მსაჯთა საფიხვნო: გამოსწორებული ტესტი და მეხუთეს მოლოდინში

AutoSharing Option
"ლელოს" რუბრიკის ტრადიციულ სტუმარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელ ლევან ფანიაშვილს ჩვენი ჩემპიონატის გასული ტურისა და თასის განმეორებითი მატჩების შეფასება ვთხოვეთ - ბუნებრივია, მსაჯთა მუშაობის კუთხით.

მისი თქმით, სათასო შეხვედრებში ქართველმა მსაჯებმა მაღალ დონეზე იმუშავეს.

"წვრილ-წვრილი შეცდომები ყველა მსაჯს მოსდის, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ არ მიუღიათ ისეთი გადაწყვეტილება, რამაც მატჩის შედეგზე რაიმე გავლენა მოახდინა", - გვითხრა ფანიაშვილმა.

თასის მეოთხედფინალში ყველაზე რთული სამსაჯო, ბუნებრივია, "ზესტაფონი"-"ტორპედო" იყო - ლევან კვარაცხელიას ბრიგადის მუშაობა დადებითად შეფასდა.

რაც შეეხება უმაღლესი ლიგის გასულ ტურს, "მეტალურგი"-"ვიტ ჯორჯიასთან"
ერთად ყველაზე მძიმე სამსაჯო "კოლხეთი"-"გაგრა" აღმოჩნდა. ფოთში მსაჯებმა საკუთარ მოვალეობებს თავი მაღალ დონეზე გაართვეს. მსაჯთა განყოფილებას პრეტენზიები არც რუსთავული მატჩის მომსახურე ბრიგადასთან აქვს, მაგრამ ამ შეხვედრაში მაინც იყო ეპიზოდი, რამაც მღელვარება გამოიწვია - ვიტჯორჯიელმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, მაგრამ, რადგან მომენტი ძნელი დასანახი იყო, მსაჯთა განყოფილებას ამ მატჩის მსაჯები უარყოფითად არ შეუფასებია.

"ვიტ ჯორჯიას" კარში დანიშნული პენალტის თაობაზე (რომელიც ლუკა რაზმაძემ შეასრულა და ვიტელთა მეკარე გიორგი ძაძამიამ მოიგერია) კი არბიტრის გადაწყვეტილება მართებული იყო.

რაც შეეხება სხვა ამბებს, ფანიაშვილი უეფამ მორიგ მატჩზე მიავლინა მსაჯთა დამკვირვებლად. ჩვენი სამსაჯო განყოფილების უფროსი ამჯერად სლოვენიაში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ადგილობრივმა "მარიბორმა" ჩვენთვის კარგად ნაცნობ "ბრიუგეს" უმასპინძლა. ბელგიელებმა მორიგი საფეხბურთო სპექტაკლი დადგეს (ამჯერად გერმანელ კრისტოფ დაუმის ხელმძღვანელობით), სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს, მატჩის ბოლო 16 წუთში ოთხი გოლი გაიტანეს და 4:3 გაიმარჯვეს.

ამას წინათ გაცნობეთ, რომ ჩვენი ფეხბურთი ფიფას მეხუთე არბიტრის მოლოდინშია. ამ საპატიო სტატუსის მიღების რეალური კანდიდატია თორნიკე გვანცელაძე. მის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფადან პასუხს კათოლიკურ შობამდე ელის. როგორც ფანიაშვილმა გვითხრა, დადებითი პასუხის მიღება სავსებით რეალურია.

თუ გახსოვთ, ამას წინათ გაცნობეთ, რომ ნორმატივების ჩაბარებისას ოთხმა ქართველმა მსაჯმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. მათ დამატებით შანსი მიეცათ, რომელიც ოთხივემ გამოიყენა და, შესაბამისად, უმაღლესი ლიგის მატჩების განსჯის უფლებაც დაიბრუნეს.

ზამთარში შეკრებაზე მხოლოდ გუნდები კი არა, მსაჯებიც წავლენ. შეკრება თებერვლის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი და გამორიცხული არ არის, ის უცხოეთში გაიმართოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული