ამ თაობაზე უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად ზუგდიდის "ბაიას" მთავარ მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს დავუკავშირდით, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ახალი სტადიონის პროექტი უკვე მზადაა და მეტიც, სამუშაოებიც კი დაწყებულია.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ახალი არენა ძველის საფუძველზე შენდება - კომუნისტების დროს ზუგდიდის გარეუბანში, კომბინატის დასახლებაში ოთარ ფაცაციას (შემდგომში საქართველოს პრემიერ-მინისტრის) ხელმძღვანელობით სტადიონის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ მხოლოდ კარკასი მოესწრო, შემდგომმა განუკითხაობამ კი იქაურობა სულ მთლად გააპარტახა.
რაც შეეხება ზუგდიდის ცენტრალურ, გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონს, მალე იგი აღარ იარსებებს, უმთავრესი დანიშნულება კი უკვე დაკარგა - "ბაია" იქ აღარასოდეს ითამაშებს, ახალი სტადიონის გახსნამდე ზუგდიდური კლუბი მეტოქეებს საკუთარ ბაზაზე მიიღებს.
"ჩვენს საწვრთნელ ბაზაზე ხელოვნური მოედანი იდეალურ მდგომარეობაშია. გვაქვს 1500-კაციანი ტრიბუნაც, ასე რომ, უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს უპრობლემოდ ვაკმაყოფილებთ. ერთადერთი, გასახდელშია ცოტა სივიწროვე, რადგან იგი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა ეს მოუგვარებელი პრობლემა ნამდვილად არ არის. ერთი სიტყვით, მომავალი წლის სექტემბრამდე საშინაო მატჩებს ბაზაზე ჩავატარებთ და გარწმუნებთ, აქ ჩამოსული გუნდი თავს კომფორტულად იგრძნობს", - გვითხრა ქომეთიანმა.
რაც შეეხება "გულია თუთბერიძეს", იქ უკვე დაიწყეს ტრიბუნების დემონტაჟი და მალე სტადიონის ადგილზე დასასვენებელი პარკი გაშენდება.
ელგუჯა ქომეთიანს, ცხადია, "ბაიას" ამჟამინდელ ამბებზეც დავეკითხეთ.
- დაგვეთანხმებით, თქვენი გუნდი ბოლო დროს ძველებურად სტაბილურად ვეღარ თამაშობს.
- გეთანხმებით, ასეა. "ბაია" ახალგაზრდული გუნდია და არასტაბილურობაც, უპირველესად, ამითაა განპირობებული. ამას გადაღლილობაც უნდა დავუმატოთ. თუ თოვლის გამო გადადებულმა ტურმა უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობა ამოასუნთქა, ჩვენ ამ შეღავათს მოკლებულნი ვიყავით, რადგან "გაგრასა" და "ბაიას" მატჩი მაინც ჩატარდა. "დილასთან" სათასო მატჩით გადაღლილები ვიყავით, მაგრამ "გაგრასთან" პრინციპული შეხვედრა მაინც მოვიგეთ. სამაგიეროდ, ამის შემდეგ ვეღარ შევძელით ძალების აღდგენა და "სპარტაკთან" შინ სრულიად ლოგიკურად დავმარცხდით. მეტოქემ შესანიშნავად ითამაშა, "ბაია" კი უსუსურად გამოიყურებოდა.
- "ბაიასთვის" მჭიდრო კალენდარი გრძელდება. შეძლებთ გორში "დილასთვის" სათანადო წინააღმდეგობის გაწევას?
- ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს შეხვედრა წინაზე უკეთ ჩავატაროთ და თასის ნახევარფინალში გავიდეთ. მეტოქე ძლიერია, მაგრამ კოზირები ჩვენც გვაქვს.
- ფინანსურ პრობლემებს ხომ აღარ შეუწუხებიხართ?
- საბედნიეროდ, ყველა უსიამოვნება წარსულში დარჩა. სეზონის ბოლომდე ბიუჯეტი დეტალურად გვაქვს გაწერილი და უსახსროდ დარჩენის აღარ გვეშინია.
- ირაკლი ქობალია თავს როგორ გრძნობს და როდის დაუბრუნდება მოედანს?
- მან მსუბუქად ვარჯიში უკვე დაიწყო და, გორში ალბათ ვერა, მაგრამ იმედი გვაქვს, წლეულს დარჩენილ სხვა შეხვედრებში მაინც დაგვეხმარება. მთავარი ისაა, რომ ირაკლის მძიმე ტრავმა არ აღმოაჩნდა და ფეხი მწყობრში აქვს. თუ ფორმა დროულად აღიდგინა, ზამთრის შესვენებამდე დიდ სამსახურს გაგვიწევს.
- ...მერე კი, ალბათ, სხვაგან გადავა.
- დიახ, ტრავმის მიუხედავად, მასზე მოთხოვნა კვლავაც დიდია და, ალბათ, ზამთარში სხვაგან გადავა. გვაქვს კონკრეტული წინადადებები, რომლებსაც, თქვენის ნებართვით, ახლა ვერ გავამჟღავნებ.
- დაინტერესება მხოლოდ ქართული კლუბების მხრიდანაა თუ წინადადებები უცხოეთიდანაც მიიღეთ?
- უფრო მეტი შანსია, ქობალიამ კარიერა საზღვარგარეთ გააგრძელოს.
- ბოლო დროს "ბაიას" ძირითად შემადგენლობას ახალი თაობის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი გაუშინაურდა.
- გურამ სამუშია და ავთო ენდელაძე კარგი ტემპით პროგრესირებენ და დღეს უკვე მზად არიან იმისთვის, რომ "ბაიას" ძირითადში სისტემატურად ითამაშონ. ჯერჯერობით განაცხადში მოხვედრით დაკმაყოფილდება 18 წლის შემტევი ნახევარმცველი არჩილ ფარჯიკია, რომელსაც ჩინებული მონაცემები აქვს და თუ იშრომებს, დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს.
- ამ სეზონში თქვენი პროგრამა-მინიმუმიც და პროგრამა-მაქსიმუმიც, ალბათ, უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრაა.
- დიახ, საკუთარ შესაძლებლობებს ობიექტურად ვაფასებთ და მიგვაჩნია, რომ ევროთასებზე გასასვლელად მზად არ ვართ, სამაგიეროდ, ისიც ვიცით, რომ ზედა რვა გუნდში ყოფნის ძალა შეგვწევს. ამ სეზონში ეს არის ჩვენი პოტენციალი, მომავლისთვის კი უფრო შორსმიმავალი გეგმები გვაქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"