სფფ-მ წელი შეაჯამა - ბევრნიშნა ევროები, ციფრები, ჯილდოები და ლიცენზიები

AutoSharing Option
გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2011 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, დამსწრეებს ფედერაციის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს და ღონისძიების ბოლოს სხვა საინტერესო მოვლენებიც ვიხილეთ.

სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ფედერაციის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალური ფინანსური ანგარიში წარმოგვიდგინა. მან, ამ პროექტების გარდა, 2011 წლის მთავარ საფეხბურთო მიღწევებად საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წარმატებული ასპარეზობა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში გასვლა დაასახელა.

სიჭინავამ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ჩვენს ნაკრებებს ელიტრაუნდში მოხვედრა უკვე წესად ექცათ და იმედი გამოთქვა, რომ მალე ფინალურ ეტაპამდეც
მიაღწევენ.

მნიშვნელოვან მოვლენად ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა სამწვრთნელო განათლების საქმეში წინგადადგმული ნაბიჯებიც მიიჩნია და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან საქართველოში ყველაზე მაღალი რანგის სამწვრთნელო სერთიფიკატი, პრო-ლიცენზია გაიცემა.

ტექნიკური ცენტრი ბასა
წლების წინ აშენებული ბაზა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამ ბოლო ხანსღა ემსახურება - მიზეზი ის არის, რომ "ბასას" ხან მოედანი არ უვარგოდა, ხან საცხოვრებელი კომპლექსი, ხანაც - ორივე ერთად.

წლეულს ტექნიკური ცენტრი კიდევ ერთხელ და, იმედია, საბოლოოდ გაიხსნა. ამჯერად არც ჩვენ და არც ფეხბურთელებს საპრეტენზიო არაფერი უნდა გვქონდეს, "ბასა" მართლაც პასუხობს ყველა თანამედროვე სტანდარტს. მისი სარეკონსტრუქციო სამუშაოები საერთო ჯამში 3 089 894 ევრო დაჯდა.

გაისად "ბასაზე" დამატებითი სამუშაოები ჩატარდება - მოედანთან ახლოს აშენდება დამატებითი გასახდელები, ტრიბუნა გადაიხურება და ბაზის გარე პერიმეტრზე ახალი ავტოსადგომი მოეწყობა. ყოველივე ამის ხარჯი 368 750 ევროა.

მიხეილ მესხის სტადიონი
ფედერაციამ მის კეთილმოწყობაზეც იზრუნა. შეგახსენებთ, "მიხეილ მესხი" უკვე სფფ-ის განკარგულებაშია და მრავალწლიანი შესვენების შემდეგ მასზე ეროვნული ნაკრებიც დაბრუნდა. მოედნის საფარის დაგება, მისი მონტაჟი და სამშენებლო სამუშაოები ჯამში 766 906 ევრო დაჯდა.

2012 წელს "მიხეილ მესხის" მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ავტოსადგომი მოეწყობა - გადახურული, 70-ადგილიანი და ღია, 150-ადგილიანი. სტადიონს გაუკეთდება ჰიდროიზოლაცია, მთლიანად შეიცვლება ინდივიდუალური სკამები, გამოიცვლება კანალიზაციის სისტემა, აშენდება დამატებითი ტუალეტები, გეგმაშია კაფეებიც, მოეწყობა მედიაცენტრი, სადაც ჟურნალისტებს ამჟამინდელზე გაცილებით უკეთეს პირობებს შეუქმნიან.

ყოველივე ამის ღირებულება 2 453 149 ევრო იქნება.

ლაგოდეხის ბაზა
"ბასა" საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის იქნება განკუთვნილი, სხვა ასაკობრივი ნაკრებები კი ლაგოდეხის საწვრთნელ ბაზაზე მოემზადებიან. მისი რეკონსტრუქცია ზაფხულში დაიწყო და პირველადი სამუშაოები 177 ათასი ევრო დაჯდა, თუმცა რეკონსტრუქციის ძირითადი ნაწილი წინაა - წყლის პრობლემა უნდა მოგვარდეს სასმელი და ტექნიკური წყლისთვის განკუთვნილი რეზერვუარებით, გარემონტდეს შენობის მეორე ნაწილი, მოეწყოს სასადილო და აუზი.

ლაგოდეხის ბაზის სრულყოფას 2 მილიონ ევრომდე დასჭირდება.

ფოთი, გორი, ქობულეთი
ამ სამი ქალაქის სტადიონების კეთილმოწყობა უკვე დაწყებულია და გაისად დასრულდება. თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქაც მოეწყობა. სამივე ქალაქის სტადიონის რეკონსტრუქცია ჯამში 1 045 000 ევრო ღირს.

მწვრთნელი
ჟურნალისტები
ფიფას არბიტრმა ლაშა სილაგავამ C კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიები გადასცა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით შარშან შესაბამისი კურსები გაიარეს. აღსანიშნავია, რომ მედიელებისთვის სემინარები უფასო იყო.

თარგამაძე და დვალი
სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენი გამოკითხვა ჩატარდა, სადაც დავით თარგამაძემ გაიმარჯვა, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად კი გულშემატკივრებმა ჯაბა დვალი მიიჩნიეს. თარგამაძე უკრაინაშია, დვალმა კი პრიზი პირადად ჩაიბარა.

ერთი ჩვენი კოლეგის რეპლიკა უნდა გაგიზიაროთ - პრიზად ჯაბას ეროვნული ნაკრების მაისურიც არ აწყენდა.

მედიაც დაფასდა
დაჯილდოვდნენ ჟურნალისტებიც. ფეხბურთის ფედერაციამ ოთხი მედიელის მუშაობა გამოარჩია. "ლელოდან" სანაკრებო ატრიბუტიკით სავსე სპორტული ჩანთა მერაბ მამულაშვილს გადასცეს, "მსოფლიო სპორტიდან" - ლაშა თაბაგარს, პირველი არხიდან - დავით მინაშვილს, ხოლო "რუსთავი 2"-დან - დიმიტრი ობოლაძეს.

* * *
დასასრულს სიჭინავამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში კიდევ შეგვხვდება და თემურ ქეცბაიასთან ერთად საქართველოს ნაკრების გეგმებზე გვესაუბრება. მალე ეროვნული ნაკრების პრესატაშეს ვინაობასაც შევიტყობთ.

გუშინდელი ღონისძიება საზეიმო გარემოში ჩატარდა და ბოლოსკენ დამსწრეებმა ერთმანეთს ბედნიერი შობა-ახალი წელი ფურშეტის თანხლებით უსურვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული