმაღალ ცენტრალურ მცველს (187 სმ) რუსეთის 18, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. მისი ტრანსფერი 150 000 ევრო ღირს.

ჩვენთვის ასევე სიახლე იყო ის, რომ პერმის "ამკარის" მცველი ზურაბ ცისკარიძეც ორმაგი, ამერიკისა და საქართველოს მოქალაქე ყოფილა. 24 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი 100 000 ევროდ შეფასდა. მან რუსულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში გააფორმა. სხვათა შორის, ზურაბის მამა მომღერალი იყო (საინტერესო ვოკალური კარიერაც ჰქონდა - "ივერიადან" დიდ თეატრამდე), საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკაში დარჩა, ზურაბი კი დედასთან ერთად პოლონეთში დასახლდა. იქვე ეზიარა ფეხბურთს, ჯერ თავდამსხმელი იყო, შემდეგ - მარცხენა ნახევარმცველი, თამაშობდა მარცხენა მცველადაც.

საინტერესოა შოთა ბიბილოვის ამბავიც. ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" შემტევი ნახევარმცველი 100 000-ად ფასობს. 21 წლის ფეხბურთელი საქართველოშია გაზრდილი და ჩვენებურ თანაგუნდელებს ქართულად ელაპარაკება. ოსეთში ადრევე გადასახლდა, ვლადიკავკაზში დაიწყო ვარჯიში, 18 წლისა კი "ალანიაში" აიყვანეს, რომელიც იმ დროს რუსეთის პირველ ლიგაში გამოდიოდა. გუნდის პრემიერლიგაში გადასვლის შემდეგ ბიბილოვი, ფაქტობრივად, შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა, 2010 წლის ბოლოს კი ნიჟნი ნოვგოროდში ომარ თეთრაძის მიწვევით ჩაირიცხა.

დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ახალგაზრდული გუნდის 18 წლის თავდამსხმელის ევგენი ბოხაშვილის ტრანსფერი ჯერ მხოლოდ 25 000 ევრო ღირს.

კიევის "ობოლონის" ნახევარმცველი ირაკლი მესხია კი სამტრედიელია, უკრაინაში კარიერის ასაწყობად ჩავიდა და მოქალაქეობაც ამიტომ მიიღო.

უცხო ქვეყნების მოქალაქე ყველაზე ძვირადღირებული ქართველების ხუთეული ასე გამოიყურება:

1. აკაკი გოგია ("აუგსბურგი", ბუნდესლიგა) - 750 000 ევრო.
2. ლევან გვაზავა ("ტერეკი", რუსეთის პრემიერლიგა) - 500 000.
3-4, თემურ ფარცვანია ("დინამო", უკრაინის პრემიერლიგა), გუჯა რუხაია (ნალჩიკის "სპარტაკი", რუსეთის პრემიერლიგა) - 400 000.
5. იგორ ჩემინავა (სანკ-პეტერბურგის "ზენიტი", რუსეთის პრემიერლიგა) - 200 000.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული