"მერანი" - წამსვლელები გაირკვა, ახლებზე ახალი არაფერია

AutoSharing Option
მარტვილის "მერანი" ხუთ ფეხბურთელს დაემშვიდობა - მცველებს, თორნიკე შალიკაშვილსა და ლევან ჭაფოძეს, ნახევარმცველებს, გიორგი მემარნიშვილსა და ჟოელ იატროს, თავდამსხმელ გურამ სამადაშვილს.

ამ ხუთეულიდან ძირითად შემადგენლობაში ყველაზე ხშირად 29 წლის მემარნიშვილი ხვდებოდა, რომელმაც საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა; 25 წლის სამადაშვილი უმეტესად შეცვლაზე თამაშობდა და 13 შეხვედრაში ითამაშა; 23 წლის ჭაფოძემ, 21 წლის შალიკაშვილმა და 23 წლის კოტდივუარელმა, იატრომ კი, შესაბამისად, 4, 2 და 2 მატჩში მიიღეს მონაწილეობა.

დიდი ალბათობით, იატრო კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს, ჭაფოძე კი "სამტრედიაში" გადავა. "მერანის"
ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დანარჩენი სამი ფეხბურთელისთვისაც ცდილობს ახალი კლუბის მოძიებას.

მარტვილელთა ახალწვეულების შესახებ კი ჯერ არაფერი თქმულა. როგორც "მერანის" მთავარმა მწვრთნელმა, მალხაზ ჟვანიამ გვითხრა, მოლაპარაკება რამდენიმე საკმაოდ ცნობილ და კვალიფიციურ ფეხბურთელთან მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე მათი ვინაობის დასახელება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

სამაგიეროდ, გარკვეულია შეკრების დაწყების თარიღი - "მერანის" მწვრთნელ-ფეხბურთელებს საახალწლო არდადეგები 8 იანვარს დაუმთავრდებათ და ერთკვირიან შეკრებას მარტვილში გაივლიან, 16 იანვარს კი ურეკში გადაინაცვლებენ.

ბუნებრივია, "მერანი" მოსამზადებელ ეტაპზე რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, მატჩების განრიგი ნაახალწლევს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, "მერანი" ჩემპიონატში გამოცხადებულ შესვენებას 29 ქულითა და მეხუთე ადგილით ხვდება, თუმცა უმაღლესი ლიგის დებიუტანტებს "ვირტუალურ" ცხრილში უკეთესი პოზიცია უკავიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული