ბოლნისის "სიონი" - განახლება იწყება

AutoSharing Option
დღეს "სიონი" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას დაიწყებს, თუმცა საქმეში ჯერ ადგილობრივი კადრები ჩაერთვებიან. საქმე ის არის, რომ ბოლნისური კლუბის ახალი შემადგენლობა ჯერ არ გარკვეულა, ცვლილებები კი აუცილებლად იქნება, თანაც მრავლად.

რამდენიმე დღის წინ "სიონი" სამართავად ბოლნისის მუნიციპალიტეტს გადაეცა, რომელსაც დიდი გეგმები აქვს - "სიონი" უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლიდან ამბიციურ გუნდად უნდა გადაიქცეს და საამისო ნაბიჯების გადადგმას ახლავე აპირებს.

თუ ვინ დატოვებს "სიონს" და ვისით გაძლიერდება ლევან ბაჯელიძის გუნდი, ამას რამდენიმე დღეში შევიტყობთ. ასევე მალე გახდება ცნობილი ბოლნისელთა მზადების გეგმები და
სპარინგ-პარტნიორთა ვინაობაც.

შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტმა სეზონის დარჩენილი ნახევრისთვის "სიონის" ბიუჯეტად ნახევარი მილიონი ლარი განსაზღვრა, რაც სრულყოფილ მოსამზადებელ პროცესსაც უნდა ეყოს, ძლიერი ფეხბურთელების დამატებასაც და მათ ფინანსურ უზრუნველყოფასაც.

ვნახოთ, როგორ წარიმართება "სიონის" გაძლიერების პროცესი, დღეისთვის კი ბოლნისელები უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. თუმცა მეორე ეტაპს "სიონიცა" და მისი კონკურენტებიც ნული ქულით შეხვდებიან და უძლიერესთა შორის დასარჩენად მთავარი ბრძოლებიც მერე გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული