"სიონი" მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "სიონი" სულ მალე ძველებურად ბრძოლისუნარიანი გუნდი იქნება. ბოლნისურმა კლუბმა სეზონის პირველი ნახევარი ძალიან სუსტად ჩაატარა და უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში უკანასკნელ ადგილზე "მყარად" დამკვიდრდა, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა - შემცირებული დაფინანსება და აქედან გამომდინარე შესუსტებული შემადგენლობა, გაუმართავი საწვრთნელი პროცესი და ასე შემდეგ.

ამიერიდან კი "სიონს" "მადნეულის" ნაცვლად ბოლნისის მუნიციპალიტეტი უპატრონებს და, წესით, ძველ ამბიციებსაც დაუბრუნებს.

უფრო დეტალური ინფორმაცია ბოლნისის გამგებლის, სოსო ლალიაშვილისგან მივიღეთ.

- რა ვითარებაში შეეცვალა "სიონს" მეპატრონე?
- ამის სურვილი რაიონის მუნიციპალიტეტსაც ჰქონდა და "მადნეულსაც". ეკონომიკის
სამინისტროს წერილი მივწერეთ, "სიონისა" და "თამაზ სტეფანიას" სტადიონის მართვის სურვილი გამოვთქვით და დადებითი პასუხი მივიღეთ. "სიონი" რაიონის 2012 წლის ბიუჯეტში ჩაჯდება და მალე გაცილებით უკეთეს პირობებში იქნება, ვიდრე სულ ცოტა ხნის წინ იყო.

- კლუბის ბიუჯეტი როგორი იქნება?
- მხოლოდ სეზონის დარჩენილ ნაწილში "სიონს" 500-600 ათასი ლარით დავაფინანსებთ, რაც, დამეთანხმებით, ნახევარი სეზონისთვის ქართული მასშტაბებით არცთუ მცირე თანხაა.

- ალბათ, უფრო შორსმიმავალი გეგმებიც გაქვთ დასახული.
- რა თქმა უნდა. მთავარია, ამ სეზონში დასახული ამოცანა წარმატებით განვახორციელოთ და უმაღლეს ლიგაში დავრჩეთ, მომავალი სეზონისთვის კი გაცილებით სერიოზული გეგმების განხორციელებაზე ვიზრუნებთ. "სიონს" ბოლო ადგილზე ყოფნა არ ეკადრება და სულ მალე დაიბრუნებს ამბიციური კლუბის სახელს.

- მთავარი მწვრთნელი თანამდებობაზე რჩება?
- ლევან ბაჯელიძეს ჩვენი მხრიდან ასპროცენტიანი ნდობა აქვს და მას დადებითი შედეგების მიღწევაში ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს.

- გუნდის შემადგენლობაში, ალბათ, ცვლილებებიც მრავლად იქნება.
- დიახ, ეს გარდაუვალია. მწვრთნელს არჩევანში სრული თავისუფლება ექნება. იგი სასურველი ფეხბურთელების სიას წარმოგვიდგენს და ჩვენ მათ გადმოყვანაზე ვიზრუნებთ. ბუნებრივია, შერჩეულ მოთამაშეებს ისეთ კონტრაქტებს შევთავაზებთ, რომელზეც უარის თქმა გაუჭირდებათ. სეზონის მეორე ნახევრისთვის სრულფასოვნად მოსამზადებლად გუნდს ყველა პირობას შევუქმნით.

- უცხოურ შეკრებასაც ხომ არ გეგმავთ?
- ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და გამორიცხულიც არ არის, რადგან ფინანსური რესურსები ამის საშუალებასაც მოგვცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული