ქართული ფეხბურთის 2011 წელი

AutoSharing Option
რა მოხდა ქართულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი 2011 წელს და რას უნდა ველოდოთ 2012-ში - "ლელო" მომხდარი და სავარაუდოდ მოსახდენი ამბების ქრონიკას გთავაზობთ.

2011
29 მარტამდე და 29 მარტის შემდეგ
სწორედ ამ დღემდე გვქონდა იმედი, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდოდა, 29 მარტის შემდეგ კი ჩვენი იმედები ჯერ დაპატარავდა, შემდეგ კი საპნის ბუშტივით გასკდა.

29 მარტს თემურ ქეცბაიას გუნდი ისრაელში დამარცხდა, არადა, სამი დღით ადრე ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ეროვნულ სტადიონზე ხორვატიას სძლია და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე
დაუვიწყარი გამარჯვება გვაჩუქა.

თელ ავივში ჩვენი ნაკრების წელიწადნახევრიან წაუგებელ სერიას დაესვა წერტილი, რასაც უკვე ხანგრძლივი მოუგებელი პერიოდი მოჰყვა. წელიწადი მოლდოველთა ამხანაგურად დამარცხებით დავასრულეთ, მაგრამ ამან ვერ გადაფარა ის სიმწარე, რაც ჯგუფში ბოლოსწინა ადგილმა მოგვიტანა. საქართველოს ნაკრები ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურად ძლიერ გუნდად. სანამ ფინალურ ეტაპზე ვიფიქრებდეთ, ჯერ მალტის დარ მეტოქეებთან ორივე მატჩის მოგება უნდა ვისწავლოთ.
ხორვატიამდე კი ძალიან, ძალიან ბევრი გვიკლია.

გოგუა ოფსაიდში
ცალკე უნდა გამოვყოთ გოგიტა გოგუას ამბავი. ყველამ გაიგო, რომ იგი ნაკრებს მიღმა თემურ ქეცბაიასთან კონფლიქტის გამო დარჩა. ქომაგთა ნაწილის აზრით, ქეცბაია მართალი იყო, როცა მძიმე ხასიათის ფეხბურთელის მიმართ კომპრომისი არ დაუშვა, ზოგი კი ფიქრობს, რომ გოგუას გარეშე საქართველოს ნაკრები საგრძნობლად დასუსტდა.

შოკი ახალგაზრდულისგან
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ხორვატიაში გამარჯვებით დაიწყო, რასაც ესპანეთთან განცდილი ორი მარცხი და გუნდის მთავარი მწვრთნელის, ოთარ გაბელიას გადადგომა მოჰყვა. ესპანელებთან წაგება ვის გაუკვირდებოდა, მაგრამ საშინაო 2:7 მაინც ნამეტანი იყო. ჩვენმა ახალგაზრდულმა ამის შემდეგაც დაგვზაფრა, როცა სოსო ჭედიას ხელმძღვანელობით შვეიცარიაში 0:5 განადგურდა.

ზესტაფონმა მოსავალი მოიმკა
მრავალწლიანმა მიზანმიმართულმა შრომამ და სწორმა საკლუბო პოლიტიკამ "ზესტაფონი" პირველ ჩემპიონობამდე მიიყვანა. ეს კი მხოლოდ მინიმუმია იმ შესაძლებლობებისა, რაც ფეროელებს აქვთ - კლუბში მიმდინარე პროცესები მხოლოდ და მხოლოდ უკეთესი შედეგების მოლოდინით განგვაწყობს. უკეთესში კი, რა თქმა უნდა, ევროსარბიელზე წარმატებას ვგულისხმობთ.

"ზესტაფონი" ოდნავადაც არ ჰგავს ზოგიერთ უწინდელ ჩემპიონს, რომელთა სწორხაზოვანი და პრიმიტიული პოლიტიკა მხოლოდ "დღევანდელ კვერცხზე" იყო გათვლილი.

გაგრა, საქართველო
თუკი "ზესტაფონის" ჩემპიონობა არავის გაჰკვირვებია, გასული სეზონის ყველაზე სენსაციური ფაქტი "გაგრას" მიერ საქართველოს თასის მოპოვება იყო. პირველი ლიგის ბინადარმა ეს ტიტული სავსებით დამსახურებულად მოიპოვა და ევროპას შეახსენა, რომ "გაგრა" მხოლოდ და მხოლოდ ქართული კლუბი შეიძლება იყოს.

ლამაზი ზაფხული
იმ მოვლენათაგან ერთ-ერთი, რომლის ტკბილად გახსენებაც შეგვიძლია, ქართული კლუბების ევროტურნირებზე ასპარეზობაა. "ზესტაფონმა", "დინამომ", "მეტალურგმა" და "გაგრამ" კონტინენტზე ქართული ფეხბურთის სახელი არ შეარცხვინეს და მხოლოდ ისეთ კლუბებთან დამარცხდნენ, რომელთა ბარიერის გადალახვასაც კატეგორიულად ვერ მოვთხოვდით.

"ზესტაფონსა" და "დინამოს" სულაც ერთი ნაბიჯი დააკლდათ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე. დედაქალაქელები ბერძნულ აეკ-თან დამატებით დროში მიღებული ბურთით დამარცხდნენ, იმერლებმა კი ყველაზე დასანანი მარცხი ავსტრიული "შტურმისგან" იწვნიეს, რომლის ძლევის შემთხვევაშიც ევროპის ლიგის ჯგუფს ინაღდებდნენ და ჩემპიონთა ლიგაში შესვლის შანსსაც ინარჩუნებდნენ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმატებულმა ევროკამპანიამ იმის თქმის საფუძველი მოგვცა, რომ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის დონე შეიძლება მცირედით, მაგრამ მაინც მაღლდება და არც ისეა სიტუაცია, ზოგიერთ ქვეყანაში სათამაშოდ წასული ქართველები რომ გვიხატავენ, იქ უკეთესიაო. ფაქტია, რომ იმ ქვეყნების კლუბებმა ევროტურნირებზე ერთი ეტაპიც ვერ გადალახეს. სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ მეტისმეტი თვითგვემაც არ გვარგებს - ევროპაში ჩვენზე უარესი ლიგებიც არსებობს, თანაც არაერთი.

გეგუჩაძე წავიდა
"შტურმთან" წარუმატებლობას მომენტალურად მოჰყვა გია გეგუჩაძის მოულოდნელი განცხადება - "ზესტაფონის" თავკაცმა გადადგომის მიზეზად ავსტრიელებთან განცდილი მტკივნეული მარცხი დაასახელა, მალე კი "ტორპედოში" აღმოჩნდა. "ზესტაფონში" გეგუჩაძემ მყარი ფუნდამენტი დატოვა, რომელზეც გუნდს უკვე გიორგი ჭიაბრიშვილი აშენებს - წინამორბედზე არანაკლებ ხარისხიანად.

გარსია და სხვა ესპანელები
"დინამო" ესპანურ ყაიდაზე ზაფხულში გადაეწყო. ალექს გარსიასა და ოთხი მისი თანამემამულე ფეხბურთელით საქართველოს მრავალგზის ჩემპიონებმა ევროპის ლიგის სამი ეტაპი გაიარეს, შიდა ასპარეზზე კი საქმეები ცუდად მისდით. გარსიას ჯერ ვერ დაუმტკიცებია, რომ "დინამოს" აღზევება შეუძლია, მაგრამ მისი ნდობის მანდატი ჯერ არ ამოწურულა. თუმცაღა, არა გვგონია, ბარსელონელს მშვიდად ეძინოს - თუ "დინამომ" სეზონის მეორე ნახევარშიც იმავე "გრაფიკით" გააგრძელა ქულების დაგროვება, ბევრს ნამდვილად აღარ ადროვებენ.

ელიტაში შინაურები ვართ
წლებია, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდი აღარ გაუცდენია, ახლა კი მას 19-წლამდელებიც შეუერთდნენ და გაზაფხულზე ფინალურ ეტაპზე მოხვედრის უკვე ორი იმედი გვექნება.

ბასა ბოლოჯერ გაიხსნა
ეროვნული ნაკრების ბაზა ბოლო წლებში არაერთხელ გახსნეს, მაგრამ წლეულს პირველადაა, რომ "ბასა" ვარგისია იმისთვის, რომ გუნდმა იქ ერთდროულად იცხოვროს და ივარჯიშოს. მისი თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უდავოდ აქტივში უნდა ჩავუთვალოთ. ჩვენი ნაკრები აღარ კარგავს დროს სხვადასხვა სასტუმროებსა და მოედნებზე სიარულით.

სტადიონები და მოედნები
ესეც კიდევ ერთი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტი. ევროტურნირების მატჩები ჩვენმა კლუბებმა ეროვნული სტადიონის სამარცხვინო საფარზე ჩაატარეს და შემოდგომაზე ამ პრობლემას ოპერატიულად მოევლო. "მიხეილ მესხზე" კი უფრო საფუძვლიანი სამუშაოები ჩატარდა და მოედნის საფართან ერთად ხელი შენობასაც შეავლეს.

განახლება რეგიონებსაც შეეხო და საქართველოს არაერთი ქალაქის სტადიონებზე ახალი საფარი დაიგო, რაც ჩემპიონატის სანახაობრივ მხარეზე დადებითად უნდა აისახოს.

სახეცვლილი უმაღლესი
უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდაზე კამათი შეიძლება, ჩემპიონატის სისტემამ კი ცალსახად არ გაამართლა - გაუგებარია, რატომ უნდა ფასობდეს ერთ გუნდთან გამარჯვება 3 ქულად და მეორესთან მოგება არაფრად; ან რატომ უნდა უნულდებოდეს ქულები, ვთქვათ, 20-ქულიანსაც და 7-ქულიანსაც.

მოკლედ, ჩემპიონატის ფორმატი გადასახედია, უმაღლესი ლიგის ბინადართა რაოდენობამ კი 12-ს არაფრის დიდებით აღარ უნდა გადააჭარბოს.
და კიდევ - გუნდების რაოდენობის გაზრდა რომელიმე კონკრეტული გუნდის წარმატება-წარუმატებლობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული!

კობი - 100
საბერძნეთთან საშინაო მატჩი მე-100 გამოდგა ლევან კობიაშვილის სანაკრებო კარიერაში. მან საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსება 8 (!) შესარჩევ ციკლში დაიცვა და დიდი ალბათობით, მეცხრეშიც ითამაშებს. ასეთ შედეგს კი ქართველი კიდევ დიდხანს ვერ გაიმეორებს.

ლევანი თანაგუნდელებისთვის პროფესიონალიზმის მაგალითია - სოლიდური საფეხბურთო ასაკის მიუხედავად, ფორმის შენარჩუნებასაც ახერხებს და ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილსაც ინარჩუნებს.

გმადლობთ, კახა!
სად, როდის და რა ვითარებაში უნდა ეთქვა სათქმელი, ეს განსჯის თემა ნამდვილად არის, თუმცა კახა კალაძე დღეს ფეხბურთელია და არა პოლიტიკოსი. ძალიან სამწუხაროა, რომ მავანმა მისი ღვაწლი არაფრად ჩააგდო და ნაკრების კაპიტნისთვის მადლობაც ვერ გაიმეტა.

კალაძის სანაკრებო კარიერა სულაც არ ყოფილა იდეალური, მაგრამ ეროვნული გუნდისთვის თავი არასოდეს დაუზოგავს - არც მაშინ, როცა საერთოდ არ ეფეხბურთებოდა.
ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა!

საჩვენებელი და ზედაპირული
წლის ყველაზე დიდი სკანდალი გარიგებული მატჩების გამოვლენა და რამდენიმე ფეხბურთელისთვის სამუდამო დისკვალიფიკაციის მისჯა იყო. პირველად დადასტურდა ის ფაქტი, რაც ისედაც აშკარა იყო - საქართველოს ჩემპიონატებში "ჩაწყობილი" მატჩები ხშირად ტარდებოდა.

სამწუხარო კი ის არის, რომ ყოველივემ პიარის ელფერი მიიღო და ამ საქმეში ჩაღრმავების განსაკუთრებული სურვილი ვერავისგან დავინახეთ - ფარულ აუდიოჩანაწერებში მრავლად იყო ისეთი ფაქტი, რომელთა გამოძიების შემთხვევაში ქართული საფეხბურთო სამყარო სიბინძურეში გარეული კიდევ არაერთი ფეხბურთელისა და მწვრთნელისგან განიწმინდებოდა.

2012
როგორი იქნება შემოდგომა?
ჩვენს მთავარ სატკივრად ეროვნული ნაკრები რჩება და მთავარი კითხვაც მას უკავშირდება - შეძლებს ქეცბაიას გუნდი 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ტურნირის ყოჩაღად დაწყებას და იმდენი ქულის მოპოვებას, რომელიც ჯგუფიდან გასვლის თუ არა, მესამე ადგილის დაკავების შანსს შეგვინარჩუნებს?

სექტემბერში ესპანეთსა და ბელარუსს ვმასპინძლობთ, ოქტომბერში კი ფინეთსა და ბელარუსს ვსტუმრობთ.

რას ვიზამთ ელიტაში?
ზემოთ ჩვენი 17 და 19-წლამდელების წარმატების იმედი გამოვთქვით და აქაც გავიმეორებთ, რომ ფინალურ ეტაპზე მოხვედრისაც გვეიმედება.

ვინ გახდება ჩემპიონი?
ერთი შეხედვით, "ზესტაფონი", მაგრამ მაინც ნუ ვიჩქარებთ და ვნახოთ, როგორ ჩაატარებს სეზონის მეორე ნახევარს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და რას იზამენ მისი კონკურენტები.

რას ვიზამთ ევროპაზე?
ღმერთმა ქნას, 2012 წელს მაინც ახდეს ჩვენი ოცნება და ორი თუ არა, ერთი ქართული კლუბი მაინც ვიხილოთ ჯგუფში - ჩემპიონთა ლიგისა თუ არა, ევროპის ლიგის.

12 თუ მეტი?
მეტისთვის მხოლოდ კარგი მოედნები არ კმარა, ჯერ იმის ფუფუნებაც არ გვაქვს, რომ უმაღლეს ლიგაში 12 წელგამართული კლუბი გყავდეს და იმედია, ეროვნულ ჩემპიონატთან დაკავშირებით ექსპერიმენტები არ გაგრძელდება.

და ეგებ, მომავალ სეზონში მაინც ნიშნავდეს 3 ქულა 3-ს, 1 - 1-ს და 0 - 0-ს.

დინამო და ტორპედო
ორივეს ერთი რამ აერთიანებს - ჰყავს ახალი მწვრთნელი და აშენებს ახალ გუნდს. ოღონდ გეგუჩაძეს მეტი დრო აქვს, ვიდრე გარსიას. ვნახოთ, ვის რა გამოუვა 2012-ში.

ლევანი და ჯანო
ლევან ყენია როგორმე უნდა დაბრუნდეს მოედანზე და ძველებურად ათამაშდეს, ჯანო ანანიძემ კი ფორმა აღიდგინოს და შესაფერისი კლუბი მოძებნოს. დღეს ქართველ ქომაგს ყველაზე მეტად სწორედ ამ ორი ტალანტის ბედი ანაღვლებს, ნაკრების წარმატებაც დიდადაა დამოკიდებული ლევანისა და ჯანოს ჯანმრთელობასა და კონდიციებზე.

ნანატრი ტრანსფერი
ერთეულ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, ქართველ ფეხბურთელებს წლეულს საკუთარ კლუბებში საქმეები არცთუ სახარბიელოდ წაუვიდათ და ვისურვოთ, რომ 2012-ში უკეთ ათამაშდნენ - ეს ისევ ჩვენს ნაკრებს წაადგება.

და იქნებ, ჩვენებურის მონაწილეობით ერთი ხმაურიანი ტრანსფერი მაინც გაიჩარხოს - მსგავს ფუფუნებას დიდი ხანია, მოკლებულნი ვართ.

2012 წელს კიდევ ბევრი რამ მოხდება ან არ მოხდება, მთავარია, გაისად ამ დროს გასახსენებლად კარგი მეტი გვქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული