"კოლხეთი" - ნახევარი მილიონის მოლოდინში

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ფოთის "კოლხეთის" ბიუჯეტი შეივსო. როგორც კლუბის დირექტორმა ზაალ კუჭუხიძემ გვითხრა, ქალაქის ბიუჯეტიდან "კოლხეთმა" დამატებით 300 ათასი ლარი მიიღო, უახლოეს მომავალში კი იმედოვნებენ, რომ ქალაქისა და ფოთის პორტის შემწეობით კლუბს კიდევ 200 ათასი შეემატება.

"მოლაპარაკებებს კერძო ინვესტორებთანაც ვაწარმოებთ და არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი ბიუჯეტი 800 ათას ლარამდეც გაიზარდოს. დღესვე გვაქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ ამ სეზონში ღირსეულად ვიასპარეზოთ, სამომავლოდ კი უფრო სერიოზულ მიზნებსაც დავისახავთ", - აცხადებს კუჭუხიძე.

ბუნებრივია, შემოსული თანხები შემადგენლობის გაძლიერების საშუალებას უნდა იძლეოდ
ეს. "კოლხეთის" დირექტორის თქმით, ეს საკითხი აქტიურად დგას დღის წესრიგში, თუმცა ჯერ ნაადრევად მიაჩნია იმ ფეხბურთელების დასახელება, რომლებთანაც კლუბი მოლაპარაკებას აწარმოებს ან ახლო მომავალში აპირებს მისთვის კონტრაქტის შეთავაზებას. ცხადია, ახალწვეულების გამოჩენის პარალელურად, "კოლხეთს" რამდენიმე მოთამაშე დატოვებს.

რაც შეეხება სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს, ფოთელები 10 იანვრის შემდეგ შეიკრიბებიან და ჯერ ადგილზე მოემზადებიან, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობა უცხოური შეკრების მოწყობასაც გეგმავს. თუკი საკმარისი სახსრები გამოჩნდა, "კოლხეთი" ანტალიაში გაემგზავრება.

გრძელდება სტადიონ "ფაზისის" რეკონსტრუქცია. ბერძნულმა კომპანიამ, რომელმაც სამუშაოების წარმოების უფლება ტენდერით მოიპოვა, მაღალი ხარისხის ბუნებრივსაფარიანი მოედნის დაგება უკვე დაასრულა და მალე ტრიბუნებზე ინდივიდუალური სკამების მონტაჟსაც დაიწყებს.

"ფაზისზე" 3 700 სკამი დამონტაჟდება, საიდანაც დაახლოებით 2 000-ს ზემოთ ნახსენები ბერძნული კომპანია შემოიტანს, დანარჩენ სკამებს კი, რომლებიც ადრე "მიხეილ მესხზე" იყო დამონტაჟებული, "კოლხეთს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადასცემს. მოწესრიგდა სადრენაჟო და სარწყავი სისტემა, მალე მზად იქნება ახალი გასახდელებიც.

"მიმდინარე სეზონში ფოთში ერთი მატჩიც კი არ ჩაგვიტარებია, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ სტუმრად ვთამაშობთ. დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს უსიამოვნო ფაქტი, დღეს სატურნირო ცხრილში გაცილებით უკეთეს პოზიციაზე ვიქნებოდით. შევეცდებით, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ "ფაზისს"", - ესეც ზაალ კუჭუხიძის სიტყვებია.

თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ამინდმა არ შეაფერხა, "კოლხეთი" საშინაო მატჩებს ფოთში თებერვლიდანვე ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული