მარტვილური პრეცედენტი: წინ, გავიხედოთ წინ!

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბოლოდროინდელ ინიციატივათაგან ერთ-ერთი საფეხბურთო სკოლების ცალკე, დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბების მოთხოვნა იყო. მარტვილში, ჯესი სურმავას თაოსნობით, უკვე გადაიდგა საამისო ნაბიჯები. კერძოდ, შეიქმნა საფეხბურთო სკოლისთვის შესაბამისი გარემო, შემუშავდა დებულება.

სკოლაში ვარჯიშობს 160-მდე პერსპექტიული ბავშვი, რომელთაც ავარჯიშებს 11 მწვრთნელი, ჩამოყალიბებულია 8 გუნდი. მარტვილელთა ინიციატივა სამაგალითო გახდა სამეგრელოში: ამ საკითხით დაინტერესება გამოთქვეს ხობის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა.

ჯესი სურმავა (საფეხბურთო სკოლის დირექტორი): "2011 წლის დასაწყისში ჩამოვაყალიბეთ საფეხბურთო სკოლა, რომელიც სრულად გაემიჯნა სპორტსკოლას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გავიარეთ კონსულტაცია, შევქმენით საკუთარი
წესდება.

მიზანი და ამოცანა, რასაკვირველია, ქართული ფეხბურთის განვითარება, ტალანტების მოძიება და მათი სწორად აღზრდაა. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ჩამოვაყალიბოთ ინტერნატის ტიპის სკოლა, რომელიც სისტემატურად მოამარაგებს კადრებით საფეხბურთო კლუბ "მერანს".

რაიონის ხელმძღვანელთა ხელშეწყობით დაგეგმილია სოფელ სერგიეთის ყოფილი კოლმეურნეობის შენობის ევროპულ დონეზე, ყველა სტანდარტის დაცვით რესტავრირება. ვაპირებთ ორი დიდი და ერთი მინიმოედნის მოწყობას".

სერგო კვარაცხელია (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის ინიციატივითა და სახელმწიფოს ხელშეწყობით ქართული ფეხბურთი ახალ სტრუქტურულ მოწყობაზე გადადის, ბევრი რამ კეთდება მის ასაღორძინებლად. სამეგრელოში ამ მხრივ აქტიურობაა.

მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა მარტვილში, სადაც, ფაქტობრივად, ხორციელდება საფეხბურთო სკოლის დამოუკიდებლად მართვა. გვსურს, ყველა რაიონი დავაინტერესოთ ამ სიახლით, რათა ფეხბურთი რეგიონში უფრო მასობრივი და პოპულარული გახდეს - უმაღლეს ლიგაში ხომ სამი გუნდით ვართ წარმოდგენილნი და, ცხადია, წინ უნდა გავიხედოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული