გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ჩემპიონებმა კონტრაქტი გაუხანგრძლივეს ჯაბა დვალს - 26 წლის თავდამსხმელი ფეროელთა ღირსებას 2015 წლის 1 იანვრამდე დაიცავს.
დვალი "ზესტაფონში" 2009 წელს მოლდოვური "დაჩიადან" გადავიდა და მას შემდეგ იმერელთა თავდასხმის ერთ-ერთი ლიდერია. "ზესტაფონის" მაისურით ჯაბამ 83 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა, ევროტურნირებზე კი იგი კლუბის საუკეთესო ბომბარდირია - 16
განსაკუთრებით შთამბეჭდავი ამ ზაფხულს ჩატარებული მატჩები იყო, როცა "დაჩიას" კარში ორი საუცხოო გოლი გაიტანა და არანაკლებ ეფექტური დარტყმით დალაშქრა ბელგიური "ბრიუგეს" კარი.
საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში ზესტაფონელთა მე-11 ნომერმა 16 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძვის.
დვალის პირად აქტივში ეს მიღწევა უკვე არის - 2005-06 წლების სეზონში იმ დროს თბილისის დინამოელი 21 გოლით გახდა ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი, თუმცა ამ გოლების ნაწილი მან ბოლნისის "სიონის" მაისურით გაიტანა, სადაც სეზონის პირველი ნახევარი გაატარა.
ჯაბა "დინამოს" ძირითად გუნდში 2003 წელს გამოჩნდა, 2004 წელს კი გია გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილ დედაქალაქელებთან ერთად უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ამას მოჰყვა "სიონში" განათხოვრება და "დინამოში" დაბრუნება, საჩხერის "ჩიხურა" და რუსთავის "ოლიმპი".
ორი სეზონი ჯაბამ "დაჩიაში" გაატარა, სადაც 22 გოლი მიითვალა, სამშობლოში დაბრუნებით კი უთუოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარიერის საუკეთესო პერიოდს ატარებს სწორედ "ზესტაფონში", რომელთან ერთად საქართველოს ჩემპიონობაც იზეიმა და ევროასპარეზზე არაერთი ღირსშესანიშნავი მატჩიც ჩაატარა.
დვალი არ არის მხოლოდ გოლის გამტანი ფორვარდი - გულშემატკივრებს არაორდინარული გადაწყვეტილებებით, ტექნიკური არსენალითა და პასის კულტურითაც ხიბლავს. "ზესტაფონისთვის" აქამდეც შეუცვლელი ფიგურა იყო, მაგრამ ნიკა გელაშვილის წასვლის შემთხვევაში დვალი განსაკუთრებით ფასეული შემტევი ფეხბურთელი გახდება. ახლა საინტერესო ის არის, ვინ გახდება მისი მთავარი მეწყვილე - "ზესტაფონში" ახალგადასული ნიგერიელი აბაიომი ოვონიკოკო თუ ფეროელთა რომელიმე ძველი ფორვარდი.
ქართველი ქომაგების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ჯაბა საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც გააძლიერებდა, მაგრამ თემურ ქეცბაიას განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, მისი ფორმაციის გუნდში დვალს თამაშის შანსი ნაკლებად აქვს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"