"მერანი": მარტვილში 18-ს და უთოვლობას ელიან

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ მარტვილის "მერანის" მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ინტერვიუ შემოგთავაზეთ, სადაც მან თქვა, რომ, თუ გუნდს ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრის შანსი გაეზრდებოდა, კლუბის ხელმძღვანელობა აუცილებლად იზრუნებდა შემადგენლობის გაძლიერებაზე.

მას შემდეგ "მერანი" საქართველოს თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "გაგრასთან" სტუმრად 0:4 განადგურდა და, თუ დღეს სასწაული არ მოხდა, ჟვანიას გუნდი ამ ტურნირს გამოეთიშება. დიდთოვლობის გამო უმაღლეს ლიგაში "მერანის" ორი კალენდარული მატჩი გადაიდო და ჟვანიას იმ განცხადების შემდეგ მარტვილელებმა უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართეს - "ვიტ ჯორჯია" შინ 3:0 გაანადგურ
ეს. ეს კი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "მერანი" ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე დამკვიდრებულიყო.

მარტვილელები მეცხრეადგილოსან "სპარტაკს" მთელი 10 ქულით უსწრებენ და მასზე ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული, ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე კი 7 ტური დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი ლიგის დებიუტანტს რვა საუკეთესოში დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს.

მალხაზ ჟვანიას ვკითხეთ, ხომ არ გადაწყვეტილა რომელიმე ფეხბურთელის ტრანსფერი.

"მოლაპარაკებას რამდენიმე საკმაოდ ძლიერ ფეხბურთელთან ვაწარმოებთ, მაგრამ საბოლოო შეთანხმებას ჯერ არავისთან მიგვიღწევია, ამიტომაც უმჯობესი იქნება, თუ მათ ვინაობას არ დავაკონკრეტებ. დარწმუნებული ვარ, მალე მათი დიდი ნაწილი "მერანის" წევრი გახდება", - გვიპასუხა "მერანის" თავკაცმა.

მისივე თქმით, გუნდის დაკომპლექტება ამით არ დასრულდება და წლის ბოლომდე "მერანის" სამწვრთნელო შტაბი სხვა პოტენციურ ახალწვეულებსაც დააკვირდება. ამ მიზნით ურეკში დაახლოებით ერთკვირიანი შეკრება მოეწყობა, რომელშიც გუნდის წევრებთან ერთად მონაწილეობას "მერანში" ჩარიცხვის მსურველებიც მიიღებენ.
ამის შემდეგ ფეხბურთელებს ხანმოკლე საახალწლო შვებულებაში გაუშვებენ და "ნამდვილი" შეკრებებიც დაიწყება. ნაახალწლევს ორი შეკრება იგეგმება, საიდანაც ერთი საქართველოში მოეწყობა, მეორე კი, გამორიცხული არ არის, "მერანმა" საზღვარგარეთ გაიაროს.

ახალ წლამდე კი მარტვილელებს მეტად დაძაბული გრაფიკი აქვთ - თუ სხვა უმაღლესლიგელებს დიდთოვლობამ მხოლოდ თითო მატჩი გადაუდოთ, "მერანს", "ზესტაფონის" მსგავსად, ორი გადადებული შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. როგორც იცით, გადადებული მე-15 ტური საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა 14 დეკემბერს დანიშნა და ამ დღეს მარტვილელები ქუთაისს ეწვევიან, სავარაუდოდ, წლეულსვე, 18 დეკემბრის შემდეგ დაინიშნება "მერანი"-"ზესტაფონიც".

მარტვილის ცენტრალური სტადიონის გაზონზე კი კვლავაც თოვლი დევს. სტადიონის თანამშრომლები მოედნის გაწმენდას აღარ ცდილობენ, რადგან მცდელობამ საფარი დააზიანა. ასე რომ, მარტვილელები თოვლის გადნობას ელოდებიან, დღეს კი "გაგრას" ზუგდიდში დაუხვდებიან.

18 დეკემბერს ჟვანიას გუნდი თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. მანამდე "მერანს" საშინაო მატჩი არ აქვს და, თუ კიდევ არ მოთოვა, მარტვილში ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება.

ბოლოს ორიოდე სიტყვით "მერანის" საკადრო პრობლემებსაც შევეხოთ. დღეს "გაგრასთან" ვერ ითამაშებენ გიორგი მანწკავა, რომელსაც კუნთი აქვს დაჭიმული, გიგა ამბროლაძე, რომელსაც ფილტვების ანთება აქვს, და სიცხიანი გურამ სამადაშვილი. საეჭვოა ელგუჯა გრიგალაშვილის თამაშიც, რომელსაც კუნთის პრობლემა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული