გელა სანაია თბილისში პროლიცენზიით დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი არიან ის სპეციალისტები, რომლებიც უმაღლეს სამწვრთნელო სერტიფიკატს - პროლიცენზიას ფლობენ. რამდენიმე დღის წინ კი მათ რიცხვს გელა სანაია შეუერთდა.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა მწვრთნელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად რამდენიმეჯერ ჩავიდა კიევში, ბოლო ვიზიტისას კი თეორიულ-პრაქტიკული გამოცდები ჩააბარა და თბილისში ლიცენზიით დაბრუნდა.

"იმის მიუხედავად, რომ კარგად ვიყავი მომზადებული, მაინც ბევრი ვინერვიულე, რადგან გამოცდები ძალიან მკაცრად ტარდებოდა. კიევში დაძაბული კვირა გავატარე, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და შრომა დამიფასდა. პროლიცენზია კედელზე ჩამოსაკიდად არ ამიღია და ახლა იმის იმედი მაქვს, რომ მიღებული ცოდნისა და
გამოცდილების გამოყენების საშუალება მომეცემა", - გვითხრა სანაიამ.

კიევში სემინარები "დინამოს" ბაზასა და ოლიმპიური მომზადების ცენტრში ჩატარდა. სანაიასთან ერთად პროლიცენზია ცნობილ კლუბებში დასაქმებულმა რამდენიმე სპეციალისტმა მიიღო - მათ შორის მინსკის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ სკრიპჩენკომ, დონეცკის "მეტალურგის" თავკაცმა ვლადიმირ პიატეკნომ და სხვებმა.

სანაიასთან ერთად პროლიცენზიის მფლობელი გახდა ლატვიაში მომუშავე ქართველი მწვრთნელი თამაზ პერტია.

რაც შეეხება სანაიას, იმედს ვიტოვებთ, რომ მის უმუშევრობას წერტილი მალე დაესმება. პროლიცენზიას რომ თავი დავანებოთ, მან საკუთარი კვალიფიკაცია პრაქტიკული საქმიანობითაც დაამტკიცა.

მას შემდეგ, რაც წინა სეზონის მსვლელობისას "სამტრედია" დატოვა, სანაია მცირე ხნით წვრთნიდა ხობის "კოლხეთს", საიდანაც იმის გამო წავიდა, რომ ფოთის "კოლხეთთან" წინასწარ შეთანხმებას მიაღწია და თითქოს ფოთელთა მთავარი მწვრთნელი უნდა გამხდარიყო, თუმცა კარგად გეხსომებათ, რა მოხდა ამის შემდეგ - სიტყვიერი შეთანხმება დაირღვა და სანაიასაც ისღა დარჩენოდა, აქცენტი მთლიანად ცოდნის გაღრმავებაზე გადაეტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული