მედიისა და მწვრთნელთა რჩეული: დავით თარგამაძე, დიდი უპირატესობით

AutoSharing Option
კინოთეატრ "საქართველოში" საქართველოს 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ქართული საფეხბურთო სამყაროს საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი დაესწრო.

"ქომაგთა ლიგის" მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და უმაღლესი ლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა მიიღეს, დიდი უპირატესობით დავით თარგამაძემ გაიმარჯვა. მას ოქროსგან დამზადებული სპეციალური პრიზი გადასცეს, მეორეადგილოსან კახა კალაძეს ვერცხლის ჯილდო გადაეცა, მესამეადგილოსან ლევან კობიაშვილს კი - მოვერცხლილი.

თარგამაძე დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო და პრიზი პირადად ჩაიბარა, კობიაშვილი და კალაძე კი უკვე საკუთარი კლუბების განკარგულებაში არიან. ლევანის პრიზი მისმა ძმა არჩილმა
მიიღო, კახას კი ჯილდოს საკუთარი პრესსამსახურის უფროსი ოთარ ჩრდილელი გადასცემს.

22 წლის თარგამაძისთვის მიმდინარე წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. იგი უკრაინული "ოლექსანდრიას" ლიდერადაც ჩამოყალიბდა და საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც, რომლის რიგებში დებიუტი წელს ჰქონდა, შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა.

შეგახსენებთ, დათომ რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი დონეცკის "შახტართან" გააფორმა, სეზონის დარჩენილ ნაწილს კი იჯარით "ილიჩევეცში" გაატარებს.

"ძალიან გახარებული ვარ, დიდი მადლობა ყველას ვინც მე მხარი დამიჭირა. ვეცდები ქართველი ქომაგების იმედები გავამართლო", - განაცხადა თარგამაძემ.
ლევან ჯანეზაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული