თორნიკე გორგიაშვილის მიღწეული და მისაღწევი მიზნები

AutoSharing Option
"ზესტაფონისა" და "ტორპედოს" დრამატული სათასო დაპირისპირების ერთ-ერთი გმირი ფეროელთა 23 წლის ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი იყო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გამთანაბრებელი გოლი გაიტანა - თავისი გუნდისთვის უამისოდაც ბევრი გააკეთა და მთელი მატჩის განმავლობაში დაუღალავად იშრომა.
გორგიაშვილმა "ლელოს" საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

- პირველ რიგში, ნახევარფინალში გასვლას გილოცავ. გოლის ეპიზოდი გაიხსენე.
- მადლობა მოლოცვისთვის. შესანიშნავი თამაში გამოვიდა, რაშიც წვლილი ორივე გუნდმა შეიტანა. არ მიმაჩნია, რომ გამარჯვებისთვის ვინმეზე მეტი გავაკეთე, მაგრამ ბედნიერი ვარ, ნახევარფინალში გასვლის შანსი ჩემი გოლით რომ გაგვიჩნდა.

ამ მომენტში, ცხადია, გაგვიმართლა
კიდეც, მაგრამ დრო იყო, ფორტუნა ამჯერად მაინც ყოფილიყო ჩვენს მხარეს - აქამდე რამდენიმე მატჩში იღბალი სულ "ტორპედოს" სწყალობდა. ვერ ვიტყვი, რომ დარტყმა იდეალური გამომივიდა, მაგრამ მთავარია, მიზანს მიაღწია.

- მატჩის დასკვნით ნაწილში შენ და შენს თანაგუნდელებს ნახევარფინალში გასვლის იმედი დაკარგული ხომ არ გქონდათ?
- არა, რადგან გულის სიღრმეში ყველას გვჯეროდა, რომ ჩვენი მონდომება შედეგს აუცილებლად გამოიღებდა.

- ანგარიშის გათანაბრების შემდეგ დამატებითი დროისთვის უფრო იყავით მზად თუ ფიქრობდით, რომ კიდევ გაიტანდით?
- გონებით ყველანი უკვე დამატებით დროზე ვიყავით გადართულნი და გვჯეროდა, რომ საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე არ მივიდოდა, რადგან საგრძნობ ფსიქოლოგიურ უპირატესობას ვფლობდით. ძირითადი დროის დასრულებამდე ცოტაღა იყო დარჩენილი, მაგრამ ისე მოხდა, რომ მწვავედ შევუტიეთ და მეორე გოლიც გავიტანეთ.

- ზესტაფონელ ქომაგთა ნაწილმა სტადიონი შეხვედრის მიწურულს, 0:1-ზე დატოვა.
- ამან გული ძალიან დაგვწყვიტა, მაგრამ რას ვიზამთ, ზოგს ჩვენი ბოლომდე სჯერა, ზოგს კი - არა. იმედი გვაქვს, სკეპტიკოსები ამ გამარჯვების შემდეგ მაინც ირწმუნებენ, რომ არ ვართ გასაჭირში მიტოვების ღირსნი. პარალელს "ბრიუგესთან" საშინაო შეხვედრასთან გავავლებდი. ერთი შეხედვით, მაშინაც უიმედოდ ვმარცხდებოდით, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება შევძელით, რაც ვერ ნახა იმ ხალხმა, ვინც ზურგი შეგვაქცია და სტადიონიდან ნაადრევად წავიდა.

- ახლა, როცა ერთ-ერთი რთული მეტოქე გზიდან ჩამოიცილეთ, ანიჭებთ თუ არა დიდ მნიშვნელობას იმას, ვინ შეგხვდებათ ნახევარფინალში?
- წილისყრას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არც მეოთხედფინალამდე ჰქონია და არც ახლა აქვს. ჩვენ თასის მოგება გვინდა და რა მნიშვნელობა აქვს, ძლიერ მეტოქეს მეოთხედფინალში შეხვდები, ნახევარფინალში თუ ფინალში?!

- ეს სეზონი შენს კარიერაში აშკარად საუკეთესოა.
- რა თქმა უნდა, თუნდაც იმიტომ, რომ სტაბილურად ვთამაშობ "ზესტაფონის" ძირითადში. მაშინაც კი, როცა მოედანზე იშვიათად გავდიოდი, გუნდის შეცვლაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია. 17 წლიდან "ზესტაფონში" ვარ, მთავარი გუნდის ძირითადისკენ არაერთი საფეხური გავიარე და მჯეროდა, რომ აუცილებლად მექნებოდა ის როლი, რაც ახლა მაქვს. მიღწეულზე შეჩერებას არც ახლა ვაპირებ და მინდა, "ზესტაფონისთვის" კიდევ უფრო საჭირო ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე.

- საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებზე რას იტყვი?
- ტექნიკის მხრივ არა მიჭირს, საკუთარი თავისგან კი უფრო მეტ სითამამეს ვითხოვ. ზოგჯერ, იმის მაგივრად, რომ კარში დავარტყა, ვამჯობინებ, პასი უარეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს მივცე.

- ტიპიური საყრდენი არ ხარ. დაცვითი ფუნქციების შესრულებისას დისკომფორტს ხომ არ გრძნობ?
- შემტევი ტიპის ნახევარმცველი ვარ, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში შუახაზელს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მხოლოდ შეტევით შემოიფარგლოს. ეს კარგად მესმის და ვცდილობ, საყრდენადაც არანაკლებ სასარგებლო ვიყო. ასე რომ, მზად ვარ, იმ პოზიციაზე ვითამაშო, რომელიც გუნდს დასჭირდება. ნახევარმცველობა კი არა, მარცხენა და ცენტრალური მცველის ამპლუაშიც კი მითამაშია.

- ახლახან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გქონდა.
- ამით ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნება ახდა და ბევრს ვიშრომებ იმისთვის, რომ ნაკრების სტაბილურ წევრად ჩამოვყალიბდე. საქართველოს არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ მითამაშია, რაზეც გული ძალიან მწყდება, მაგრამ მთავარი მაინც ეროვნული გუნდია და ბედნიერი ვიქნები, თემურ ქეცბაიას ყურადღებას მომავალშიც თუ დავიმსახურებ.

- ეყოფა ძალები "ზესტაფონს" იმისთვის, რომ დუბლის შესასრულებლად იბრძოლოს?
- დარწმუნებული ვარ, ეყოფა. მარტო ჩემპიონობა და თასის მოპოვება კი არა, სუპერთასის მოგებაც ძალიან გვინდა. "ზესტაფონი" საქართველოშიც და ევროპაშიც შედეგებს ყოველწლიურად აუმჯობესებს და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. დროა, ევროტურნირებზეც მეტს მივაღწიოთ და ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ.

- ზამთარში "ზესტაფონს", ალბათ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დატოვებს და მათ სრულფასოვნად შეცვლას ხომ გარკვეული დრო დასჭირდება.
- შემადგენლობის განახლება ნებისმიერი კლუბისთვის ნორმალური პროცესია და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდის შედეგებზე არ აისახება. თუ ვინმე დაგვტოვებს, სამაგიეროდ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდებიან გიორგი ხიდეშელი და ზურაბ მენთეშაშვილი. ალბათ, რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც დაგვემატება და "ზესტაფონი" არსებობას ჩვეულ რიტმში განაგრძობს.

- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტებად ვინ მიგაჩნია?
- "დინამო", "მეტალურგი" და "ტორპედო", უფრო პირველი ორი. აქვე აღვნიშნავ, რომ ახალი და უცნაური სისტემის მიუხედავად, ჩემპიონატის დონე ამაღლდა და იოლად ვერავის დაამარცხებ.

- რამდენიმე დღეში თბილისის "დინამოს" უმასპინძლებთ.
- თუ რას ნიშნავს ეს მატჩი "ზესტაფონის" წევრებისა და აქაური გულშემატკივრებისთვის, ყველამ კარგად იცის - ამის სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ, შეუძლებელია. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მე და ჩემი თანაგუნდელები ამ უპრინციპულესი შეხვედრის მოსაგებად თავს არ დავზოგავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გორგი ჯიგარი ხარ!გულშემატკივრებზე ძაან ნუ დაგწყდება გული,ხდება ხოლმე,იქ ვიყავი და უზომოდ იყვნენ გადასული ყველანაირი ფარგლებიდან,ვერ ეგუებოდნენ წაგებას...ვაპატიოთ ჯობია
თქვენი პატივისცემა სხვანაირად გამოხატეს და გამოხატავენ მუდამ :*
Tskhada
21:29 09-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული